რეფორმები მცირე ბიზნესის მდგომარეობას არ აუმჯობესებს
მცირე ბიზნესს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და შემოსავლების სამსახური განსხვავებულად განსაზღვრავენ. საქსტატის მიერ განხორციელებული ცვლილება ბიზნესის კლასიფიკაციის მეთოდოლოგიაში თავსებადია ევროკავშირის მეთოდოლოგიასთან. თუმცა, შემოსავლების სამსახური არ მიჰყვება ამ ცვლილებას, რაც მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებას ქვეყანაში მნიშვნელოვნად აფერხებს.
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ინდუსტრიული კომპონენტით ამ დრომდე 194-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. აქედან 127 მცირე, 39 საშუალო და 12 მსხვილი საწარმოა. ნიშნავს თუ არა ეს რომ სახელმწიფო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს? ერთი შეხედვით ჩანს, თითქოს სახელმწიფო პროგრამა წვრილ საწარმოებს აძლევს უფრო მეტ შესაძლებლობებს განვითარებისთვის. თუმცა, კლასიფიკაცია ცოტა ადრე რომ მოგვეხდინა ბენეფიციართა უმრავლესობა საშუალო და მსხვილ კატეგორიაში მოხვდებოდა და შესაბამისად, სურათი რადიკალურად შეიცვლებოდა. პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სტატისტიკური მიზნებისთვის საწარმოთა კლასიფიკაციის მეთოდოლოგია შეიცვალა, თუმცა დაბეგვრის თვალსაზრისით საწარმოთა კლასიფიკაციაში ცვლილებები არ იგეგმება. ამ ორ კლასიფიკაციის მეთოდს შორის განსხვავება ძალზე დიდია. მაგალითად, მცირე საწარმო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიის მიხედვით უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე საგადასახადო კოდექსის მიხედვით აღიარებული მცირე მეწარმის სტატუსი. შესაბამისად, რომელიმე პროგრამის განსხვავებული კლასიფიკაციით შეფასებისას ვღებულობთ სრულიად განსხვავებულ შედეგებს, რაც ართულებს მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისთვის სწორი პოლიტიკის შემუშავებას.
ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ექსპორტიორი კომპანიებიდან 16-მა ბენეფიციარმა ისარგებლა ინდუსტრიული კომპონენტით, რომელთაგან, უმრავლესობა ძველი მეთოდოლოგიის მიხედვით მსხვილი საწარმოს კატეგორიაში გადის. ახალი მეთოდოლოგიით სიტუაცია მკვეთრად იცვლება, და უმრავლესობა ბენეფიციარებისა წვრილი საწარმოს კატეგორიაში გადადის.
ექსპორტიორები, რომლებსაც ევროკავშირის ბაზარზეც გააქვთ თავიანთი პროდუქტი, აცხადებენ, რომ მათთვის სესხის აღება უპრობლემოდ მოხდა და მათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს საწარმოო პროცესი. ზოგიერთმა მათგანმა ძველი საწარმო განაახლა და ახალი მანქანა-დანადგარებით აღჭურვა, ზოგმა გააფართოვა წარმოება და ახალ საექსპორტო ბაზრებზეც გავიდა.
„გ.ბ. კონსალტინგი“ 2009 წლიდანაა ბაზარზე და ღვინისა და კონიაკის ცისტერნებს აწარმოებს. კომპანიამ “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 100 ათასი ევროს მოცულობის სესხი აიღო, რომელიც სპილენძის ფურცლების დასაჭრელი დანადგარის შესაძენად გამოიყენა. ამ დრომდე კომპანია უკვე დაჭრილ მასალას ყიდულობდა, რაც შედარებით ძვირი უჯდებოდა. “საბოლოოდ ექსპორტზე გადის, ღვინის და კონიაკის ცისტერნები, რომელსაც ღვინის ქარხნებს ვაწვდით. საერთო ჯამში იაფი გვიჯდება წარმოება და უკეთეს ფასში ვთავაზობთ კლიენტს და ექსპორტიც გვეზრდება” - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი ილია ხაჩიძე.
სააქციო საზოგადოება “თბილისის თამბაქომ” პროგრამის ფარგლებში 2015 წლის ბოლოს აიღო სესხი 340 000 ლარის ოდენობით, რისი საშუალებითაც განაახლა თამბაქოს წარმოების დანადგარები. “ახალი დანადგარები დაგვეხმარა საექსპორტო პროდუქციის წარმადობის გაზრდაში თუმცა, პრობლემა არის ის, რომ აქციზის გადასახადი ძალიან გაიზარდა და ჩვენი სიგარეტის ფასი თითქმის გაუთანაბრდა ფილიპ მორისის, მარლბოროს და სხვა ცნობილი ბრენდების ფასებს. შესაბამისად, მომხმარებელი ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას” - განაცხადა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა აბიბო მეგენეიშვილმა.
2015 წლის ბოლოს აიღო სესხი ფარმაცევტულმა საწარმომ ჯი-ემ-პი-მ. სესხის მოცულობა იყო 3,6 მლნ დოლარი, რისი საშუალებით მოხდა ქარხნის რეკონსტრუქცია. “საექსპორტო ბაზრები არ გაგვიფართოებია, თუმცა არსებული კლიენტების მხრიდან მოთხოვნა გაიზარდა და ამიტომაც დაგვჭირდა ქარხნის გადაიარაღება. შედეგად, როგორც ადგილზე ასევე ექსპორტზე რაოდენობები გაიზარდა” - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა მანანა კერესელიძემ. კომპანია ახლო მომავალში გაფართოებას და ახალი საწარმოო ხაზის გაშვებას გეგმავს. საწარმოს ძირითადი საექსპორტო ბაზრებია ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და მოლდოვა.
სამკერვალო კომპანია «იმერიც» ამ პროგრამის ბენეფიციარია, რომლის ფარგლებშიც 2016 წელს 315 ათასი ევროს მოცულობის სესხი აიღო. საწარმოს მთლიანი ფართობი 28 ათასი კვ.მ.-ია. კომპანია გერმანულ და იტალიურ ფირმებს ემსახურება, საიდანაც მოდის ნედლეული და მასალები, სამკერვალო კომპანიაში იკერება და ეგზავნება უკან დამკვეთს, რომელიც საბოლოო მომხმარებელზე ყიდის. “ამ თანხით ერთი შემკერი საამქრო აღვადგინეთ, რომელიც გაჩერებული იყო, შევიძინეთ საჭირო მანქანა-დანადგარები, ძველი დაცვის შენობაში გავაკეთეთ ახალი მაღაზია, საიდანაც ვყიდით მზა ნაწარმს, ავაშენეთ ახალი დაცვის შენობა, ეზოში გზა დავაგეთ და ცენტრალური გათბობის სისტემა დავამონტაჟეთ მთლიანად მთელს შენობაში” - განაცხადა კომპანიის მთავარმა ბუღალტერმა მაია დეისაძემ.
მსხვილი საწარმოების ხელშეწყობა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, როდესაც კომპანიები ექსპორტზე არიან ორიენტირებული. თუმცა, წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარება განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყნის ეკონომიკისთვის. უფრო მეტიც, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტიორი კომპანიების 54% სწორედ მცირე და საშუალო საწარმოს მიეკუთვნება. გარდა ამისა, წვრილი და საშუალო ბიზნესი უფრო მეტ ადამიანს ასაქმებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2017 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა 42% მცირე ზომის საწარმოებზე მოდის, 36% მსხვილზე ხოლო 22% საშუალოზე. რაც შეეხება ბრუნვების მიხედვით კლასიფიკაციას, მცირე საწარმოებს ასევე დიდი წილი უჭირავთ. კერძოდ, საწარმოთა ბრუნვების 31,5% მცირე საწარმოებზე მოდის, 43,9% მსხვილ, ხოლო 24,6% საშუალო საწარმოებზე.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ცვლილება შეიტანა საწარმოთა კლასიფიკაციის მეთოდოლოგიაში. თუმცა, საგადასახადო კოდექსში დაბეგვრის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით საწარმოები შემდეგნაირად განისაზღვრა:
მსხვილი ზომის საწარმოებს განეკუთვნება საწარმო, სადაც დასაქმებულთა საშუალოწლიური რაოდენობა აღემატება 249 კაცს ან საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა აღემატება 60 მლნ ლარს.
საშუალო ზომის საწარმოებს მიეკუთვნება ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა მერყეობს 50‐დან 250 კაცამდე, ხოლო საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა – 12 მლნ ლარიდან 60 მლნ ლარამდე.
მცირე ზომის საწარმოებს მიეკუთვნება ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 50 დასაქმებულს და საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა არ აღემატება 12 მლნ ლარს.
საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია სხვადასხვა სტატუსის მქონე საწარმოები, რომლებიც დაბეგვრის განსხვავებული რეჟიმით სარგებლობენ. საგადასახადო კოდექსის მიხედვით დაბეგვრის სპეციალური რეჟიმი ვრცელდება მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირზე. კოდექსის მიხედვით მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდანაც წლიური შემოსავალი არ აღემატება 30 000 ლარს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს. მიკრო მეწარმე იძულებულია ან საერთოდ არ გამოიყენოს დაქირავებული შრომა, ან დაასაქმოს ოჯახის წევრები ან არალეგალურად დაასაქმოს ხალხი. შემოსავლის ზედა ზღვარიც საკმაოდ დაბალია. თვეში საშუალოდ 2500 ლარის შემოსავალი მეწარმისთვის, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული ადვილი მისაღწევია. სტიმული, რომ მეწარმემ არ გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი, ამცირებს გაფართოებისა და გაზრდის სურვილს.
ამავე კოდექსის მიხედვით მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს რომლის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს. ამასთანავე, პირი რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მისი დამატებითი ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ოპერაციების თანხა აღემატება 100 000 ლარს, ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ს გადამხდელად. მცირე მეწარმის სტატუსის განმსაზღვრელი ზღვრებიც გადასახედია, რადგან სახეზე გვაქვს დიდი განსხვავება სტატისტიკური მეთოდოლოგიით განსაზღვრულ საწარმოს ზომებსა (ზედა ზღვარი: 12 მლნ ლარი) და დაბეგვრის მიზნებისთვის განსაზღვრულ საწარმოს ზომებს შორის (ზედა ზღვარი: 100 ათასი ლარი). შესაბამისად, რეალურად ნაკლები საწარმო სარგებლობს ამ სტატუსით, მაშინ როცა საწარმო რომელიც არ სარგებლობს შეღავათიანი დაბეგვრის სისტემით მაინც მცირე საწარმოს კატეგორიაში ხვდება სტატისტიკის მეთოდოლოგიის მიხედვით, რადგან ამას ემატება ის საწარმოები, რომელთა წლიური შემოსავალი აღემატება 100 ათას ლარს და ნაკლებია 12 მლნ ლარზე.
ევროსტატის მიხედვით, წვრილი და საშუალო საწარმოები (SMEs) ევროპული ეკონომიკის ხერხემლად მიიჩნევა, რადგან დასაქმებულთა დიდი წილი სწორედ წვრილ და საშუალო ბიზნესზე მოდის და ეკონომიკურ ზრდასაც დიდწილად ეს კატეგორია განსაზღვრავს. ევროკომისიის მიერ წვრილ და საშუალო ბიზნესად განისაზღვრება საწარმო, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა არ აღემატება 250 კაცს. (საქსტატის ახალი მეთოდოლოგიაც ასეთივეა) მათი წლიური ბრუნვა 50 მლნ ევრომდეა ან საბალანსო უწყისი არ აღემატება 43 მლნ ევროს. (კომისიის რეკომენდაცია, 6 მაისი, 2003). (შედარებისთვის: საქსტატის მეთოდოლოგიით 60 მლნ ლარი არის ზედა ზღვარი). ეს განსაზღვრება მნიშვნელოვანია ევროკავშირის დაფინანსების პროგრამებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში, კომპანიების 99%-ზე მეტს მცირე და საშუალო საწარმოები წარმოადგენენ, განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში კი მცირე და საშუალო საწარმოები საწარმოების მთლიანი რაოდენობის 90%-ზე მეტს შეადგენენ. თუმცა, მათი წილი მშპ-ში ზოგადად საკმაოდ დაბალია - ხშირ შემთხვევაში 20%-ზე ნაკლები.
Polityka Insight-ის კვლევის “მცირე და საშუალო საწარმოები პოლონეთში - დაბრკოლებები და განვითარება” მიხედვით, მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია პოლონეთში. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პოლონეთში ყველაზე დაბალია მცირე და საშუალო საწარმოთა წილი ერთ სულ მოსახლეზე და ასევე შედარებით ნაკლებია მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მთლიან შიდა პროდუქტში. კვლევის ავტორების მოსაზრებით, პოლონეთში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ბარიერების მოხსნა, რომლებიც ხელს უშლიან მეწარმეობის განვითარებას ქვეყანაში, განსაკუთრებით ეს ეხება საგადასახადო ადმინისტრირებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და დასაქმებულთა განათლებას. პოლონეთის მსგავსად საქართველოში რეგისტრირებული მცირე და საშუალო საწარმოებიც ანალოგიური პრობლემების წინაშე დგანან.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შემუშავდა“საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის”. იმპლემენტაციის პროცესის მონიტორინგი განხორციელდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეგულარული დიალოგის გზით. ამ სტრატეგიის მიზნებია:
- 2020 წლისთვის მცირე და საშუალო საწარმოების პროდუქციის გამოშვების ზრდა წლიურად საშუალოდ 10%-ით;
- 2020 წლისთვის მცირე და საშუალო საწარმოებში დასაქმებულთა ზრდა 15%-ით;
- 2020 წლისთვის მწარმოებლურობის ზრდა 7%-ით.
სტრატეგიის დოკუმენტშიც აღიარებულია, რომ “საგადასახადო კოდექსში გამოყენებული მცირე ბიზნესის განმარტება არ შეესაბამება სტატისტიკური მიზნებისთვის გამოყენებულ განმარტებას. მცირე და საშუალო საწარმოთა სწორი, რეალობას მორგებული განმარტების არქონის გამო საწარმოთა სტატისტიკური მონაცემები (რომელიც ამ განმარტებას ეყრდნობა) არ ასახავს საწარმოთა ზუსტ მაჩვენებლებს და შესაბამისად, ართულებს მიზანმიმართული პოლიტიკის/ღონისძიებების როგორც შემუშავებას, ასევე მათი გავლენის შეფასებას”. სტატისტიკური და დაბეგვრის მიზნებისთვის განკუთვნილი საწარმოთა კლასიფიკაცია რომ თანხვედრაში იყოს ერთმანეთთან გვექნებოდა უფრო რეალური სურათი საწარმოთა ანალიზისთვის. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ კონკრეტული პროექტის ბენეფიციარების ეფექტიანობა დამოკიდებულია თუ არა საწარმოს ზომაზე, სტატისტიკური კლასიფიკაციის მიხედვით. თუმცა, დაბეგვრის მიზნებისთვის განკუთვნილი კლასიფიკაციის მიხედვით თუ შევაფასებთ მივიღებთ განსხვავებულ სურათს. შესაბამისად, ვერ გამოვიტანთ კონკრეტულ დასკვნებს და ვერ შევიმუშავებთ რეკომენდაციებს.
ამგვარად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის კიდევ ბევრია გასაკეთებელი სახელმწიფოს მხრიდან. პირველ რიგში დაბეგვრის მიზნებისთვის განსაზღვრული კლასიფიკაცია უნდა დაუახლოვდეს სტატისტიკის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას და გვქონდეს რეალური სურათი, თუ რომელი საწარმო რომელ კატეგორიას მიეკუთვნება და ამაზე დაყრდნობით შემუშავდეს ხელშემწყობი პროგრამები. პროგრამა “აწარმოე საქართველოში” თავისი შინაარსით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზეა ორიენტირებული, თუმცა მნიშვნელოვანია ბენეფიციარების შერჩევისას აქცენტი გაკეთდეს არა მათ ზომაზე არამედ სხვა ინდიკატორებზე, მაგალითად, რა რაოდენობის დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის, რამდენჯერ გაზრდის საწარმოო სიმძლავრეებს და ა. შ.
ქეთი მელქაძე