გახდება თუ არა ქართული ავეჯის კლასტერი IKEA-ს მიმწოდებელი? - საქართველო “ბულგარეთის მოდელს” სწავლობს
ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორის, ეკონომისტისა და მკვლევრის მაიკლ პორტერის მიხედვით, კლასტერი ერთი რომელიმე დარგის ურთიერთდაკავშირებული კომპანიებისა და ინსტიტუციების გეოგრაფიული თავმოყრაა (პორტერი, 1998). კლასტერები მოიცავენ როგორც საწარმოო რესურსების, მანქანა-დანადგარების, სერვისების მიმწოდებლებს, ისე სპეციალიზებული ინფრასტრუქტურის პროვაიდერებს. ამას გარდა, ბევრ კლასტერში შედის სამთავრობო და სხვა ინსტიტუციები, მაგალითად, უნივერისიტეტები, კვლევითი ინსტიტუტები, პროფესიული გადამზადების ცენტრები, სავაჭრო და სხვა ტიპის ასოციაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ განათლებას, გადამზადებას, ინფორმაციის გავრცელებას, კვლევას და სხვა სახის ტექნიკურ დახმარებას.
პორტერის მიხედვით, დარგის წარმატებული კლასტერული განვითარებისთვის ოთხი ძირითადი წინაპირობა არსებობს:
• საწარმოო პირობები, რომელიც მოიცავს: ადამიანური და ბუნებრივი რესურსების არსებობას, სამეცნიერო და ინფორმაციულ შესაძლებლობებს, კაპიტალს, ინფრასტრუქტურას, რომლებიც აუცილებელია კონკურენციის შესაქმნელად. თუმცა, კლასტერის ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე უფრო გამარტივებული საწარმოო პირობებიც შესაძლოა საკმარისი იყოს, მაგალითად, ნედლეულზე ხელმისაწვდომობა, იაფი მუშახელი ან გეოგრაფიულად ხელსაყრელი გარემო.
• ადგილობრივი მოთხოვნის პირობები: ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტზე ან სერვისებზე მოთხოვნა შესაბამისობაში უნდა იყოს გლობალურ ბაზარზე მოთხოვნასთან;
• დარგთან დაკავშირებული და სერვისული ინდუსტრიები; ურთიერთდაკავშირებული არსებობა გავლენას ახდენს ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობაზე საერთაშორისო ბაზარზე. ეს მოიცავს, სპეციალიზებული აღჭურვილობის ადგილობრივ მწარმოებლებს, კომპონენტებსა და სერვისებს, რომლებიც ინდუსტრიის ინოვაციური განვითარების საფუძველია.
• კომპანიების სტრატეგია და სტრუქტურა, შიდა დარგობრივი და დარგთაშორისი კონკურენციის დონე.
კლასტერული განვითარებისთვის პერსპექტიული სექტორის გამოსავლენად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის: “მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA” ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა მთავრობის და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. მონაცემთა ანალიზისა და ექსპერტებთან უშუალო კონსულტაციების შედეგად აღმოჩნდა, რომ ავეჯის წარმოება ყველაზე მეტად მზადაა კლასტერული განვითარებისთვის. ამის შემდეგ მოხდა დაკავშირება ავჭალაში თავმოყრილ ავეჯის მწარმოებლებთან, ე.წ. “ხელოსანთა ქალაქთან”.
“ჩვენ გავესაუბრეთ ბევრ კომპანიას ამ ინდუსტრიაში იმისათვის, რომ გამოგვერკვია თუ როგორ მუშაობენ ერთად, ამჟამად როგორი იყო მათი კოოპერაციის დონე და სად ჰქონდათ პრობლემები. პირველივე ეტაპზე გამოიკვეთა, რომ დარგის განვითარებისთვის სასარგებლო იქნებოდა ავეჯის მწარმოებლებისა და დიზაინერების ერთობლივი მუშაობა”- განაცხადა პრეზენტაციაზე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის დირექტორმა კატია კამერერმა.
“ხელოსანთა ქალაქი” არის ავეჯის მწარმოებლების მიერ შექმნილი გეოგრაფიული აგლომერაცია, სადაც 4 ჰა ტერიტორიაზე ავჭალაში 170 ავეჯის კომპანია და თვითდასაქმებული ხელოსანია თავმოყრილი. ხელოსანთა ქალაქში მხოლოდ ავეჯის ინდუსტრიაში მოქმედ კომპანიას შეუძლია იყიდოს ან იქირაოს სივრცე. აქ წარმოდგენილი კომპანიების 65%-ში 10-ზე მეტ ადამიანია დასაქმებული.
“ხელოსანთა ქალაქელები”, რომლებიც კლასტერში გაწევრიანდნენ თავიანთ ძალებს აერთიანებენ ისეთი პრობლემების დასაძლევად, რომელთა მოგვარება ინდივიდუალურად არ შეუძლიათ. “ქართული ავეჯის კლასტერის” მთავარი ამოცანა კონკურენტუნარიანობის გაზრდაა მათ შორის, საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების დასაკავებლად. ქართული ავეჯის კლასტერის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
1. კლასტერის ორგანიზაციული განვითარება და შესაძლებლობების გაძლიერება;
2. კლასტერის კრეატიული სივრცის განვითარება;
3. კლასტერის ინტერნაციონალიზაცია
Eugeorgia.info კლასტერის 10-მდე წევრს გაესაუბრა, და გამოარკვია ავეჯის წარმოებაში არსებული პრობლემები. დარგის განვითარებისთვის მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორებად დასახელდა:
• არასაკმარისად კონკურენტული გარემო; კლასტერის წევრები ძირითადად უცხოეთიდან იმპორტირებულ მასალებს იყენებენ ავეჯის დასამზადებლად, ავეჯის მასალების იმპორტიორი კომპანიები ცოტაა ბაზარზე, და ავეჯის დამამზადებლებს არ აქვთ ფართო არჩევანი. გარდა ამისა, მეწარმეები უჩივიან ნედლეულის ხარისხს.
• მოუწესრიგებელი შრომის ბაზარი: კლასტერის გამგეობის თავმჯდომარის, ბესიკ ვერძეულის აზრით, ამ საკითხს სახელმწიფო ნაკლებად მოაგვარებს. იგი თვლის, რომ თუ არის მოთხოვნა კვალიფიციურ კადრზე, კერძო სექტორი უკეთ მიხედავს ამ პრობლემას და გაჩნდებიან გადასამზადებელი ცენტრები, რომლებიც კვალიფიკაციას აუმაღლებენ მუშებს
• პარტნიორის მოძიების, მათ შორის დიზაინერების და მეწარმეების კომუნიკაციის პრობლემა, ასევე რესურსის მიმწოდებლებისა და მეწარმეების კომუნიკაციის პრობლემა. კერძოდ, მეწარმეები არ არიან დაცულები როგორც მომხმარებლები. ავეჯის დამამზადებლების თქმით, ხშირია შემთხვევა, როდესაც მიწოდებული ნედლეული არასრულყოფილია და აკლია სხვადასხვა დეტალები ან აქვს ტექნიკური წუნი.
• ქართული პროდუქტის იმიჯის პრობლემა, რომელზეც კლასტერის წევრები თანხმდებიან, რომ დიდი შრომაა გასაწევი ამ მიმართულებით და კლასტერის მიზანიც სწორედ ქართული ავეჯის იმიჯის წინ წამოწევაა
• პროდუქციის დაბალი ხარისხი. როგორც კი ხარისხზე მოთხოვნა ჩნდება ეს პრობლემურია კლასტერის წევრებისთვის, რადგან მათი უმრავლესობა ნახევრადკუსტარულ დანადგარებზე მუშაობს და მაღალტექნოლოგიური დანადგარების დეფიციტი აქვთ.
ბულგარეთის გამოცდილება
ქართული ავეჯის კლასტერის მოდელი დაფუძნებულია კლასტერული განვითარების ბულგარულ გამოცდილებაზე, სადაც 10 წლის წინ პირველი კლასტერი შეიქმნა. ბულგარულ ავეჯის კლასტერში გაწევრიანებული არიან ექსპორტზე ორიენტირებული დიზაინერთა ჯგუფები, მწარმოებლები და ექსპორტიორები, დიზაინერთა ასოციაცია და სამი უნივერსიტეტი. მნიშვნელოვანია, რომ კლასტერის მიერ წარმოებული პროდუქციის 85% ექსპორტზე გადის. კლასტერში ამჟამად 3100 ადამიანია დასაქმებული. ბულგარული ავეჯის კლასტერი არის IKEA-ს მიმწოდებელი, ასევე მისი მთავარი კლიენტები არიან: Adidas, Shell, Coca-Cola, Tesco, Armani, Toyota, Loreal, Hilton, Marriott.
საქართველოში სპეციალური მოწვევით იმყოფება კლასტერული განვითარების საერთაშორისო ექსპერტი, Ligna Group-ის მმართველი დირექტორი, ჯენოვევა ქრისტოვა, რომელიც ქართული ავეჯის კლასტერის შექმნაში კონსულტაციებს უწევს კლასტერის გამგეობას. პროექტის ფარგლებში ქართველი ავეჯის მწარმოებლებს ჰქონდათ 2 ვიზიტი გერმანიასა და ბულგარეთში იმისათვის, რომ გაცნობოდნენ იქაური წარმოების სტანდარტებს და აემაღლებინათ კვალიფიკაცია.
ევროპაში 2000 კლასტერია რეგისტრირებული, რომელთაგან 150 არის მსოფლიო კლასის კლასტერი, მათი ზომების, სპეციალიზაციის, პროდუქტიულობისა და ინოვაციების გათვალისწინებით. კვლევებმა აჩვენა, რომ დასაქმება 10%-ზე მეტად გაიზარდა კლასტერში გაწევრიანებული ფირმების 33,3%-ში, ხოლო კლასტერის გარეთ არსებული კომპანიების მხოლოდ 18,2%-ში.
საქართველოში ამჟამად 10 მლნ დოლარის ავეჯი იწარმოება. საქსტატის მონაცემებით 2017 წლის იანვარ-სექტემბერში 1 709 213 აშშ დოლარის ღირებულების ავეჯი გავიდა ექსპორტზე. არის რამდენიმე ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელთაც ქართული ავეჯი ევროკავშირის ბაზარზე შეიტანეს. მაგალითად, „ჯორჯიან პროდაქტსი“ ცხოველების 25-ზე მეტი სახეობის ავეჯს აწარმოებს და ევროპის არაერთ ქვეყანაში ყიდის. ასევე „მადერა ჯორჯია“, მეორადი ხის მასალისგან ავეჯსა და სხვა მასალებს აწარმოებს, და ჰოლანდიაში გააქვს ექსპორტზე. ეს მართალია ერთეული შემთხვევებია, თუმცა კლასტერული განვითარებით შესაძლებელია დარგის ინტერნაციონალიზაცია და ევროკავშირის ბაზარზე თავის დამკვიდრება.
წყაროები:
Porter, M., “Clusters and the New Economics of Competition”, Harvard Business Review, November–December 1998
Yurii B. Mindlin, Boris M. Zhukov, Victoria V. Prokhorova, Fedor V. Shutilov, Elena O. Belova, “Main Stages of the Formation of an Economic Cluster”, International Journal of Economics and Financial Issues, 2016, 6(S1) 261-265.
Genoveva Christova, Georgian Furniture Cluster: The New Force in Georgian Economy, საპრეზენტაციო მასალა, 2017