ქართული მწვანილი, პომიდორი, ატამი და ვაშლატამა ყატარის სუპერმარკეტებში გამოჩნდა
რა პრობლემებს აწყდებიან ბიზნესმენები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე გატანისას
ბოლო ერთი კვირაა, ყატარის სუპერმარკეტებში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გამოჩნდა. საუბარია სხვადასხვა სახეობის მწვანილზე, პომიდორზე, ატამსა და ვაშლატამაზე. ბიზნესმენ გიორგი ჟღენტის ინფორმაციით, რომელსაც აღნიშნული პროდუქცია ყატარში ექსპორტზე გააქვს, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბულგარული წიწაკის, კარტოფილის, კომბოსტოს და სხვა პროდუქციის ექსპორტზე. ყატარის სუპერმარკეტებში 1 კგ ქართული მწვანილი, საშუალოდ, $2-დან $3 აშშ დოლარამდე ღირს.
«დღეში გაგვაქვს 1 100 კგ მწვანილი, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქსელებთან, ყატარის სხვადასხვა უწყებებთან და ასევე გაერთიანებულ საემიროებთან, სადაც პოტენციურად შესაძლებელია ამ პროდუქციის გატანა. ამ ეტაპზე ყატარში შეგვაქვს პომიდორი, ატამი და ვაშლატამა, ასევე დაუფასოებელი მწვანილი, თუმცა რამდენიმე ქართულ კომპანიასთან დაწყებულია მოლაპარაკებები, რომ ეს იყოს დაფასოებული, ჰერმეტულად შეფუთული პროდუქტი თავისი შტრიხკოდით», - ამბობს გიორგი ჟღენტი EUGeorgia.info-სთან საუბარში.
ყატარის ბაზარზე გასვლა ბიზნესმენმა პირადი კონტაქტებით მოახერხა: გაგზავნა პროდუქციის საცდელი პარტია, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ყოველდღე, ყატარში 1 ტონა პომიდორს, 250 კგ ატამსა და 250 კგ ვაშლატამას აგზავნის.
გიორგი ჟღენტი ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს კარგი შესაძლებლობა აქვს, ყატარის ბაზარზე თავი დაიმკვიდროს.
«როგორც იცით, ყატარი დღეს პოლიტიკურ ბლოკადაშია და მის წინააღმდეგ ემბარგოა დაწესებული. ძალიან კარგი პერიოდია, რომ ჩვენმა მწვანილმა და ზოგადად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციამ დაიმკვიდროს თავი არაბული ქვეყნების ბაზარზე. გემოვნური თვისებებით ქართული მწვანილი ძალიან მოსწონთ. მაგრამ არსებობს კონკურენცია დიდი ბრიტანეთიდან, რომელსაც, ჩვენთან შედარებით, ბევრად უფრო დალაგებული აქვს ლოგისტიკა და მიწოდება. თუმცა, ვახერხებთ, რომ ფასით გავუწიოთ კონკურენცია», - ამბობს ბიზნესმენი.
გიორგი ჟღენტის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საექსპორტო მოცულობის გაზრდაზე რამდენიმე მცირე ქსელთან ყატარში.
«თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რაოდენობის გაზრდა 10-ჯერ შეიძლება, დღეში 10-12 ტონამდე. თუმცა, აქ ჩნდება მოწოდების პრობლემა, რადგან ყველა ხილს აქვს თავისი მოკრეფის და შენახვის სპეციფიკა, რომ იყოს გამზადებული საექსპორტოდ და გზაში არ გაფუჭდეს. საექსპორტო რაოდენობა საქართველოში საკმაოდ პრობლემატურია და ფასები ძალიან არასტაბილურია, მიბმულია რუსულ ბაზარზე და იქიდან წამოსულ მოთხოვნაზეა დამოკიდებული. მაგალითად, მწვანილის ფასი ყოველდღიურად იცვლება და ცვლილების დიაპაზონი შეიძლება 500-600% იყოს», - განმარტავს ბიზნესმენი.
როგორც ის აღნიშნავს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ბევრ დამაბრკოლებელ ფაქტორს აწყდება.
«ძირითად პრობლემაა გლეხების გამოუცდელობა პროდუქტის საექსპორტოდ მომზადების კუთხით. გვქონდა შემთხვევა, როცა გლეხებმა მოგვაწოდეს პროდუქტი ისე, როგორც ის ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდებოდა. შემთხვევა იყო, როცა მოგვაწოდეს პოლიეთილენის პარკებში ჩალაგებული პროდუქცია (ბულგარული წიწაკა). საჭიროა, რომ ამ ხალხმა ისწავლოს, როგორ უნდა მოიკრიფოს, შეიფუთოს და მოხდეს პროდუქტის ტრანსპორტირება. მეორე პრობლემა, რასაც ჩვენ წავაწყდით, იყო ის, რომ რამდენიმე უწყება, რომლისგანაც გვჭირდებოდა საბუთების დამოწმება და ბიუროკრატიული პროცედურები საბაჟოს გასავლელად, შაბათ-კვირას არ მუშაობდა. თუმცა, ეს საკითხი გვარდება და სახელმწიფო უწყებები გვერდში დაგვიდგნენ იმ კუთხით, რომ მოგვცემენ საშუალებას, ადმინისტრაციული პროცედურები შაბათ-კვირასაც გავიაროთ. კიდევ ერთ შემაფერხებელ ფაქტორად ტარიფებს დავასახელებდი, რაც ნაკლებად კონკურენტუნარიანს ხდის ჩვენს პროდუქციას. ამ ტარიფების გათვალისწინებით, ჩვენი საექსპორტო პროდუქციის თვითღირებულება იზრდება», - განმარტავს გიორგი ჟღენტი.
პაატა გიორგაძე კიდევ ერთი ქართველი ბიზნესმენია, რომელიც ყატარში ქართული პროდუქციის ექსპორტის საკითხზე მუშაობს და ქართველ ბიზნესმენებს არაბულ ბაზარზე გასვლაში ეხმარება. გიორგაძე EUGeorgia.info-სთან საუბარში აღნიშნავს, ქართული კომპანიები, ამ ეტაპისთვის, პროდუქციის ექსპორტზე გასატანად მზად არ არიან და სახელმწიფოს მხრიდან მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ.
„ქართული საექსპორტო პროდუქცია კონკურენტუნარიანი არ არის. ყატარში ღიად მეუბნებიან, რომ ქართული პროდუქციის გემოც იციან და ხარისხიც, მაგრამ თურქეთს, ლიბანს უფრო იაფად შეაქვთ. ასე რომ, ქსელში ქართული პროდუქცია რომ შეიტანო, ამისთვის სახელმწიფოს ხელშეწყობაა საჭირო, იქნებ გაათავისუფლოს ადგილობრივი მეწარმე, რომელიც ექსპორტზე აპირებს პროდუქციის გატანას, ზედმეტი გადასახადებისგან, გაუმარტივოს პროცედურები, დღგ-ს გადასახადი მოუხსნას“, - ამბობს პაატა გიორგაძე.
ყატარი მსოფლიოს უმდიდრესი სახელმწიფოა. ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე $129 512 აშშ დოლარია და ამ მაჩვენებლით, ყატარს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია (ცნობისთვის, საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 3 852,5 აშშ დოლარია).
ენერგორესურსებით მდიდარ ყატარში მრეწველობის და მომსახურების სფეროებია წამყვანი, სოფლის მეურნეობა კი, მშპ-ს სტრუქტურაში მხოლოდ 0,1%-ს იკავებს. აქედან გამომდინარე, ყატარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უმსხვილესი იმპორტიორია.
ექსპერტთა აზრით, ყატარი ასევე, შესაძლოა გახდეს ერთგვარი “ტრამპლინი” სამომავლოდ ევროპის ქვეყნებში ექსპორტისთვის - ჩვენი ფერმერები ყატარის მაგალითზე ისწავლიან, როგორ მისცენ პროდუქციას “გაყიდვადი”, “მიმზიდველი” სახე და საბოლოოდ წარმოების ხარისხი ევროპის ხარისხის მოთხოვნებს მიუსადაგონ.