ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის კიდევ 12 მილიონ ევროს დახარჯავს
ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 12 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი დაიწყო. დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა რაიმუნდ იელემ ENPARD-ის III ფაზის ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარების ხუთწლიანი პროექტის განხორციელების შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
პროექტის მიზანი სოფლად არსებული შინამეურნეობების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და მომსახურებისა და წარმოების გაუმჯობესებაა. პროექტის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს და სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნად ამაღლდეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის შეფასებით, პროექტით გათვალისწინებული ფერმერების დახმარება, მთელი დარგის განვითარებისთვის სასარგებლო იქნება.
„დღეს ხელი მოვაწერეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერით 12 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის განხორციელების შეთანხმებას, რომელიც მიზნად ფერმერების და სასოფლო მეურნეობების ხელშეწყობას ისახავს და ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დავითაშვილმა.
პროექტი ასევე ითვალისწინებს FAO-ს მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერას ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებასა და „სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის“ განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში ფერმერების, ფერმერული კოოპერატივების, მეწარმეებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობები იგეგმება. სამიზნე ჯგუფები ინდივიდუალური გრანტებსაც მიიღებენ, რაც მათ კონკურენტუნარიანობას აამაღლებს.
2013 წელს, ENPARD-ის პირველი ფაზის დაწყებიდან დღემდე, FAO-მ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო განვითარების მხარდასაჭერად რამდენიმე პროექტი განახორციელა. FAO-ENPARD-ის პირველი ორი პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ტექნიკური დახმარების გაწევას და სამინისტროს პერსონალის შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებდა. ამას გარდა, FAO-მ „სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის“ ცალკეული კომპონენტების იმპლემენტაციაზე იზრუნა, კერძოდ: სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია, ექსტენციის სერვისების ხელმისაწვდომობა, სტატისტიკური/ანალიტიკური შესაძლებლობები, ღირებულებათა ჯაჭვის და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარება. ENPARD III-ის ფარგლებში დაწყებული ახალი პროექტი პირველ ორ ეტაპზე FAO- ს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგებს დაეფუძნება.
„ENPARD-ის I და II ფაზების ფარგლებში, FAO-მ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაზე იმუშავა, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ENPARD III-ის ფარგლებშიც გაგრძელდება. ახალი პროექტით FAO საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ქართველ ფერმერებს და მწარმოებლებს უფრო ინტენსიურად გაუზიარებს, რათა მათ ჰქონდეთ უკეთესი წვდომა კარგ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებზე, თანამედროვე ცოდნაზე და ტექნოლოგიებზე“, - განაცხადა რაიმუნდ იელემ, FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში.
პროექტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალს ევროკავშირის დელეგაციის ატაშე, პროგრამის მენეჯერი კრისტინა კასელა დაესწრო. მისი განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს:
„FAO-სა და სამინისტროს მიერ დღეს ხელმოწერილი შეთანხმება პირველია, რომელიც ENPARD-ის პროგრამის III ფაზის ფარგლებში გაფორმდა. პროგრამის მესამე ეტაპის დაწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ოფიციალურად გასული წლის დეკემბერში გამოაცხადეს. 2013 წელს, ENPARD-ის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირი საქართველოს ძლიერ და თანმიმდევრულ მხარდაჭერას უწევს. პროგრამის ფარგლებში შემუშავდა ახალი საწარმოო მოდელები და სტიმული მიეცა სოფლის მეურნეობაში თანამედროვე სერვისების განვითარებას. ჩვენი შეფასებით, ENPARD-ის პროგრამით საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა, ამა თუ იმ ფორმით, ისარგებლა. ახლახანს დაწყებული მესამე ფაზის ფარგლებში, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მთავრობის მხარდაჭერას, რათა ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას", - განაცხადა კრისტინა კასელამ.
ევროკავშირი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით ახორციელებს. პროგრამა 2013 წლიდან დაიწყო და მისი მთლიანი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზები სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნასა და გაძლიერებაზეა ორიენტირებული.
ზურაბ მოდებაძე