მონაცემთა ბაზის ანალიტიკოსის ხელფასი ევროპაში 50 ათას ევროს აღწევს - ნიშა ქართველი სპეციალისტებისთვის
სულ უფრო მეტი კომპანია ევროკავშირში მონაცემთა დიდი ბაზების, ე.წ. big data-ს დამუშავების სერვისს იყენებს. „მომავლის ინდუსტრიის“ მოცულობა, სადაც 6 მილიონი ადამიანია ჩაბმული, გაისად 6 მილიარდ დოლარს მიაღწევს. კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობის გამო, უკვე დიდი ხანია, ევროპული კომპანიები ახალ თანამშრომლებს განვითარებად ქვეყნებში ეძებენ. რა ნიშა შეიძლება დაიკავონ ქართველმა პროგრამისტებმა და რა უნდა გაითვალისწინონ ევროპელებთან თანამშრომლობისთვის, შესაბამისი რჩევები ჰოლანდიური ორგანიზაციის, „განვითარებადი ქვეყნებიდან იმპორტის ხელშეწყობის ცენტრის“ (CBI) კვლევის საფუძველზე eugeorgia.info-მ მოამზადა.
* * *
რა არის მონაცემთა დიდი ბაზა (big data)? - ეს ისეთი მონაცემებია, რომელთა დამუშავება სტანდარტული პროგრამებით საკმაოდ რთულია, ან, პრაქტიკულად, შეუძლებელი კომპანიებისთვის მისაღებ ვადაში.
მონაცემთა ბაზის ანალიზი ბიზნესის ყველა სფეროში მომუშავე კომპანიას სჭირდება. მის საფუძველზე შესაძლებლობა ეძლევა, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, აამაღლოს კომპანიის მწარმოებლურობა, განავითაროს ინოვაციური ტექნოლოგიები. მაგალითად, ონლაინ-გაყიდვების ვებგვერდებმა ანალიზის საფუძველზე შეიძლება, მიიღონ მომენტალური ინფორმაცია მომხმარებლების განხორციელებული შესყიდვების შესახებ, კლიენტების მოთხოვნას რეალურ დროში ფეხი აუწყონ, შესთავაზონ წამახალისებელი აქციები. წარმოების პროცესში შეფერხებების იდენტიფიცირებით მწარმოებელს შეუძლია, მნიშვნელოვანი თანხა დაზოგოს, მაგალითად, დაუგეგმავი რემონტით გამოწვეულ დანახარჯებზე (აღჭურვილობაში, ტექნოლოგიებში, მუშა-ხელზე).
მონაცემთა ბაზების დამუშავების ბაზარი ევროკავშირში
ევროკავშირი მონაცემთა ბაზების დამუშავების სერვისის სიდიდით მეორე ბაზარია მსოფლიოში ჩრდილოეთ ამერიკის შემდეგ, წლიური 7%-იანი ზრდით. მისი მოცულობა 2018 წელს 6 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. მართალია, ამ ეტაპზე ძირითადი მომხმარებლები მსხვილი კომპანიები არიან, თუმცა, შეიმჩნევა მცირე საწარმოების აქტიური დაინტერესებაც. მომხმარებელთა 70% კონცენტრირებულია გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში. მონაცემთა დიდ ბაზებს 2015 წელს, საშუალოდ, ევროპული კომპანიების 6% იყენებდა, 2020 წლისთვის მათი წილი 13%-მდე გაიზრდება. ყველაზე მაღალი მოხმარებაა: 1. ნიდერლანდებში (12%), დიდ ბრიტანეთში (11%), ირლანდიაში (10%), ლუქსემბურგში (9%), ბელგიაში, გერმანისა და საფრანგეთში (8%).
ციფრული სპეციალისტების ნაკლებობა
ევროკავშირის ქვეყნებში მონაცემთა ბაზებზე, დაახლოებით, 6 მილიონი სპეციალისტი მუშაობს, რომლებიც ინფორმაციებს აგროვებენ, ახარისხებენ და აანალიზებენ. ექსპერტების პროგნოზით, მათი რაოდენობა 2020 წლისთვის 7,1 მილიონამდე გაიზრდება, თუმცა, გამოცდილი ანალიტიკოსების პოვნა საკმაოდ რთულია: ინოვაციური ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების გამო შეიმჩნევა სპეციალისტთა დიდი ნაკლებობა, IT-კურსდამთავრებულების უნარები ხშირად არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს. 2020 წლისთვის ევროკავშირში დიდი ბაზების სპეციალისტების დეფიციტი 400 ათასს მიაღწევს.
თუმცა, მხოლოდ სპეციალისტების ნაკლებობის გამო არ ამჯობინებენ ევროპული კომპანიები მომსახურების ყიდვას განვითარებად ქვეყნებში. როგორც კვლევის ავტორებმა გამოთვალეს, ეს მათ ხარჯებს 64%-ით ზოგავს.
ფასწარმოქმნა
big data-ს დამუშავებისთვის ოთხი მთავარი პრინციპია (ე.წ. ოთხი V) გასათვალისწინებელი:volume -მონაცემების უზარმაზარი მოცულობა, მოწოდებული სხვადასხვა წყაროებიდან და ფორმებით; velocity -სიჩქარე - მათი შეგროვება და გაანალიზება სწრაფად, თითქმის, რეალური დროის პარალელურად; veracity - აკურატულობა და პროფესიონალიზმი, რომლის საფუძველზე მოიპოვება დამკვეთების ნდობა; დაბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი - value - მომსახურების ღირებულება.
ფასი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ფაქტორია, რომლის გამოც ევროპული კომპანიები მონაცემთა big data-ს სერვისის იმპორტს განვითარებადი ქვეყნებიდან ახორციელებენ. თანამშრომელთა ხელფასებს აღნიშნული მომსახურების თვითღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი უკავია. მაგალითისთვის, პროგრამისტის წლიური ანაზღაურება დასავლეთ ევროპაში 36 ათასიდან 50 ათას ევრომდე მერყეობს, განვითარებად ქვეყნებში კი შესამჩნევად დაბალია. ამიტომ ჰოლანდიელი ექსპერტები უცხოელ პროგრამისტებს ურჩევენ, ევროპის სამიზნე ქვეყნებში IT-დეველოპერების ხელფასებზე მოკვლევა ჩაატარონ, მაგალითად, Payscale -ის ხელფასების მონაცემთა გლობალური ბაზის მეშვეობით და მომავალ პარტნიორს მომსახურების ღირებულებაც ამის მიხედვით შესთავაზონ.
აღსანიშნავია, რომ ევროპული კომპანიები უპირატესობას ფასწარმოქმნის მარტივ ფორმას ანიჭებენ, მონაცემთა ბაზების დამუშავების სტანდარტულ კონტრაქტზე ფიქსირებული ფასები მათთვის მისაღებია, გამონაკლისია დამხმარე სერვისი, რომლის დროსაც ფასწარმოქმნა დამოკიდებულია სამუშაოს მოცულობასა და ვადაზე.
შენიშვნა: შესთავაზეთ ევროპელ დამკვეთს კონკურენტუნარიანი ფასები, თუმცა, არა სერვისის ხარისხის ხარჯზე. იყავით გამჭირვალე ფასწარმოქმნისას, დამალული ხარჯები თავიდან აიცილეთ, ეცადეთ, მომსახურებას ფიქსირებული ფასი დაადოთ.
მონაცემთა ბაზების დამუშავების ყველაზე მოთხოვნადი პროგრამები 2016 წლსთვის იყო: 1. SQL (57%) 2. Hadoop (49%) 3. Python (39%) 4. Java (37%) 5. R (32%) 6. Hyve (31%);
შენიშვნა: რასაც არ უნდა სთავაზობდეთ ევროპელ მომხმარებელს, პროცესში ბოლომდე უნდა ერკვეოდეთ, არ შესთავაზოთ ისეთი მომსახურება, რომლის გაწევაც არ შეგიძლიათ, შესაძლებელია თანამშრომლობის დაწყება მარტივი სერვისით- დიდი მონაცემების შეგროვებით და უფრო რთულ, ანალიტიკურ მომსახურებაზე შემდეგ გადახვიდეთ. მონაცემების შეგროვება ევროკავშირში სერვისის წამყვანი მიმართულებაა: ის შედარებით სტანდარტიზებულია და არ მოითხოვს რთულ ანალიტიკურ უნარებს. ამავე დროს, ხშირად, კომპანიებს ურჩევნიათ, ე.წ. „აუთსორსინგზე“ სწორედ ინფორმაციის შეგროვება გაიტანონ, საბოლოო ანალიზი თავად აწარმოონ.
მარკეტინგული არხები:
სერვისების ევროპელი პროვაიდერების სუბკონტრაქტრობა ყველაზე რეალისტური არხია ევროპის თანამედროვე ტექნოლოგიების ბაზარზე მოსახვედრად (სერვისპროვაიდერები, თავის მხრივ, სხვა მსხვილი კომპანიების კონტრაქტორები არიან).
შენიშვნა: აირჩიეთ ხელსაყრელი ბიზნესმოდელი: ან განავითარეთ მონაცემთა ბაზების ანალიზის საკუთარი სერვისი, ან მიაწოდეთ ეს სერვისი ევროპელ პარტნიორს. შეარჩიეთ მიზნობრივი სერვისის პროვაიდერი, რომლის მასშტაბები თქვენს შესაძლებლობებს შეესაბამება, ორიენტაცია აიღეთ კომპანიებზე, რომლებიც იმავე ინდუსტრიას წარმოადგენენ, როგორსაც თქვენ. ეს საშუალებას მოგცემთ, მათ ბიზნესკულტურაზე მეტი ინფორმაცია შეიტყოთ. ამათანავე, პოტენციურ პარტნიორებთან დასაკავშირებლად ძალიან კარგი საშუალებაა მონაწილეობა მიიღოთ, ან თვალი ადევნოთ ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა, მაგალითად, Big Data Innovation Summit (მონაცემთა დიდი ბაზების ინოვაციის სამიტი დიდ ბრიტანეთში, Big Data Spain (მონაცემთა დიდი ბაზები ესპანეთში) და CeBIT (გერმანიაში). დაუკავშირდით ინდუსტრიულ ასოციაციებს ევროპაში, მაგალითად, Bitkom-ს (გერმანია), Nederland ICT-ს(ნიდერლანდები), UKITA-ს (დიდი ბრიტანეთი); აგრეთვე,Global Sourcing Association-ს (დიდი ბრიტანეთი), Outsourcing Verband- (გერმანია),Platform Outsourcing-ს(ნიდერლანდები). საკუთარი კომპანიის უკეთ წარმოსაჩენად აქტიურად გამოიყენეთ შემდეგი სარეკლამო ხერხები: პროფესიონალურად განავითარეთ კომპანიის ვებ-გვერდი, შექმენით ბროშურა კომპანიის შესახებ, ინვესტიცია ჩადეთ დაძებნის სისტემებში, რათა პოტენციურმა კლიენტებმა ინტერნეტში თქვენი კომპანია იოლად იპოვონ.
უსაფრთხოება:
მონაცემთა ბაზის უსაფრთხოება ევროპული კომპანიებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, განსაკუთრებით, როცა მათ ანალიზს სხვა კომპანია ახორციელებს და ხელმისაწვდომი ხდება კონფიდენციალური ინფორმაცია, ამასთანავე, მონაცემთა ცენტრალიზებული ბაზები გაცილებით მოწყვლადია ჰაკერების თავდასხმების მიმართ.
ევროპული კომპანიები, ზოგადად, მიიჩნევენ, რომ ოფშორებში მონაცემთა დაცვა დაბალი ხარისხით ხდება. ევროკავშირში დღეს ინფორმაციას დაცულად, 28 წევრი- ქვეყნის გარდა, აღიარებენ ისლანდიაში, ლიხტენშტეინსა და ნორვეგიაში. მონაცემთა ბაზის დაცვის შესახებ კანონებს ადეკვატურად მიიჩნევენ ანდორაში, არგენტინაში, კანადაში, ისრაელში, ახალ ზელანდაში, შვეიცარიაში, ურუგვაში, ფაროსა და ბრიტანეთის კუნძულებზე. ასე რომ, მნიშვნელოვანია, პოტენციური ევროპელი ბაიერი დაწმუნდეს კომპიუტერული სერვისის პროგრამის უსაფრთხოებასა და დაცულობაში.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა 2016 წელს მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR, EU 2016/680) დაინფორმაციის დაცვის დირექტივა (Directive (EU) 2016/680) მიიღო, რომლის მიხედვით, ნებისმიერი კომპანია/ფიზიკური პირი, რომელიც ამუშავებს ინფორმაციას, თუნდაც, მისი საკუთრება არ იყოს, ვალდებულია მის დაცვაზე. ვალდებულება ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც ევროკავშირის გარეთ ფუნქციონირებენ.
შენიშვნა: მიაწოდეთ ზუსტი ინფორმაცია თქვენს კლიენტებს კომპანიის მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების შესახებ, ინვესტიცია განახორციელეთ უსაფრთხო, სანდო ინფრასტრუქტურაში, დანერგეთ შესაბამისი სტანდარტები, მაგალითად, ISO 27000- სერიიდან ინფორმაციის უსაფრთხოებაზე.
კონკურენცია
ევროპული კომპანიები ამჯობინებენ, მონაცემთა ბაზების დამუშავება ე.წ. აუთსორსინგზე საკუთარ ქვეყანაში გაიტანონ. თუ უცხოეთში ეძებენ პარტნიორებს, უპირატესობას ახლომდებარე ქვეყნებს ანიჭებენ ენებისა და კულტურული მსგავსების გამო. ძირითადად, აღმოსავლეთ ევროპა ურჩევნიათ, რადგან იქ შედარებით დაბალი ხელფასებია, მაგალითად, პოლონეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში. თუმცა, ბოლო პერიოდში მომსახურების ღირებულება ამ ქვეყნებშიც იზრდება, რაც მათ კონკურენტუნარიანობას ამცირებს. ე.წ. ოფშორულ ქვეყნებს შორის კი საინფორმაციო ტექნოლოგიების შრომით ბაზარზე ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს: ინდოეთს, ჩინეთს, მალაიზიას, ბრაზილიას, ინდონეზიას, ტაილანდსა და ფილიპინებს.
შენიშვნა: ოფშორინგის უარყოფითი შედეგების შესამცირებლად საჭიროა, დაამყაროთ კარგი კომუნიკაცია პარტნიორებთან, ასევე მოაგვაროთ განსხვავებული დროით გამოწვეული შეფერხებები, ჩამოაყალიბოთ სწორი მარკეტინგულიმესიჯი, რაგანმასხვავებელიუპირატესობაგაგაჩნიათ, კონკურენციაგაუწიეთარამხოლოდფასით, არამედ სხვასიკეთეებით: მაგალითად, სპეციალურიცოდნით იმ ინდუსტრიაში, რომელსაც შემკვეთი წარმოადგენს, ასევე 24/7-ზემომსახურებით.