ევროკავშირისგან თბილისის, გორისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 1,4 მილიონ ევროს გრანტს მიიღებენ
ევროკავშირისგან გრანტის სახით გამოყოფილ 1.4 მილიონ ევროს თბილისის, გორის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 3 საპილოტე პროექტის განსახორციელებლად მიიღებენ.
საპილოტე პროექტებია:
1. ბიზნესაქტივობებისთვის ეფექტური პლატფორმის შექმნა- ბოლნისის მუნიციპალიტეტი;
2. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაფართოება მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის- გორის მუნიციპალიტეტი;
3. ბიზნესაქსელერატორის შექმნა მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის - თბილისის მუნიციპალიტეტი.
ფინანსური რესურსით ევროკავშირი დაეხმარება მუნიციპალიტეტებს, რათა ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში უფრო აქტიური როლი ითამაშონ. პროექტი ბიზნეს-აქსელერატორის მოწყობას, საერთაშორისო გამოფენებსა და კონფერენციებში მონაწილეობასაც ითვალისწინებს. "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირის ახალი ინიციატივაა, რომელმაც ოპერირება 2017 წლის იანვარში დაიწყო.
მუნიციპალიტეტები ადგილობრივი ადმინისტრაციებისთვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეირჩა. სულ კონკურსში საქართველოს 9 მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის თბილისის, გორისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების განაცხადები სხვა პრეტენდენტებთან შედარებით უკეთ დასაბუთებულად დასახელდა. მუნიციპალიტეტებისთვის ევროკავშირისგან ერთ-ერთი მოთხოვნა თანამონაწილეობაა.
თბილისის მერია
1,4 მილიონი ევროდან 506 634 ევროს თბილისის მერია მიიღებს. მისი პროექტში თანამონაწილეობა 50%-ით განისაზღვრა.
ფინანსური დახმარების ფარგლებში, თბილისში დამწყები და მცირე მეწარმეების მხარდაჭერისთვის ბიზნეს აქსელერატორი ამოქმედდება. თბილისში რეგისტრირებულ ან მომუშავე ყველა კომპანიას საშუალება ექნება, ბიზნეს აქსელერატორს მიმართოს და ისარგებლოს ისეთი სერვისებით, როგორიცაა: უფასო სამუშაო სივრცეები კომპანიებისთვის, სათათბირო და საკონფერენციო დარბაზები; ასევე გათვალისწინებულია მეწარმეებისთვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა; კონსულტაცია ფინანსურ ანგარიშგებებთან და საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებით; ასევე მეწარმეებმა უნდა შეძლონ გაიარონ კონსულტაციები ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით, ასევე, უფასო კონსულტაციები ბრენდის პოზიციონირებასთან და გაყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე. თბილისის პროექტის ხანგრძლივობა 4 წელი იქნება.
„სიცოცხლისუნარიან და წარმატებულ 100-ზე მეტ კომპანიას აქსელერატორი შეუქმნის ვებგვერდებს, შეუდგენს ბიზნეს გეგმასა და შესაძლო პარტნიორებთან შემდგომ ადვოკატირებას გაუწევს. პროგრამის ფარგლებში, მეწარმეებისთვის ასევე, მოეწყობა 30-მდე გამოფენა-გაყიდვა“, - განმარტავენ მერიაში.
გორის მუნიციპალიტეტი
გორის მუნიციპალიტეტი 600 ათას ევროს მიიღებს. ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა კი 15% იქნება. ამ თანხით უნდა მოხდეს გორის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია, ტურისტული საინფორმაციო ცენტრის მოწყობა, აგრეთვე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გორის პროექტი 3 წლიანი იქნება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ბოლნისი მუნიციპალიტეტი ევროკავშირისგან 320 ათასი ევროს გრანტს მიიღებს და პროექტი 3 წელს გაგრძელდება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა 15%-ით განისაზღვრება. ბოლნისის პროექტს 2 მიმართულება აქვს:
-
აგროცენტრების მოწყობა- ადგილობრივი მეწარმეებისთვის მუნიციპალიტეტმა საჭირო აღჭურვილობა უნდა შეუძინოს. მაგალითად, რძის საწურები, შესაფუთი მასალები და ა.შ. მოწყობილობები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იქნება, მაგრამ მისი გამოყენება მეწარმეებსაც შეეძლებათ. მუნიციპალიტეტმა ასევე უნდა უზრუნველყოს ადგილობრივე მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოეწყობა ტურისტული გზამკვლევები.
-
ბოლნისის(ყოფილი კატარინენფელდი) ძველი გერმანული უბნის რეაბილიტაცია.
ევროკავშირის ინიციატივა სულ 6 ქვეყანას მოიცავს. 9,5 მილიონი ევროს გრანტი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებზე - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინაზე უნდა გადანაწილდეს. ამ თანხიდან ყველაზე მეტ თანხას - 5 მილიონ ევროს უკრაინა მიიღებს, საქართველო- 1,4 მილიონი ევროს, თანხის დანარჩენი ნაწილი კი 4 ქვეყანაზე გადანაწილდა.