გართულდება თუ არა ბიზნესის ადმინისტრირება ავანსის დღგ-ით დაბეგვრის ახალი წესის გამო?
ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოების ფარგლებში 2017 წლის 1 იანვრიდან ავანსის დღგ-ით განსხვავებული დაბეგვრის წესი ამოქმედდა, რომელიც ერთის მხრივ გადასახადიდან თავის არიდების რისკს ამცირებს, ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოს ბიზნესის ასოციაციის განცხადებით, გარდამავალ პერიოდში ბიზნესის ადმინისტრირებას ართულებს.
"ცვლილებების ამოქმედება განხორციელდა დაჩქარებული წესით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას შეეძლო აღნიშნული ნორმის ამოქმედება როგორც სახელმწიფოს, ისე ბიზნესის მხრიდან უკეთესი ადაპტირებისთვის გადაეწია გარკვეული პერიოდით (ევროდირექტივის 65-ე მუხლის მოთხოვნა საქართველომ 2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა დააკმაყოფილოს). პირველ რიგში, კომპანიების უმეტესობას მოუწია ფისკალური პოლიტიკის გადახედვა და დამატებითი საბრუნავი სახსრების მოძიება, ხოლო მეორე რიგში, გაურთულდა ადმინისტრირება ამ ნაწილში განსაკუთრებით იმ ბიზნესისთვის, რომელიც ავანსებს გახშირებული რაოდენობით იღებს. ეს კი როგორც ფინანსურ, ისე ადმინისტრაციულ და სხვა სირთულეებთანაა დაკავშირებული", - საუბრობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო მიმართულების მენეჯერი შოთა კომლაძე.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით,საქართველომ აიღო ვალდებულება დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ-ის) მარეგულირებელი ნორმების ჰარმონიზაცია მოახდინოს ევროპის საბჭოს №2006/112 დირექტივასთან (ასოცირების შეთანხმების 285-ემუხლიდა 22-ედანართი), რომელიც არეგულირებს საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის საკითხებს. მათ შორის მნიშვნელოვანი საკითხია დაბეგვრის დრო საქონლისა და მომსახურების საფასურის წინსწრებით გადახდის შემთხვევაში.
2017 წლამდე დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულ მეწარმეს საშუალება ჰქონდა, პროდუქციის/მომსახურების საფასურის წინსწრებით (ავანსის) მიღების შემთხვევაში, დღგ პროდუქციის მიწოდების/მომსახურების გაწევის შემდეგ გადაეხადა. 2017 წლის 1 იანვრიდან კი, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლში ცვლილება შევიდა. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:
"გადასახადისგან თავის არიდების რისკის აღმოფხვრის, კანონში ორაზროვანი და ბუნდოვანი დებულებების გასწორების, სწორი საგადასახადო პრაქტიკის დამკვიდრების და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე 3 მუხლის პირველ ნაწილში ხორციელდება ცვლილება, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროდ განისაზღვრება არაუგვიანეს საკომპენსაციო თანხის წინასწარ ( ე.წ. „ავანსის“ გადახდის მომენტი) გადახდის მომენტი, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე."
ცვლილების უკეთ გასაგებად წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ რომელიმე კომპანიას წინასწარ გადაურიცხეთ პროდუქციის ან მომსახურების საფასური, რომელიც მოიცავს დღგ-საც. ხოლო პროდუქცია მოგვიანებით მოგეწოდებათ. მწარმოებელი კომპანია ცვლილების შესაბამისად, ვალდებულია დღგ სახელმწიფოს გადაუხადოს თანხის მიღებისას და არა პროდუქციის (მომსახურების) მიწოდებისას (გაწევისას).
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 22-ე დანართი მიუთითებს დღგ-სთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. დაწესებულია გარკვეული გამონაკლისები, რომელთა ქართულ კანონმდებლობაში დანერგვა სავალდებულო არაა; ავანსის დღგ-ით დაბეგვრა გამონაკლისთა რიცხვში არ ხვდება, შესაბამისად, ის უნდა დაუახლოვდეს ევროპულ ანალოგს.
"ის ნორმები, რაც ევროპულ კანონმდებლობაში ავანსების დაბეგვრას ეხება, ჩვენ ფაქტობრივად სრულად უნდა გადმოვიღოთ ქართულ კანონმდებლობაში. ეს პროცესი 2019 წლის სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. ავანსების დაბეგვრის ევროპულ სისტემაზე გადასვლა 2017 წლიდან დაიწყო. ცვლილება გულისხმობს, რომ საქონლის ან მომსახურების სანაცვლოდ წინასწარ გადახდილი თანხა დაიბეგრება გადახდის მომენტში და არა პროდუქციის მიღების ან მომსახურების გაწევის მომენტში", - საუბრობს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბარათაშვილი.
დაბეგვრის მანამდე არსებული სისტემის წარმოსადგენად განვიხილოთ მაგალითი. წარმოიდგინეთ, რომ სამშენებლო კომპანია, რომელსაც თქვენ ურიცხავთ გარკვეულ თანხას, მშენებლობას რეალურად, თანხის გადარიცხვიდან ერთ წელიწადში იწყებს. თქვენ მიერ გადარიცხული თანხა, რა თქმა უნდა მოიცავს დღგ-საც. "არაპირდაპირ თქვენი წილი დღგ უკვე გადაიხადეთ, მაგრამ ეს თანხა კომპანიას ბიუჯეტში არ მიჰქონდა, სანამ მომსახურების გაწევას არ დაასრულებდა. მომსახურების დასრულების პერიოდშიც შესაძლოა თავი აერიდებინა თქვენ მიერ გადარიცხული დღგ-ს ბიუჯეტში გადახდისგან. კომპანიას აქვს ბიუჯეტის ფული, რომელიც შესაბამისად უნდა მიმართოს", - აღნიშნავს ბარათაშვილი.
მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში ცვლილების შესაბამისად დამუშავდა წესები, პროგრამული უზრუნველყოფა, შემუშავდა სიტუაციური სახელმძღვანელოები და გამოიცა მინისტრის ბრძანება, სადაც 30-ზე მეტი მაგალითია განხილული, თუ როგორი იქნება საგადასახადო მიდგომა ამა თუ იმ სიტუაციაში. ასევე გამოიცა წინასწარი გადაწყვეტილებები. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის, მამუკა ბარათაშვილის თქმით: „ის საკითხები, რომლებსაც შესაძლოა პრობლემები შეექმნა ბიზნესისთვის აღმოფხვრილია და ვფიქრობთ, რომ არ არსებობს რაიმე სერიოზული საფუძველი, რომ ბიზნესს რაიმე დისკომფორტი შეექმნას ამ მიმართულებით“.
"რადგან 2017 წლის 1 იანვრიდან ავანსის დაბეგვრის ცვლილება ძალაში შევიდა, ჩვენ მას შემდეგ ინტენსიური კონსულტაციები გვქონდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან და მათთან შეთანხმებით პრაქტიკული მაგალითები დამუშავდა, რომლებიც გამოიცა მინისტრის ბრძანებით. ბიზნესთან კონსულტაციები მიმდინარეობდა ტექნიკური დეტალების მოსაგვარებლად, წინანდელი პროგრამა აწყობილი იყო ისე, რომ დაბეგვრა მომსახურების ბოლოს უნდა მომხდარიყო, ბუღალტრული პროგრამებიც ამ სისტემაზე იყო მოწყობილი და ჩვენ მივეცით საშუალება ბიზნესს, რომ ეს ყველაფერი გასწორებულიყო, ამ პერიოდში არ მომხდარა შემოწმებები და ადმინისტრირება. ასევე, ბიზნესის კითხვებზე გაიცა დამაკმაყოფილებელი განმარტებები. ნორმის ამოქმედებიდან ერთი წელია გასული და რაიმე გაუგებრობა, კონფლიქტური სიტუაცია ან საგადასახადო დავა ჯერჯერობით არ წარმოშობილა. სამომავლოდ თუ რაიმე პრობლემა იჩენს თავს ჩვენ ამ პროცესებს ვაკვირდებით და ყველა დეტალი გამოსწორდება", - საუბრობს ბარათაშვილი.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო მიმართულების მენეჯერი შოთა კომლაძე კი აცხადებს, რომ "ცვლილება განხორციელდა ე.წ. „დაჩქარებული წესით“ - აღნიშნული ცვლილების მიზეზი, კანონპროექტის ავტორებისა და ინიციატორების განმარტებით, იყო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების (დღგ-ს მარეგულირებელი ნორმების ჰარმონიზაცია ევროპის საბჭოს დირექტივასთან) შესრულება და გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების რისკის აღმოფხვრა."
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებით, ცვლილების შედეგად ფინანსთა სამინისტრომ/შემოსავლების სამსახურმა ერთის მხრივ, გაიმარტივა ადმინისტრირება: "სავარაუდოდ შეუმცირდებოდა ამ ნაწილში დღგ-ს არ გადახდის შემთხვევები, რადგან კომპანიებს წინ გადაეწიათ, საკომპენსაციო თანხის/ავანსის მიღებისთანავე დაუდგათ ამ ნაწილზე დღგ-ის როგორც დეკლარირების, ისე გადახდის ვალდებულება. ასევე, საგადასახადო სამსახურს ამ ნაწილში დადეკლარირებული თანხის ვერ ამოღების რისკი, იძულებითი ღონისძიების გატარების შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირდებოდა. ხოლო მეორეს მხრივ, გაირთულა ადმინისტრირება აღნიშნული ოპერაციების დაბეგვრის კონტროლის ნაწილში, რაც ვვარაუდობთ, რომ შესაბამისი პერიოდის საგადასახადო შემოწმებების დროს გამოვლინდება და გადაინაცვლებს საგადასახადო დავების რეჟიმში."
ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია PricewaterhouseCoopers-თან კონსულტაციებისას გამოიკვეთა, რომ მიმდინარე ეტაპზე ავანსების დაბეგვრის კუთხით ქართულ და ევროპულ კანონმდებლობას შორის მხოლოდ უწყვეტი და რეგულარული მომსახურების პუნქტია განსხვავებული. შესაბამისად, ავანსების დაბეგვრის სრული ჰარმონიზებისთვის ერთი ცვლილება კიდევ გატარდება 2019 წლის სექტემბრამდე. უწყვეტი და რეგულარული მომსახურების შემთხვევაშიც, ავანსი ერთიანად დაიბეგრება ჩარიცხვის მომენტში. მაგალითად, დღეს იჯარის მომსახურება ყოველთვიურად იბეგრება.
"ევროპული კანონმდებლობის მიხედვით, ავანსის გადახდის მომენტში მთლიანად უნდა მოხდეს დღგ-ს გადახდაც. მაგალითად, თქვენ აიღეთ ობიექტი გრძელვადიანი იჯარით და 10 წლით სარგებლობის მოპოვებისთვის, ხელშეკრულების გაფორმებისას 100 000 ლარი გადაიხადეთ. ევროპული კანონმდებლობის მიხედვით, დღგ-ს გადახდა ერთიანად მოხდება თანხის ჩარიცხვისას. ჩვენი კანონმდებლობით კი 100 000 ლარი თვეების რაოდენობაზე გადანაწილდება და დღგ ყოველთვიურად გადაიხდება", - განმარტავს ბარათაშვილი.