ჯაყელები მომავალი წლიდან ევროკავშირში ქვევრის ღვინოებს შეიტანენ
ინგლისში მიშლენის ვარსკვლავიან რესტორანში The Fat Duck „ჯაყელების ღვინო“ 65 ფუნტ სტერლინგად იყიდება. კომპანია „ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოები“ ზაზა და მალხაზ ჯაყელებმა 2009 წელს დაარსეს. ვენახი კი საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში 2001 წელს გააშენეს. ევროპაში ექსპორტმა „ჯაყელების ღვინო“ ადგილობრივი ბაზრის მაღალფასიან სეგმენტშიც მოთხოვნადი გახადა. პროდუქციის შეზღუდული რაოდენობის გამო ჯაღელებმა გეზი ადგილობრივი ბაზრის ათვისებისკენ აიღეს და ევროკავშირის ბაზრიდან ერთი წლის წინ დროებით სამშობლოში გადმოინაცვლეს. თუმცა ბოლო პერიოდში ქარვისფერი ქვევრის ღვინოების წარმოება სწორედაც რომ ევროკავშირში გასატანად დაიწყეს.
2014 წლამდე ჯაყელების საფირმო პროდუქტი ორგანული წესით წარმოებული ხაშმის საფერავი იყო. საქართველოს ღვინის სააგენტოს ხელშეწყობით ჯაყელები ინგლისის, იტალიისა და საფრანგეთის ნატურალური ღვინის გამოფენებზე მოხვდნენ. ამ გამოფენებზე კი შესაძლებელი გახდა ევროპელ ღვინის შემსყიდველებთან და დილერებთან კონტაქტების დამყარება.
ამ კომუნიკაციის შემდეგ კონტრაქტებიც მოიპოვეს და ბიო ღვინო გერმანიაში, პოლონეთში, იაპონიაში, შვედეთში, დანიაში, შვეიცარიაში, იტალიაში, უკრაინაში, ამერიკაში, ჰონგ კონგსა და ინგლისში ექსპორტზე გაიტანეს.
„შემოთავაზებები სულ არის ევროპიდან, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შედეგად საქართველოდან შესულ პროდუქციაზე ტარიფები გაუქმდა. ქართული ღვინო გადასახადების გაუქმებამ კონკურენტუნარიანი გახადა. დიდი მოთხოვნაა ევროკავშირიდან, ამიტომაც დავამატეთ ქვევრის ღვინოები, რომლის ექსპორტსაც ვგეგმავთ მომავალი წლიდან“, - ამბობს „ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოები“-ს დამფუძნებელი ზაზა ჯაყელი.
საფერავს კახური ტრადიციული წესით ამზადებდნენ და უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში ინახავდნენ. გასული წლიდან კი ღვინის დაყენება ქვევრის მეთოდით დაიწყეს. დაახლოებით 5-6 თვე ღვინოს ჭაჭაზე ტოვებენ. ჯაყელების ღვინო გაუფილტრავია, ვენახებს კი მხოლოდ ბიო პრეპარატებით უვლიან, სწორედ ამიტომ ყურძნის მცირე (1 ჰა-ზე 2,5 ტ) თუმცა ხარისხიან მოსავალს იღებენ.
წელიწადში დაახლოებდით 5 000 ბოთლამდე საფერავს აწარმოებენ. მას შემდეგ რაც ახმეტის რაიონის სოფელ ოჟიოში ვენახი იჯარით აიღეს 2015 წლიდან უკვე 2 500 ბოთლი ქარვისფერი ღვინის წარმოებაც დაამატეს.
ჯაღელები აგრო ტურიზმის მიმართულებასაც ავითარებენ. 2017 წელს ღვინის მარანიც ააშენეს, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან სტუმრებს იღებენ და ღვინის დეგუსტაციის სხვადასხვა მენიუებს სთავაზობენ.
„მიზეზი რატომაც ჩვენი ღვინოები ყველას გამორჩეულად მოსწონს არის ის, რომ ღვინო ნატურალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანული წესით მოყვანილი ყურძენი ღვინოს თავის რეალურ არომატულ გემოებს უნარჩუნებს“, - ამბობს ზაზა ჯაყელი.
საქართველოს მიერ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჯაყელებს ჩინეთის მაღალი დონის რესტორნების მხრიდანაც აქვთ შეთავაზება ღვინის შესყიდვასთან დაკავშირებით. ჯაყელების ვარაუდით მათ საექსპორტო ბაზრებს შესაძლოა მალე ჩინეთიც დაემატოს. ამასთან ერთად კი ევროპის ბაზარზე ქარვისფერი ღვინით დაბრუნებას გეგმავენ.