ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროპაში ექსპორტს გაზრდის
საქართველოსა და ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში პირველ იანვარს შევიდა. საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი გაეხსნა, რომელიც დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს. ქართველ მწარმოებლებს შეუძლიათ ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი ჩინეთის ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ისარგებლებს ისეთი მნიშვნელოვანი ქართული პროდუქცია, როგორიცაა: ღვინო, მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები, ხილ-ბოსტნეული, თაფლი, თხილი, ჩაი, სამკურნალო საშუალებები და სხვა.
მას შემდეგ რაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა, საქართველო გახდა რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება როგორც ჩინეთთან, ასევე ევროკავშირთანაც აქვს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) 2014 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა.
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება პროდუქციაზე ტარიფების ლიბერალიზაციას გულისხმობს. ამ ხელშეკრულების მნიშვნელობას აორმაგებს ის ფაქტი, რომ ჩინეთის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით დაწესებული შეღავათებით ისარგებლებს საქართველოს ძირითადი საექსპორტო პროდუქტებიც, რომელთა წარმოების მოცულობის ზრდა მოთხოვნის შემთხვევაში ძალიან რეალურია.
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირის ბაზრის ათვისებასაც ხელს შეუწყობს. დაგეგმილ ჩინურ ინვესტიციებს შესაბამისად წარმოების ახალი ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის შემოდინებაც მოჰყვება. ამან კი ხელი უნდა შეუწყოს ექსპორტის სტრუქტურის მოდერნიზაციას, გაჯანსაღებას, რაც ევროკავშირის მაღალ მსყიდველობითუნარიან ბაზარზე დამკვიდრების საფუძველი შესაძლოა გახდეს. ჩინელი ინვესტორებისთვის საქართველო ევროპასთან გეოგრაფიული სიახლოვის გამოც მიმზიდველია, ხოლო ევროპელი და სხვა ქვეყნის ინვესტორებისთვის საკმაოდ კარგად ცნობილია, რომ საქართველო ტრანს კასპიური დერეფნის შემადგენელი ქვეყანაა და ჩინეთთან მოკლევადიანი სარკინიგზო გადაზიდვებიც შესაძლებელია.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პირობებში შესაძლებელია, რომ ინვესტორებმა საქართველოში ააშენონ საწარმოები და საქართველოში ნაწარმოები პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ასევე შესაძლებელია, რომ ევროპელმა, აზიელმა თუ ამერიკელმა ინვესტორებმა წარმოებები დააფუძნონ საქართველოში და ჩინეთის უდიდეს ბაზარზესაქართველოს გავლით მისი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაბამისად შევიდნენ. ამ ორი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით საქართველო მრავალმხრივი ინტერესისი საგანი ხდება. გარდა იმისა, რომ ევროპელებს და ჩინელებს საქართველოს გავლით ერთმანეთის ბაზრებზე თავისუფალი წვდომა შეუძლიათ, ამ პროცესიდან საქართველოს სარგებელი არის ის გადასახადები, რასაც ინვესტორები საქართველოში გადაიხდიან. კიდევ ერთი და უმნიშვნელოვანესი სარგებელი კი ისაა, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქტების მძლავრი წარმოების პრეცენდენტები გაჩნდება.
www.eugeorgia.info-ს ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ბენეფიტებზე დასმულ შეკითხვებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წერილობით უპასუხა: „კონკურენტუნარიანი სამეწარმეო გარემო და ლიბერალური საბაზრო პოლიტიკა შესაძლებლობას აძლევს არა მხოლოდ ევროპულ და ჩინურ კომპანიებს, რომ საქართველოში ინვესტირების გზით მოახდინონ სხვადასხვა პროდუქტების და მომსახურების მიწოდება ერთმანეთის ბაზრებზე, არამედ რეგიონში საქართველოს პრეფერენციული რეჟიმების უპირატესობით ისარგებლონ მსოფლიოს სხვა ქვეყნის კომპანიებმაც. აღნიშნული თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ასევე, ევროკავშირისა და ჩინეთის საიმპორტო ბაზრების მოთხოვნის ადეკვატურად, საქართველოს ექსპორტის სტრუქტურის გაუმჯობესებას “.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მხოლოდ რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა, გასულ წელს საქართველოს ღვინის ექსპორტის მიმართულებით უკვე გარკვეული წარმატებები ჰქონდა. 2017 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 6,73 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 38%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს. ჩინეთი, ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში პროდუქციის წარმოების შესაძლებლობებით ჩინელი ინვესტორები აქტიურად ინტერესდებიან. მაგალითად, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილის მფლობელი ჩინური კომპანია CEFC China Energy გახდა. CEFC China Energy ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კომპანიაა, რომელიც ენერგეტიკის, საფინანსო, კომერციულ, სავაჭრო და ლოგისტიკის სფეროებში საქმიანობს. კომპანია ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შემდგომ განვითარებას გეგმავს, მათ შორის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა ინდუსტრიულ ზონაში პროდუქციის წარმოება და იმ ბაზრებზე გატანა, ვისთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს.
ერთ-ერთი პირველი სფერო, სადაც ინვესტიციები ჩაიდება ტექსტილის წარმოება იქნება. ჩინელი ინვესტორები საქართველოში დუტის ქურთუკების წარმოების შექმნას, ქვეყანაში დამზადებული პროდუქციის ევროკავშირის, ამერიკისა და კანადის ბაზრებზე გატანას გეგმავენ: „საქართველოში დუტის ქურთუკების სამკერვალო ქარხანა უნდა აშენდეს. წინასწარი პროექტით, ცნობილი ბრენდებისთვის საექსპორტო პროდუქცია დამზადდება. საწყის ეტაპზე კი განსაკუთრებული ყურადღება „იაია“(Yaya)-ს ბრენდს დაეთმობა, რომელიც ჩინეთში1972 წლიდან იწარმოება და ექსპორტზე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გადის. პროექტის ფარგლებში საქართველოდან ჩინეთში ცნობილ ტექსტილის საწარმოებში 300-ზე მეტი მუშახელი გადამზადდება“, - აღნიშნულია საპარტნიორო ფონდის მიერ eugeorgia.info-სთვის გამოგზავნილ წერილში.
ტექსტილის გარდა საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა ტურისტული ინდუსტრიის სფეროებსაც შეეხება. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში „საპარტნიორო ფონდს“ და Beijing Great Wall International Travel Service Co.,Ltd -სა და Ankeyunda Air Service Co.,Ltd-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით მხარეები საერთშორისო სტრატეგიის განვითარებაზე შეთანხდნენ, რომელიც სამოქალაქო ავიაციისა და ტურისტული ინდუსტრიის სფეროებში ბაზრის წახალისებას და ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს. სტატისტიკური მონაცემებით ჩინეთის ერთი მოქალაქე მოგზაურობის დროს საშუალოდ 900 აშშ დოლარს ხარჯავს. შესაბამისად, ქვეყანა, რომელშიც მილიარდ ოთხასი ათასი ადამიანი ცხოვრობს საქართველოსთვის უფრო საინტერესო ხდება.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში მემორანდუმები გაფორმდა წყლისა და ჰიდრორესურსების (ძიანგსის პროვინციის წყლისა და ჰიდრორესურსების სამშენებლო კომპანია) და ენერგეტიკის სფეროთი დაინტერესებულ (ხუასინის ენერგეტიკულ კომპანია CEFC Shanghai Financial Service Co., Ltd) ჩინურ კომპანიებთან. ქართული მხარე ქიმიური ინჟინერიის კომპანიის (CNCEC) შვილობილ შპს SEDIN Engineering Co-თანაც ითანამშრომლებს.
ბოლო წლებში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტის ზრდის ტემპი უფრო მაღალია, ვიდრე იმპორტის. მაგალითად, 2017 წლის 10 თვეში ჩინეთში ექსპორტი (გაიზარდა 27%-თ, ხოლო იმპორტი 17%-ით. აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთში სამომავლოდ ექსპორტის ზრდის დიდი პოტენციალი გააჩნია იმ პროდუქციას (ღვინო, ხილ-ბოსტნეულის წვენები და კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, თხილი, მინერალური წყლები და ა.შ.), რომელზეც ჩინეთში მაღალი საიმპორტო ტარიფები მოქმედებს, ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედება საქართველოს ექსპორტიორებისთვის საკმაოდ მომგებიანია.
ექსპორტის გამართული სისტემების შექმნა, რომელიც შესაძლოა ჩინურმა ინვესტიციებმა გამოიწვიოს, ბუნებრივად დაეხმარება საქართველოს DCFTA-ს შესაძლებლობებიდან გამომდინარე ევროკავშირის ბაზრის ათვისებაში.
ზურაბ მოდებაძე