ევროპულმა კომისიამ პროექტ „მერების შეთანხმების“ მეორე ეტაპი დაიწყო
2017 წლის მაისში ევროპულმა კომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში მუნიციპალიტეტების მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი მიზნად ისახავს „მერების შეთანხმების“ ხელმომწერი ქალაქებისთვის ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის პრობლემების მოგვარებას, კერძოდ შენობების შეკეთებას, თერმოიზოლაციის განახლებას, ქუჩების განათებას და ა.შ.
კონკურსის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის სულ 10 მილიონი ევრო გამოიყო, აქედან 5 მილიონი ევრო გადანაწილებულია უკრაინაზე, დარჩენილი 5 მილიონი ევრო კი - საქართველოზე, აზერბაიჯანზე, სომხეთზე, ბელარუსსა და მოლდავეთზე. თითოეულ პროექტზე მოთხოვნილი თანხის მინიმალური ოდენობა უნდა იყოს 500 ათასი ევრო, ხოლო მაქსიმალური - 1,5 მილიონი ევრო. პროექტის შეტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 30 ივნისი.
პროგრამა „მერების შეთანხება“ ევროკომისიის ინივიატივით 2008 წელს შეიქმნა. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივი და რეგიონალური ორგანოები ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას, გაზარდონ ენერგოეფექტურობის დონე და ხელი შეუწყონ ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებას. შეთანხმების ფარგლებში, მონაწილეებმა 2020 წლისთვის ნახშირორჟანგის (CO2-ის) ემისიები 20%-ით, ხოლო 2030 წლისთვის - 30%-ითუნდა შეამცირონ.
2011 წლიდან საქართველოს ქალაქებს შორის თბილისი „მერების შეთანხმების“ პირველი ხელმომწერი გახდა, 2012 წლიდან მას შეუერთდა რუსთავი, 2013 წლიდან - ზუგდიდი, 2014 წლიდან - ქუთაისი და ბათუმი, 2015 წლიდან - გორი, 2016 წლიდან - ბოლნისი, მცხეთა და თელავი, ხოლო 2017 წლიდან - ფოთი.
ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში „მერობის შეთანხმების“ მონაწილე პირებისათვის პირველი საგრანტო კონკურსი 2013 წელს გამოაცხადა, მისი დაფინანსების მოცულობამ კი 12 მლნ. ევრო შეადგინა. პროგრამის ფარგლებში სულ 8 გამარჯვებული გამოვლინდა: ბელორუსიასა და მოლდოვეთში - 6 პროექტი (სამ-სამი თითოეულ ქვეყანაში), საქართველოსა და სომხეთში 2 პროექტი (თითო-თითო პროექტი). საქართველოში 600 ათას ევრომდე მოცულობის დაფინანსება მიიღო ქალაქმა რუსთავმა. პროექტის მიხედვით, განხორციელდა სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია „ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტების მიღების და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“, უფრო კონკრეტულად კი, პროექტში მითითებულ 3 საბავშვო ბაღში მოხდა ცენტრალური გათბობის, მეტალოპლასმასის ფანჯრების, ენერგოეფექტური ნათურებისა და ცხელი წყლის მომარაგებისთვის მზის კოლექტორების მონტაჟი და ასევე გარე კონსტრუქციის დათბუნება.