ფილოლოგობიდან პარფიუმერამდე - როგორ წამოიწყო ქეთი ღოღობერიძემ მომგებიანი ბიზნესი
ფილოლოგმა ქეთი ღოღობერიძემ, რომელიც თბილისის ერთ-ერთი სკოლაში ასწავლის, სამი წლის წინ მისი პროფესიისთვის, ერთი შეხედვით, უჩვეულო საქმიანობა - საპნის წარმოება -წამოიწყო.
„ალერგია დამემართა, ამიტომ გადავწყვიტე, თვითონ დამემზადებინა საპნები და ნატურალური ინგრედიენტები გამომეყენებინა. ინტერნეტში უამრავი მასალა მოვიძიე, რთული აღმოჩნდა ისეთი რეცეპტის მოძებნა, რომელიც ნამდვილად სასარგებლო იქნებოდა კანისთვის. უკვე ვიცი კალკულაცია, რომელი ინგრედიენტი რა მოცულობით უნდა გამოვიყენო. თუ პროპორცია არ დაიცავი, შეიძლება, საპონმა კანი გამოგიშროს და დაგიწვას კიდეც. ფილოლოგი ვარ, მაგრამ ნივთიერებების შესახებ, რომლებსაც ვიყენებ, ალბათ, ზოგიერთ ქიმიკოსზე მეტ ინფორმაციას ვფლობ“,- აღნიშნავს ქეთი ღოღობერიძე.
არაერთ ცდას უშედეგოდ არ ჩაუვლია, პროდუქცია იმდენად ხარისხიანი გამოუვიდა, რომ საკუთარი თავისა და ახლობლების მომარაგების შემდეგ გადაწყვიტა, კომერციული სახეც მიეცა. დღეს BIOCARE-ს ბრენდით ქართულ საპონს აფთიაქების ცალკეულ ქსელებში, კლინიკებსა და ტურისტულ უბნებში, სუვენირების მაღაზიებშიც შეხვდებით.
„საქართველოს ბანკმა“ აქციის ფარგლებში 400-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადმოგვცა, მე კი წავედი და საპნის წარმოებისთვის სპეციალური ქვაბები და ინგრედიენტები ვიყიდე. ქარხნულისგან განსხვავებით, ჩემი პროდუქცია მთლიანად ნატურალური ნედლეულისგან მზადდება. ძირითადად, ქოქოსისა და ზეითუნის ზეთის ბაზაზე, თუმცა, დანამატების მიხედვით, 14 სახეობას ვაწარმოებ“, - აღნიშნავს ქეთი ღოღობერიძე.
საპონს თაფლის, ლავანდის, საფერავის, ევკალიპტის. შოკოლადის და გოგირდის წყლებისგანაც კი ამზადებს. მისი თქმით, „ტიფლისის აბანოები“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მომხმარებლებს შორის, წყალი სპეციალურად აბანოთუბნის აბანოებიდან მიაქვს. ერთი საპონი,რომლის მოცულობა, 100 გრამია, 5-6 ლარი ღირს.
„თავიდან რომ გავიტანე ქსელში, პროდუქციას ხალხს უფასოდ ვურიგებდი, რეკლამის ფული არ მქონდა და მომხმარებლის მოზიდვას ამ ხერხით ვცდილობდი. შემდეგ ჩემი საპნების მიმართ ინტერესი გაიზარდა. გამოყენებული ქოქოსის ცხიმის მიხედვით ვხვდები, რა მოცულობის პროდუქცია ვაწარმოე - პირველ წელს ერთი ყუთი გამოვიყენე, მეორე წელს ცხრა თვის განმავლობაში ორი, ანუ, მოთხოვნა გაორმაგდა. ბევრი მაინც ვერ ხვდება, რატომ უნდა გადაიხადოს ერთ საპონში 5 ლარი, მაგრამ სამაგიეროდ, მე მაგალითად, არ ვიყენებ კრემებს, რადგან ნატურალური საპონი კანს არ აშრობს. ვფიქრობ, მალე მომხმარებელიც გააცნობიერებს და მისი მოხმარების კულტურაც თანდათან გაიზრდება“, - აღნიშნავს მეწარმე.
ქეთი ღოღობერიძისთვის პერსპექტიული სეგმენტია უცხოელი ტურისტებიც, მათ მოსაზიდად მარკეტინგული ხერხი გამოიყენა.
„ქართველებს გვაქვს უნიკალური პროდუქცია, რომლებსაც ტურისტებს ჩამოსვლისას ვაცნობთ, მაგალითად, საფერავი, თაფლი და ა.შ. გადავწყვიტე, ამ პროდუქტებისგან დამზადებული საპნების ეტიკეტზე მოკლე ისტორია მიმეწერა- მაგალითად, რომ ქართულ ფუტკარს მსოფლიოში ყველაზე გრძელი ნესტარი აქვს და ამიტომ მისგან დამზადებული თაფლი განსაკუთრებულია. ეს საკმაოდ მიმზიდველია უცხოელებისთვის “, - აღნიშნა მეწარმემ.
ჯერჯერობით, საპნის წარმოება ქეთი ღოღობერიძის შემოსავლის ძირითად წყაროს არ წარმოადგენს, რადგან ნატურალური საპონი ნიშური პროდუქტია, ბაზარიც გარკვეულწილად შეზღუდულია. თუმცა, ფიქრობს, რომ წარმოების გაფართოებისა და ექსპორტზე გატანის ხარჯზე ბიზნესს გაფართოების პერსპექტივა აქვს.
„მჭირდება შედარებით დიდი შენობა, აგრეთვე მიწა, რომ ის მცენარეები მოვიყვანო, რომელიც საპნის დასამზადებლად მჭირდება და რომელიც საქართველოში მოდის, მაგალითად, ლავანდა, გვირილა და ა.შ. გარდა ამისა, როცა დიდი რაოდენობით ყიდულობ ნედლეულს, გაცილებით იაფად გაძლევენ, შესაბამისად, დანახარჯი ერთ საპონზე ნაკლებია. ეს საშუალებას მომცემს, ჩემს პროდუქციას უფრო დაბალი ფასი დავადო და მომხმარებლის უფრო ფართო ფენისთვის ხელმისაწვდომი გავხადო. ვფიქრობ, სახელმწიფო პროგრამაში მივიღო მონაწილეობა, რომელიც სტარტაპებს აფინანსებს“, - განაცხადა ქეთი ღოღობერიძემ.
„სკოლაში ვასწავლი და ბავშვებისგან ხშირად მომისმენია ჩივილი, რომ ამ ქვეყანაში ძალიან რთულია დახმარებისა და დიდი ფინანსების გარეშე საქმის წამოწყება... მე კი ვაჩვენებ, რომ ინტერნეტის ეპოქაში, შესაძლებელია მომგებიანი ბიზნესი გქონდეს, მთავარია, მოინდომო“, - აცხადებს მეწარმე.