ქართულ ჯარაზე აჭარის ველურ ბუნებაში გადაღებული დოკუმენტური ფილმი საერთაშორისო ფესტივალებზე წარსდგება
სტუდია EcoFilms-მა ქართული ტრადიციული მეფუტკრეობისა და მაღალმთიანი აჭარის ველური ბუნების შესახებპირველი დოკუმენტური ფილმი გადაიღო.
ერთსაათიანი ფილმი აჭარის ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ მთიანეთში ტრადიციული ქართული მეფუტკრეობის, მათ შორის, ქართული სკის - ჯარას - შესახებ მოგვითხრობს. ამავდროულად, ფილმში ნაჩვენებია ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების წესი და ტრადიციები (მაგ: ქემუსი, ხარების დაჭიდება და ა.შ.).
ჯარა, რომელიც აჭარის გარდა, თითქმის, აღარსად არის შემორჩენილი, მზადდება გრძელი მორის, ან ხის ანაძრობი დიდი ქერქისგან. ფილმის ერთ-ერთი მონაწილის, ომარ (სახელი გვარი) განცხადებით, მისი საშუალებით შესაძლებელია უფრო ნატურალური თაფლის მიღება, რადგან თანამედროვე სკისგან განსხვავებით, მეფუტკრეს ნაკლებად შეუძლია, ფუტკრის მოვლის პროცესში ჩაერიოს.
ფილმი ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა ტურიზმი სოფლად, სოფლის განვითარება და მთიანი აჭარის ეკოლოგიური ღირებულებების შენარჩუნება. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, ინგა შამილიშვილის, განცხადებით, ფილმი მაყურებლებს მაღალმთიან აჭარას განსხვავებული კუთხით დაანახებს და დაეხმარება რეგიონს ტურიზმის განვითარებაში.
„ჯარას“ პრემიერა გუშინ, 30 მარტს, თბილისში, კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა. ფილმის რეჟისორის, ნიკა წიკლაურის, განცხადებით, მომდევნო ჩვენება აპრილში ბათუმში იგეგმება, რის შემდეგაც ფილმი საერთაშორისო ფესტივალებზე წარსდგება.
“ჯარას“ გადაღებას დახმარება გაუწიეს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსმა“ (Mercy Corps), ასევე, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ, KfW განვითარების ბანკის დაფინანსებით, რომელიც აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის ეკოკორიდორებზე მუშაობს; ამასთანავე, პროექტის მხარდამჭერები და თანადამფინანსებლები არიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ადგილობრივი გარემოსდაცვითი ასოციაცია PSOVI, კომპანიები „ფუტკარა“ და „ეკო ტურს ჯორჯია“.