2017 წელს გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში საქართველო 4 საფეხურით ჩამოქვეითდა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)-ის მიერ საქართველოსთვის მომზადებულ სტრატეგიაში იდენტიფიცირებულ გამოწვევებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ინოვაციების დაბალ დონეს ქვეყანაში:
“საქართველო ჩამორჩება თავის საინოვაციო პოტენციალს, როგორც დაბალი ინოვაციური კულტურის გამო კომპანიის დონეზე, ასევე დაბალი განვითარების საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის ინფრასტრუქტურის გამო”-აღნიშნულია სტრატეგიაში.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ როგორია ქვეყანაში ინოვაციების დონე და განვითარების ტემპები, რაზეც გარკვეულ სურათს იძლევა გლობალური ინოვაციის ინდექსი. ინდექსის მიხედვით საქართველო 34,4 ქულით 127 ქვეყანას შორის 68-ე ადგილზე აღმოჩნდა. გლობალური ინოვაციის (GII) ინდექსი 81 ინდიკატორისგან შედგება, რომლებიც შემდეგ ჯგუფებში ერთიანდება: ინსტიტუტები, ადამიანური კაპიტალი და კვლევა, ინფრასტრუქტურა, ბიზნესის განვითარების დონე, ბაზრის განვითარების დონე, ცოდნა და ტექნოლოგიები, შემოქმედებითობა.
ინდექსის ისეთ მაჩვენებლებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო ძლიერ ჩამორჩება მოწინავე სახელმწიფოებს პირველ რიგში უნდა განვიხილოთ ბიზნესის განვითარების დონე, რომლის მიხედვითაც, საქართველო 127 ქვეყანას შორის 101-ე ადგილზეა. ანგარიშის მიხედვით ფირმების მხოლოდ 10,5% თავაზობს ფორმალურ ტრენინგებს (სამუშაოსთან დაკავშირებულ სწავლებას) და ამ მაჩვენებლით ქვეყანა 89-ე ადგილზეა. უნივერსიტეტის/ინდუსტრიის კვლევითი თანამშრომლობის მიხედვით ქვეყანა 107-ე პოზიციაზეა, ხოლო კლასტერული განვითარების მდგომარეობით 111-ე ადგილზე. ინტელექტუალური საკუთრების გადასახადები მთლიანი ვაჭრობის 0,1%-ს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ქვეყანა 101-ე ადგილზეა.
განათლებაზე გაწეული ხარჯები მშპ-ს მხოლოდ 2%-ს წარმოადგენს და ამ მაჩვენებლით ქვეყანას 114-ე პოზიცია უჭირავს, ხოლო კვლევასა და განვითარებაზე(R&D) გაწეული მთლიანი ხარჯები მშპ-ს 0,1%-ა და ამ მაჩვენებლით ქვეყანა 104-ე ადგილს იკავებს რეიტინგში. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის კომპონენტს, ლოჯისტიკის ინდექსის მიხედვით 118 პოზიციაზეა. შემოქმედებითობის კომპონენტის ერთ-ერთი ქვეპუნქტის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა (ICT) და ორგანიზაციული მოდელის შექმნის მიხედვით საქართველო 107-ე ადგილზეა.
პროექტ “სტარტაპ საქართველოს” საინვესტიციო ოფიცერი გიორგი ლომიძე გლობალური ინოვაციის ინდექსში პოზიციების გაუარესებას ქვეყნის შიდა პროცესებს არ უკავშირებს, და მისი აზრით შესაძლოა სხვა ქვეყნებმა ბევრად გააუმჯობესეს ამ ინდექსის შემადგენელი კომპონენტები.
“ეს სფერო ახალია საქართველოსთვის, ჩავთვალოთ რომ სტარტაპია ქვეყანა ამ კუთხით, პროცესები ვითარდება დინამიურად, უბრალოდ ჯერ ძალიან ახალია და აქედან გამომდინარე ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენი პროექტიც ეხმარება სტარტაპ გარემოს გაუმჯობესებაში, რომელიც მერე საშუალებას მისცემს ძალიან ბევრ სტარტაპებს და ვენჩურულ კაპიტალს, რომ შემოვიდეს ქვეყანაში და განვითარდეს”- აცხადებს გიორგი ლომიძე.
პროექტ “სტარტაპ საქართველოს” ფარგლებში ჯამში როგორც ინოვაციური, ისე მაღალტექნოლოგიური მიმართულებით 85 ბიზნეს იდეა არის დაფინანსებული. გიორგი ლომიძის ინფორმაციით აქედან ბევრი უკვე ბაზარზეც გამოვიდა. მაგალითად, პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ, “აგროპარკმა” ვადაზე ადრე მოახერხა დაებრუნებინა ინვესტიცია, რადგან პროექტი წარმატებული აღმოჩნდა. აგროპარკით უცხოელი ინვესტორები დაინტერესდნენ და მოლაპარაკებების პროცესი თითქმის დასრულებულია. იგეგმება, რომ აფრიკის ქვეყნებში გამოიყენონ ეს მოდელი. კომპანიამ იპოვა ისეთი ინვესტორი, რომელმაც გაცილებით მეტი თანხის ინვესტირებაზე გამოთქვა სურვილი.
ქვეყანაში ინოვაციების განვითარებისთვის და სტარტაპ ეკოსისტემის გასაუმჯობესებლად გიორგი ლომიძე მიიჩნევს, რომ აუცილებლად საჭიროა კერძო სექტორის მეტი გააქტიურება და კომუნიკაციების გაძლიერება:
“სტარტაპ გარემოს ფონის გაუმჯობესებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფრის ხალხამდე მიტანას, მეტი აქტიურობაა საჭირო მედიასა და სოციალურ ქსელებში. ხალხს უნდა გავაგებინოთ, რომ ესეთი პროექტები არსებობს ქვეყანაში”- აცხადებს გიორგი ლომიძე.
საკონსულტაციო კომაპნია "სტარტ ბიზნეს სოლუშენის" დამფუძნებელი და პროექტ “Startup მარანის” საორგანიზაციო გუნდის წევრი, ჯაბა ბურჯალიანი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში სტარტაპები ძირითადად ლოკალურ ბაზარზე ახდენენ გათვლას და ასევე წარმატებული სტარტაპების წილი ძალიან დაბალია, რაც შესაძლოა აისახებოდეს ინოვაციის ინდექსის რეიტინგში:
“ჩვენი სტარტაპები ძირითადად ლოკალურია. მაგალითად ისრაელში სტარტაპები გათვლებს აკეთებენ მსოფლიო ბაზრისთვის. ასევე, წარმატებული სტარტაპების წილი ჩვენთან საკმაოდ დაბალია, განსაკუთრებით ინოვაციური სტარტაპების მიმართულებით. სულ რამდენიმე სტარტაპია ბოლო წლებში შექმნილი, რომლებზეც შეიძლება ითქვას რომ წარმატებულია”- აღნიშნა ჯაბა ბურჯალიანმა.
ჯაბა ბურჯალიანი ასევე აღნიშნავს, რომ ტექნოპარკის შექმნა გასულ წელს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა, ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ამ წელს გლობალური ინოვაციის ინდექსში საქართველო 9 პოზიციით დაწინაურდა. ინოვაციური სტარტაპების 90% გენერირდება თბილისში და რეგიონული მოცვა საკმაოდ დაბალია. ბურჯალიანის აზრით, იმისათვის, რომ ქვეყანა ინოვაციურობის თვალსაზრისით განვითარდეს სახელმწიფოს წამყვანი როლი აკისრია:
“სახელმწიფომ კატალიზატორის როლი უნდა ითამაშოს, რაღაც პროცესები უნდა დაძრას და შემდეგ ამას კერძო სექტორი გაჰყვება. სახელმწიფომ უნდა ასტიმულიროს ინოვაციური აქტივობები. მაგალითად, ტექნოპარკის შექმნამ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება დააჩქარა”- აღნიშნა ჯაბა ბურჯალიანმა.
2016 წელს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ შეიმუშავა საქართველოს ინოვაციების სტრატეგია “ინოვაციური საქართველო 2020”, თუმცა ეს სტრატეგია და შესაბამისად მისი სამოქმედო გეგმა, მთავრობის მიერ ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული.
სტრატეგიის სამუშაო ვერსიის მოკლევადიანი პრიორიტეტებია:
- სამართლებრივი რეფორმა ინოვაციების სფეროში;
- ინოვაციების ეკოსისტემისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება
- საქართველოს განათლების სისტემის გაძლიერება და ადამიანური კაპიტალის უნარ – ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
- კვლევები და განვითარების (R&D) სექტორის გაძლიერების ხელშეწყობა და წახალისება;
- საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და მასზე დამყარებული სერვისების განვითარების ხელშეწყობა.
ამ სტრატეგიის განხილვა იგეგმება ჯერ კვლევებისა და ინოვაციების საბჭოში, ხოლო შემდგომ, მთავრობის სხდომაზე. ჯერჯერობით, უცნობია რა ფორმით შევა ძალაში თუმცა ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის კონსულტანტი, მაკა დახუნდარიძე:
“ამ სტრატეგიაში ცვლილებები აუცილებელია, რადგან განათლებისა და მეცნიერების ახალი სტრატეგია დაიდო, რომელიც 30-40%-თ მოდის თანხვედრაში ინოვაციების სტრატეგია 2020-თან, ასე, რომ ბოლო დროს დამტკიცებული სტრატეგიული დოკუმენტების გათვალისწინებით, იქნება შესატანი ცვლილებები”- განაცხადა მაკა დახუნდარიძემ
სტრატეგიაში წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო არ მიჰყვება, თუმცა სააგენტოს საქმიანობა თანხვედრაშია სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებებთან. მაგალითისთვის მაკა დახუნდარიძე ინოვაციების ინფრასტრუქტურის შექმნასა და განვითარება ასახელებს:
“სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ინოვაციების ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება, ტექნოპარკების, ინოვაციური ცენტრების სამრეწველო ლაბორატორიების შექმნა, მეტი აქცენტით რეგიონზე. დედაქალაქში უკვე არის რვა სამრეწველო ლაბორატორია და სამი ინოვაციების ლაბორატორია”- აღნიშნა მაკა დახუნდარიძემ
ინოვაციების ინფრასტრუქტურის ფორმირება იგეგმება რეგიონებშიც, მაგალითად, უკვე გახსნილია ტექნოპარკი ზუგდიდში და სამი ინოვაციების ცენტრი ხარაგაულში, ჭოპორტსა და ბაღდადში. ასევე რვა სამრეწველო ლაბორატორია არის გახსნილი და ფორმირებული განათლების სამინისტროს მიერ პროფესიული კოლეჯების ბაზაზე.
მაკა დახუნდარიძის ცნობით, იგეგმება სამი ტექნოპარკის, იგივე რეგიონული ჰაბის ფორმირება თელავში, გორსა და ქუთაისში და 10 ინოვაციების ცენტრის შექმნა, რომლებიც დაგეგმილი იყო 2017 წელს. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტით არ იყო გათვალისწინებული მშენებლობის სამუშაოები და ჰაბები და ცენტრები უნდა განთავსებულიყო უკვე არსებულ შენობებში, რომლებიც უნდა გამოეყო ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. თუმცა, მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი შენობები ვერ ჩაჯდა მსოფლიო ბანკის სტანდარტებში მდგრადობის თვალსაზრისით და უვარგისი აღმოჩნდა:
“ის რისკი, რომ სახელმწიფო ბალანსზე არსებული კარგი შენონები თავისუფალი არ არის, არ იყო სათანადოდ შეფასებული, ამიტომ პროექტით გამოყოფილი თანხა ვერ ავითვისეთ სრულად. სულ 3 შენობის იდენტიფიცირება მოხდა, თელავში ახმეტასა და რუხში. თელავში იგეგმება ჰაბის გახსნა 2018 წლის პირველ კვარტალში ახმეტასა და რუხში კი ინოვაციების ცენტრები ამოქმედდება.”- განაცხადა მაკა დახუნდარიძემ.