რუსეთი სსრკ-ში ბრუნდება – მოსახლეობას სასურსათო ტალონებს დაურიგებენ
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ღარიბ რუსებს სასურსათო ტალონებს დაურიგებენ. თანხა, რომელსაც სოციალურად დაუცველი ყოველთვიურად მიიღებს, 63 ლარს შეადგენს და მხოლოდ 1 კგ ხორცის, 1 კგ ყველისა და 15 კგ კარტოფილის შესაძენად არის საკმარისი
მტკიცებულებების წარდგენა ტალონის მისაღებად
რუსეთის მთავრობამ საბჭოური პრაქტიკის აღდგენა გადაწყვიტა – მოსახლეობას სასურსათო ტალონებს დაურიგებენ. თანხა, რომელსაც ყოველთვიურად, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები რუსების ნაწილი მიიღებს, დაახლოებით, 1 500 რუბლია (63 ლარი მიმდ. კურსით). პროგრამის ამოქმედება 2018 წლიდან – საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე იგეგმება.
თანხა სპეციალურ პლასტიკურ ბარათებზე დაირიცხება და მას, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები 19,8 მილიონი მოქალაქიდან, დაახლოებით, 15 მილიონი მიიღებს. ბარათზე დარიცხული 63 ლარით სოციალურად დაუცველები რუსული პროდუქციის მკაცრად განსაზღვრული ჩამონათვალის შეძენას შეძლებენ.
რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ პროგრამა ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას შეუწყობს ხელს და სამომხმარებლო მოთხოვნას გაზრდის, ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ პროგრამის ამოქმედებას ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული სოციალური უკმაყოფილების გამო გეგმავენ.
სასურსათო ბარათის მისიღებად რუსეთის მოქალაქეს საჭირო დოკუმენტების წარდგენა და გასაუბრების გავლა მოუწევს. მან შესაბამის ორგანოებს უნდა დაუმტკიცოს, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა “მისგან დამოუკიდებელი, გარე” მიზეზების გამო აღმოჩნდა.
სასურსათო ბარათების მფლობელები მაღალი ხარისხის პროდუქციის შეძენას ვერ შეძლებენ – მათთვის მხოლოდ მეორე და მესამე ხარისხის პროდუქტები იქნება ხელმისაწვდომი.
“სახელმწიფო მუქთახორების რჩენას ნამდვილად არ აპირებს”, - აღნიშნულია რუსეთის საპარლამენტო გაზეთის სტატიაში.
გამოკითხვის შემაშფოთებელი შედეგები
სასურსათო ბარათების იდეამ რუსულ საზოგადოებაში დადებითი გამოხმაურება ჰპოვა. მიმდინარე წლის თებერვალში, ВЦИОМ-ის მიერ ჩატარებულიგამოკითხვისთანახმად, რესპონდენტთა 78% მსგავსი ტალონების შემოღებას მხარს უჭერს.
გამოკითხულთა 31% იმედს გამოთქვამს, რომ სასურსათო დახმარების პროგრამის მონაწილე გახდება, 26% კი აცხადებს, რომ სასურსათო ბარათის საჭიროებას განიცდის.
გამოკითხულთა 75% მიიჩნევს, რომ სასურსათო ბარათების პროგრამა საშუალებას მისცემს ღარიბ მოქალაქეებს, სრულფასოვნად იკვებონ, 56% კი შიშობს, რომ ბარათის მფლობელთა რაოდენობა მაქსიმალურად შეიზღუდება.
ამასთან, ყოველი მეორე რესპონდენტი (52%) მიიჩნევს, რომ ბარათით მხოლოდ დაბალი ხარისხის საკვები პროდუქტების შეძენა იქნება შესაძლებელი, 53% კი აცხადებს, რომ აღნიშნული პროგრამა რუსეთის ბიუჯეტისთვის ხარჯიანი იქნება.
მსოფლიო პრაქტიკა
უნდა აღინიშნოს, რომ ღარიბი მოქალაქეების მხარდაჭერის პროგრამები ბევრ განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს. მაგალითად, საფრანგეთში კანონმდებლობა უკრძალავს სავაჭრო ქსელებს, მოახდინონ საკვები პროდუქტების უტილიზება, რაც ასტიმულირებს ღარიბი მოსახლეობისთვის საკვების დარიგებას. აშშ-ში კი, 1961 წლიდან “პროდუქტების საშეღავათო შეძენის პროგრამა” (SNAP) მოქმედებს.
გასათვალისწინებელია განვითარებულ ქვეყნებსა და რუსეთში, სიღარიბის ცნების განსაზღვრა. მაგალითად, თუ რუსეთში შრომისუნარიანი მოსახლეობისთვის საშუალო საცხოვრებელი მინიმუმი 10 678 რუბლია (დაახლ. 400 ლარი მიმდ. კურსით), აშშ-ში ეს მაჩვენებელი 5-ჯერ მეტია, რაც ნიშნავს, რომ სოციალური დახმარების მიღება აშშ-ში იმ მოქალაქეს შეუძლია, რომლის შემოსავალიც თვეში 1 000 აშშ დოლარზე ნაკლებია. მსგავსი კრიტერიუმი რუსეთშიც რომ დაწესდეს, მაშინ ღარიბად მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჩაითვლებოდა.
ღარიბების რაოდენობის ზრდა რუსეთში
ВЦИОМ-ის სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, რომელიც მიმდინარე წელს ჩატარდა, რუსეთის მოსახლეობის, დაახლოებით, 67% - ანუ 98 მილიონი ადამიანი 2016 წელს საკვები პროდუქტების შესაძენად თანხებს ზოგავდა.
EUGeorgia.info წერდა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში რუსეთში მოსახლეობა, თითქმის, 13%-ით გაღარიბდა.
რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკის ფედერალური სამსახურის, როსსტატ-ის მონაცემებით, ყოველი მეშვიდე მოქალაქე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს – ეს მოსახლეობის 13,5%, ანუ 19,8 მილიონი ადამიანია.
რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ჯამბულატ ხატუოვის ინფორმაციით, დღეს რუსეთში, სოციალურ დაწესებულებებში,დაახლოებით, 25 მილიონი მოქალაქე იკვებება. სასურსათო ტალონების პროგრამის შემოღების შემთხვევაში, სახელმწიფოს ხარჯზე კვებას 44 მილიონი ადამიანი მიიღებს, რაც მოსახლეობის,თითქმის, 1/3-ია.
რუს მრეწველთა გაერთიანების, “რუსეთის საყრდენის” ვიცე-პრეზიდენტი პაველ სიგალი მოსაზრებას გამოთქვამს, რომ სასურსათო ტალონების პროგრამა “არ შეუწყობს ხელს სიღარიბის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას”, თუმცა დაეხმარება ბევრ ოჯახს, “შიმშილობა აიცილონ თავიდან”.
* სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს