დასავლეთის სანქციები = 40 მლრდ დოლარს, ნავთობის გაიაფება =100 მლრდ დოლარს - ორმაგი შოკი რუსეთის ეკონომიკისთვის
კაპიტალის გადინება, რუბლის სწრაფი გაუფასურება, საერთაშორისო ფინანსური ბაზრებიდან გამოძევება, ინფლაცია და ბიუჯეტზე ზეწოლა, ქვეყნის ეკონომიკის მკვეთრი შემცირება - ამ გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა რუსეთი 2014-2015 წლებში.
“საკმაოდ რთულია, გარკვევა, ზუსტად რამ მოახდინა გავლენა ამ მდგომარეობაზე - აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებმა, რომლებიც ქვეყანას ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში სეპარატისტი სამხედროების მხარდაჭერის გამო დაუწესდა, ნავთობზე ფასების მკვეთრმა დაცემამ, რომელიც რუსეთის ხელისუფლების შემოსავლის ძირითადი წყაროა, თუ მთავრობის მიერ მიღებულმა ეკონომიკურმა გადაწყვეტილებებმა”, - აღნიშნულია აშშ-ის კონგრესის კვლევითი სამსახურის საერთაშორისო ვაჭრობისა და ფინანსების სპეციალისტის, რებეკა ნელსონის კვლევაში “აშშ-ის სანქციები და რუსეთის ეკონომიკა”.
დოკუმენტში, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა, გაანალიზებულია რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა შეზღუდვების ამოქმედებამდე და მის შემდეგ, ასევე ქვეყნის სამომავლო პერსპექტივები, რომლითაც eugeorgia.info დაინტერესდა.
სანქციები
რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ ობამას ადმინისტრაციამ პირველად 2014 წელს მარტში განაცხადა, მომდევნო თვეებში კი ევროკავშირთან ერთობლივი მუშაობის შედეგად დამატებითი სადამსჯელო ღონისძიებები შემოიღო.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყებოდა, სანქციების მიზანია, “გაზარდოს რუსეთის პოლიტიკური იზოლაცია, ასევე ეკონომიკური საფასური დააწესოს პრეზიდენტ პუტინისა და მასთან დაახლოებული პირებისთვის მნიშვნელოვან სფეროებზე”.
- კონკრეტულად, აშშ-ის სანქციები ითვალისწინებს:
- რუსეთის მოქალაქეებისთვის ფინანსური აქტივების გაყინვასა და ტრანზაქციების აკრძალვას: საქმე ეხება ფინანსურ აქტივებს, რომლებიც აშშ-ის იურისდიქციაშია, ასევე ფინანსურ გარიგებებს აშშ-ის და “შავ სიაში” მოხვედრილ რუსეთის მოქალაქეთა შორის.აღნიშნულ სიაში კი არიან: რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, დეპუტატები, საქმიანი ადამიანები, ასევე კრემლთან დაახლოებული პირები.
- გარკვეული ორგანიზაციების ფინანსური აქტივების გაყინვასა და მათი ტრანზაქციების აკრძალვას: სანქციებში მოყვნენ რიგი რუსული კომპანიები, მათ შორის, “ბანკ როსია” (მას “პუტინის პერსონალურ ბანკად” მოიხსენიებენ), “ვოლგა ჯგუფი” (დამფუძნებელი პუტინის ახლობელია), “ალმაზ ანტეი” (სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სამხედრო კომპანია).
- შეზღუდვებს ფინანსურ ტრანზაქციებზე რუსული კომპანიებისთვის, რომლებიც ოპერირებენ წამყვან სექტორებში, მათ შორის, ფინანსურ სერვისებში, ენერგეტიკასა და თავდაცვაში: აშშ-ის მოქალაქეები, ან ორგანიზაციები ვერ გასცემენ აღნიშნულ კომპანიებზე ახალ სესხებს, რომელთა დაფარვის ვადა 30-90 დღეს აღემატება. შეზღუდვები ვრცელდება ისეთ წამყვან რუსულ კომპანიებზე, როგორიცაა, “როსობორონექსპორტი” (სახელმწიფო კომპანია, რომელიც იარაღის ექსპორტიორია), “როსნეფტი” (უმსხვილესი ნავთობმწარმოებელი რუსეთში), “როსტეკი” (თანამედროვე ტექნოლოგიებისა და თავდაცვის კონგლომერატი) და “სბერბანკი” (უმსხვილესი ბანკი).
- აკრძალვებს სპეციფიკური პროდუქტების ექსპორტზე რუსეთში: ა) აშშ-ს მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს ეკრძალებათ ისეთი პროდუქციის, სერვისებისა და ტექნოლოგიების ექსპორტი , რომლებიც ხელს უწყობს არქტიკის, ან შელფის ათვისებასა და მათი მეშვეობით ნავთობის მოპოვებას. ბ) აშშ-მ გაამკაცრა სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქტების რუსეთისთვის მიყიდვაზე არსებული შეზღუდვები.
ზემოაღნიშნულ სანქციებთან ერთად, 2014 წელს აშშ და სხვა ქვეყნები გამოვიდნენ “მსოფლიო ბანკისა” და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” მიერ რუსეთში ახალი პროექტების დაფინანსების წინააღმდეგ, რამაც ქვეყანა დამატებითი წნეხის ქვეშ მოაქცია.
ეკონომიკური ფონი რუსეთში და მიმდინარე ტენდენციები
ეკონომიკური სანქციები რუსეთს მაშინ დაუწესდა, როცა 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგები ქვეყანას ბოლომდე დაძლეული არ ჰქონდა.
2000-იან წლებში ნავთობზე მაღალი ფასების გამო რუსეთის ეკონომიკამ დიდი სარგებელი მიიღო, თუმცა, 2009 წელს ის მნიშვნელოვნად - 7,8%-ით - შემცირდა, მართალია, მომდევნო წელს ეკონომიკა 4,5%-ით გაიზარდა, თუმცა, ეკონომისტები აცხადებენ, რომ ფინანსურმა კრიზისმა და დაბალმა მაჩვენებლებმა რუსეთის ეკონომიკაში არსებული ფუნდამენტური პრობლემები წარმოაჩინა, მათ შორის,. დამოკიდებულება ნავთობისა და გაზის წარმოებასა და ექსპორტზე, რეფორმების აუცილებლობა გარკვეულ სფეროებში, მაგალითად, სახელმწიფო მართვაში, კორუფცია, რეგულაციები, პრივატიზაცია, კონკურენცია, საბანკო სექტორი და ა.შ.
სანქციები დაემთხვა ნავთობზე ფასების ვარდნას, რომელიც რუსეთის მთავრობის შემოსავლების მთავარი წყაროა. “შავი ოქრო” 2014-2015 წლებში, დაახლოებით, 60%-ით გაიაფდა. სსფ-ის ექსპერტები აცხადებენ, რომ ორმაგმა შოკმა, რუსეთის ეკონომიკა ისეთი გამოწვევების წინაშე დააყენა, როგორიცაა:
- ეკონომიკის შემცირება (2014 წელს - 0,7%-მდე, 2015 წელს კი -3,7%-ით);
- კაპიტალის გადინება (2014 წელს 152 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2013 წელს 61 მილიარდი დოლარი იყო);
- რუბლის სწრაფი დევალვაცია (2015 წელს დოლართან მიმართებაში 50%-ზე მეტით გაუფასურდა);
- ინფლაციის მაღალი დონე (2013-2015 წლებში გაიზარდა 6,8 %-დან 15,5%-მდე);
- ბიუჯეტზე ზეწოლა (2013-2015 წლებში საბიუჯეტო დეფიციტი 0,9%-დან 3,2%-მდე გაიზარდა);
- უცხოური სავალუტო რეზერვების გამოყენება ფისკალური პრობლემების აღმოსაფხვრელად (კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებიდან გაძევებასთან ერთად რუსეთის სავალუტო რეზერვების მოცულობა 2014 წლის დასაწყისიდან 2015 წლის ბოლომდე 500 მილიარდი დოლარიდან 368 მილიარდ დოლარამდე შემცირდა);
- სიღარიბის ზრდა (2015 წელს 3,1 მილიონიდან 19,2 მილიონამდე გაიზარდა, რაც საერთო მოსახლეობის 13,4%-ია).
როგორც კვლევის ავტორი აცხადებს, 2016 წლის განმავლობაში, რუსეთის ეკონომიკა შედარებით დასტაბილურდა, მიუხედავად იმისა, რომ სანქციები კვლავ ძალაში იყო. ამ პერიოდში ეკონომიკა მხოლოდ 0,8%-ით შემცირდა, კაპიტალის გადინებამ 2016 წელს 15 მილიარდი დოლარი შეადგინა, ინფლაციის დონე კი განახევრდა, 7,2%-მდე, რუსული რუბლი დასტაბილურდა, ხოლო მთავრობამ ახალი სახელმწიფო ბონდები საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე წარმატებით გაყიდა პირველად, სანქციების ამოქმედების შემდეგ.
რუსეთის ეკონომიკამ 2016 წელს ნავთობზე ფასების ზრდით (ბარელზე $30 -დან $50-მდე მიაღწია), სარგებელი მიიღო. გარდა ამისა, სსფ-ის მტკიცებით, სანქციებსა და ნავთობის გაიაფებისგან მიღებული შოკი გარკვეულწილად შეარბილა რუბლის თავისუფალ ცურვაში გაშვებამ და დასუსტებამ, რამაც, თავის მხრივ, ექსპორტს ხელი შეუწყო. საბანკო სექტორის კაპიტალისა და ლიკვიდურობის ინექციები, ასევე ნორმატიული რეგულაციები ბანკებს დაეხმარა, თავიდან აეცილებინათ რუბლის დევალვაციისა და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე არასტაბილურობით გამოწვეული საფრთხეები. ამასთანავე, დადებითად შეფასდა ფისკალური სტიმულირების შეზღუდვა, კერძოდ, სარეზერვო ფონდიდან საბიუჯეტო დეფიციტის დაფინანსება, რომელმაც 2016 წელს 3,7%-ს მიაღწია. უმუშევრობის დონე შედარებით შემცირდა, 5,6%-მდე, თუმცა, სიღარიბის დონე 14,6% -მდე გაიზარდა.
ამასთანავე, ამერიკელი ექსპერტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკა აღარ დგას მწვავე კრიზისის წინაშე, რუსეთს უცხოურ კაპიტალთან ხელი კვლავ შეზღუდულად მიუწვდება. Bank for International Settlements (BIS) -ის მიხედვით, რომელსაც ქვეყნები საბანკო მონაცემებს აწვდიან, უცხოური ბანკების მიერ გაცემული სესხები რუსეთის კერძო და საჯარო სექტორებში 2013 წლიდან 2016 წლამდე 225 მილიარდი დოლარიდან 103 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
ცხრილი 1.
უცხოური ინვესტიციები რუსეთის ეკონომიკაში, რომლებიც 2014 -2015 წლებში, პრაქტიკულად შეჩერდა, შარშან კვლავ გამოჩნდა, თუმცა, 2014 წლის მაჩვენებელს ვერ დაუბრუნდა.
ცხრილი 2.
სსფ-ის პროგნოზის მიხედვით, რუსეთის ეკონომიკა 2017 წელს მცირედ - 1,1%-ით - გაიზრდება, ხოლო 2018 წელს -1,2%-ით. თუმცა, ორგანიზაციის განცხადებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში რუსეთის ეკონომიკა წნეხის ქვეშ იქნება, მწარმოებლურობასა და ინვესტიციებზე სანქციების შედეგების გამო. მასზე არასასურველ გავლენას მოახდენს აგრეთვე “მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი სხვა სტრუქტურული პრობლემები, მათ შორის, ეკონომიკის სუსტი დივერსიფიკაცია, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაუცველობა, რთული ადმინისტრაციული პროცედურები, სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში, კორუფცია და დემოგრაფიის უარყოფითი დინამიკა (მოსახლეობის შემცირება და სამუშაო ძალის ჩართულობის შემცირება)”.
უცხოელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუბლის დაბალი ღირებულება ხელს შეუშლის რუსეთს ეკონომიკის მოდერნიზებასა და განახლებაში. ნავთობზე მუდმივი დამოკიდებულების გამო დაუცველი იქნება ნავთობზე ფასების მორიგი დაცემის შემთხვევაში.
სანქციების საფასური
ექსპერტებმა გამოიყენეს სტატისტიკური მოდელები, რათა დაეთვალათ დასავლური სანქციების შედეგები რუსეთის ეკონომიკაზე, სხვა ფაქტორებთან (მათ შორის, ნავთობის ფასთან) ერთად. სსფ მიიჩნევს, რომ რუსეთის მთლიანი წარმოება მოკლევადიან პერიოდში 1 %-დან 1,5%-მდე შემცირდა. სსფ-ის მოდელები აჩვენებს, რომ საშუალოვადიან პერიოდში სანქციების ეფექტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება და კლება 9%-ს მიაღწევს, კაპიტალის შემცირებისა და ტექნოლოგიური დეფიციტის ფონზე.
2016 წლის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ სანქციები არ არის მიმართული, მოკლე ვადაში რუსეთს ეკონომიკური “უფსკრულისკენ” უბიძგოს, არამედ გრძელვადიან ზეწოლაზე. 2014 წლის ნოემბერში რუსეთის ფინანსთა მინისტრი, ანტონ სილუანოვი მიიჩნევდა, რომ ეკონომიკური სანქციები ერთ წელიწადში რუსეთის ეკონომიკას 40 მილიარდი დოლარი დაუჯდა (მშპ-ის 2%), ხოლო ნავთობის ფასების შემცირება - 90-100 მილიარდი დოლარი (მშპ-ის 4-5%) . შესაბამისად, რუსი ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ფინანსური სანქციების შედეგად რუსეთის მშპ 2017 წელს 2,4%-ით შემცირდება. თუმცა, მათი ეფექტი 3,3 -ჯერ ნაკლები იქნება, ვიდრე ნავთობის ფასებიდან გამომდინარე შოკი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2016 წლის ნოემბერში აღიარა, რომ დასავლურმა სანქციებმა რუსეთი სერიოზულად დააზარალა, განსაკუთრებით, საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, თუმცა, შედარებით ნაკლებად, ვიდრე ენერგორესურსების გაიაფებამ.
2016 წლის დეკემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ეკონომიკურმა ოფისმა თავისი დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2014 წელს “შავ სიაში” მოხვედრილმა თუ მასთან ასოცირებულმა კომპანიებმა რუსეთში თავისი საოპერაციო შემოსავლების, დაახლოებით, ერთი მესამედი დაკარგეს, ერთი მესამედით - დაქირავებულები (სხვა არასანქცირებულ ორგანიზაციებთან შედარებით), მათი აქტივების ღირებულება კი განახევრდა.
წყარო: https://fas.org/sgp/crs/row/R43895.pdf
ბელა ნოზაძე
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.