ფერმერები შხამქიმიკატების შეძენას შესაბამისი სერთიფიკატის გარეშე ვეღარ შეძლებენ
2020 წლიდან შესაბამისი განათლების დამადასტურებელი სერთიფიკატის გარეშე ვერც ერთი პირი ვეღარ შეძლებს შხამქიმიკატების შეძენას. სწორედ ამას ითვალისწინებს დირექტივა 2009/128, რომელიც მცენარეთა დაცვის საშუალებების მდგრადი გამოყენების პრინციპებს აწესებს. ამ დირექტივის ჩვენს კანონმდებლობაში გადმოტანის ვალდებულება საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აიღო. გეგმის მიხედვით, დოკუმენტის მიღება 2020 წლისთვის არის გათვალისწინებული. დღეს ყველა თანხმდება, რომ შხამქიმიკატების შეძენისა და გამოყენების რეგულირება ფიტოსანიტარიის სფეროში ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. ამ შემთხვევაში შესაბამისი ტრენინგების გავლა ასი ათასობით ადამიანს მოუწევს.
„ფიტოსანიტარიის საკითხებში ყველაზე მტკივნეულ თემად მივიჩნევ შხამქიმიკატების კონტროლის შემოღების აუცილებლობას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ შხამ–ქიმიკატების გამოყენების უფლება უნდა ჰქონდეთ მხოლოდ სერტიფიცირებულ მომხმარებლებს, ეს შეიძლება, იყოს ფიზიკური პირი ან ბიზნესი, რომლესაც გავლილი აქვს ტრენინგი, იცის უსაფრთხოების წესები და ასე შემდეგ. მხოლოდ მას შეეძლება შხამქიმიკატების შეძენა. ამას ითხოვს ევროკავშრის დირექტივა, რომელიც ჩვენ 2020 წელს უნდა გადმოვიტანოთ. ნებისმიერი ფერმერი ვეღარ შეძლებს, იყიდოს შხამ–ქიმიკატი, მან უნდა დაიქირავოს ის, ვინც პროფესინალურად შეწამვლა იცის“, – ამბობს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ლია თოდუა.
ასოცირების ხელშეკრულებით, 2020 წლისთვის შხამქიმიკატების კონტროლის მიმართულებით საქართველომ ვალდებულება აიღო, კანონმდებლობაში გადმოიტანოს ევროკავშირის რამდენიმე აქტი. მათ შორის, რეგულაცია, რომელიც შხამქიმიკატების ავტორიზაციისთვის საჭირო მონაცემების ჩამონათვალს ადგენს (რეგულაცია 284/2013) და შხამქიმიკატების ეტიკეტირების საკითხებს არეგულირებს (547/2011 რეგულაცია). საქართველოს კანონმდებლობაში ასევე უნდა გადმოვიტანოთ ზემოთაღნიშნული 2009/128 დირექტივა, რომელიც მცენარეთა დაცვის საშუალებების მდგრადი გამოყენების პრინციპებს ადგენს.
დირექტივა 2009/128/EC –ში ვკითხულობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეიმუშაონ სერტიფიცირების სისტემები, სადაც გათვალისწინებული იქნება ტრენინგები, რათა თითოეულ ადამიანს, რომელიც პესტიციდებს იყენებს, ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაცია, რა პოტენციური რისკები არსებობს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, ასევე რა შესაბამისი ზომების მიღებაა შესაძლებელი იმისთვის, რომ რისკები მაქსიმალურად შემცირდეს. ევროკავშირის თიოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა ტრენინგებზე, ყოველივე ეს კი უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერთიფიკატით. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრენინგის გავლის გარეშე ვერავინ შეიძენს და გამოიყენებს შხამქიმიკატებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პესტიციდებისა და აგროქიმიური საშუალებების სამმართველოს ხელმძღვანელის მარინა ღვინეფაძის განცხადებით, ეს არის კომპლექსური სამუშაო, რომლის წარმატებით შესასრულებლად აუცილებელია სხვადასხვა უწყების, კერძოდ ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების აქტიური მონაწილეობა.
„შხამქიმიკატების კონტროლი ძალიან რთული საკითხია, როგორ წარმოგიდგენიათ პრაქტიკაში? დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანია ჩართული სოფლის მეურნეობის სექტორში. ამისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს. როგორც კი მივიღებთ ამ დირექტივას, შედგება სახელმწიფო გეგმა, რომელსაც დაამტკიცებს მთავრობა, ეს იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს შესაბამისი სახსრები, რომ რეალურად განხორციელდეს. ამისთვის ჩვენ ხშირად მივმართავთ ინვესტორებს, დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ამაში თანხებს ჩადებენ“, – ამბობს ღვინეფაძე.
საქართველოში აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ბაზარზე განთავსება სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით რეგულირდება. კოდექსის 49-ემუხლის თანახმად: "აკრძალულია ისეთი პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის წარმოება, რეალიზაცია და გამოყენება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის რეგისტრირებული საქართველოში. "რეგისტრირებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ჩამონათვალი კი მოცემულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებების საფუძველზე: 1. "საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე", 2. საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე".
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებით სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს დაქვემდებარებული პროდუქციის წარმოება მხარეთა შორის შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. ასევე, ორივე მხარე ადამიანების, ცხოველების და მცენარეების ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულებას იღებს. შესაბამისად, ევროკავშირში რეგისტრირებული მცენარეთა დაცვის საშუალებები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში აღიარებულ საშუალებებს. სპეციალისტების შეფასებით დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დავიცვათ მომხმარებელი იმ პოტენციური ზიანისგან, რასაც შხამ–ქიმიკატების არასწორი გამოყენებას შეიძლება, მოჰყვეს.
„დღეს შხამქიმიკატების გამოყენება აბსოლუტურად არ რეგულირდება, სურსათის უვნებლობის სააგენტო ადგენს საქართველოში დაშვებული აგროქიმიკატების სიას და საბაჟო ამოწმებს, რომ ამის მეტი არაფერი შემოვიდეს, ხოლო შემდეგ როგორ გამოიყენებს ამას ფერმერი, იმ ნორმების დაცვით, როგორც აწერია თუ არა – რა პირობებით, რა პერიოდში, ეს, რა თქმა უნდა, დარღვეულია და ამ მიმართულებით მომხმარებელი დაუცველია. ზედმეტი დოზის გამოყენება დაუშვებელია, რადგან ზიანდება ნიადაგი, მომხმარებლის ჯანმრთლეობა, გარემო, ეს არის ძალიან სახიფათო ნივთიერებები და ასე უკონტროლოდ გაუშვა და ვინც რა უნდა, ის მოწამლოს, არ შეიძლება და ძალიან საშიშია“, – ამბობს ლია თოდუა.
როგორ ხდებოდა სხვადასხვა დროს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში შხამქიმიკატების შეძენისა და გამოყენების კონტროლის მექანიზმების შემუშავება? სოფლის მეურნეობის სამინისტროში არა ერთი სახელმწიფოს პრაქტიკას სწავლობენ, კონსულტაციებს უცხოელ სპეციალისტებთანაც გადიან. მარინა ღვინეფაძე გვეუბნება, რომ ერთ–ერთი საუკეთესო გამოცდილების თანახმად, შხამქიმიკატები რამდენიმე ჯგუფად უნდა დაიყოს.
„ეს ძალიან მტკივნეული საკითხებია. გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, გვიტარებენ ტრენინგებს, როგორ შეიძლება, წარიმართოს ეს პროცესი, როგორ უნდა შედგეს შესაბამისი გეგმა, ვინ უნდა იყოს ჩართული? არსებობს სხვადასხვა მიდგომა. ჩემი აზრით, ერთ–ერთი საუკეთესო პრაქტიკაა, რომ პრეპარატები გაიყოს სამ კლასად. მაგალითად, ცალკე იყოს შედარებით ტოქსიკური ნივთიერებები, რომლის გამოყენებაც შეეძლებათ მხოლოდ სპეციალურად დატრენინგებულ ადამიანებს. მესამე ჯგუფში კი, მაგალითად, იქნება ოჯახური მეურნეობები, სადაც ყველაზე ნაკლები რისკის შემცველი, პრაქტიკულად უსაფრთხო პრეპარატები შევა და მათი გამოყენება შეეძლებათ. თუმცა ოჯახურ მეურნეობებსაც უნდა ჰქონდეთ აუცილებლად შესაბამისი განათლება. სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატებისთვის განსხვავებული და შესაბამის დროში გაწერილი ტრენინგი იქნება სავალდებულო“, – აცხადებს ღვინეფაძე.
ლია თოდუა კი მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალია, თუ შხამქიმიკატების გამოყენება ბიზნესის საქმე იქნება.
„ალბათ ყველაზე რეალურია, რომ ეს იყოს ბიზნესის სფერო, ვიღაცებმა გაიარონ ტრენინგები და არც თუ ისე ძვირად გაუწიონ ეს მომსახურება ფერმერებს. რამდენჯერაც დასჭირდება გლეხს შეწამვლა, ის კი არ იყიდის პესტიციდს, არამედ დაიქირავებს შემწამლავს, რომელიც ამას პროფესიონალურად გააკეთებს“, – ამბობს ლია თოდუა.
პესტიციდების/შხამქიმიკატების მარეგულირებელი ევროპული კანონმდებლობის ქართულ კანონმდებლობაში გადმოტანა 2023 წელს დასრულდება. სწორედ ამ წელს არის დაგეგმილი ამ სფეროს მარეგულირებელი ძირითადი აქტის, 1107/2009 რეგულაციის გადმოტანა საქართველოს კანონმდებლობაში, რომელიც შხამქიმიკატების ბაზარზე განთავსების ძირითად პრინციპებსა და წესებს ადგენს.