ევროკავშირი ქართული ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი კომპანიების ინდივიდუალურ აკრედიტაციას იწყებს
ევროკავშირი ქართული საწარმოების ინდივიდუალურად აღიარებას დაიწყებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი სესილია მალმსტრომი ბრიუსელში გამართული შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
„ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციის შესაძლებლობის განხილვას იწყებს, რასთან დაკავშირებული პროცედურებიც უახლოეს მომავალში დაიწყება“, - განაცხადა ევროკომისიაში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა.
ბრიუსელში შეხვედრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილიც ესწრებოდა. მის განმარტებით, კონკრეტულ კომპანიებს შეეძლებათ ქვეყნის მასშტაბით საწარმოს სისტემების საბოლოო აღიარებას არ დაელოდონ, დამოუკიდებლად მოიპოვონ ევროკავშირში აღიარება და ექსპორტზე გავიდნენ: „აქვე იყო მიღწეული შეთანხმება, რომ ევროკავშირი აკრედიტაციის მისაღებად საწარმოების ინდივიდუალურად განხილვას დაიწყებს , რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ საწარმოებს იმ შემთხვევაში თუ მათი სტანდარტები გაცილებით უფრო წინ არის წასული, ვიდრე მთლიანად ქვეყნის სტანდარტები და ქვეყნის ასოცირება, შესაძლებლობა ექნებათ, ევროკავშირში განაცხადი გააკეთონ და აკრედიტაცია მიიღონ და შემდგომში უკვე შეიტანონ ევროკავშირში, ასე ვთქვათ, ის პროდუქცია, რომელსაც ისინი აწარმოებენ“, - განცხადა ქუმსიშვილმა.
მიღწეული შეთანხმება, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს ეხებათ. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მოთხოვნების მიხედვით ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტირება ევროკავშირში შეზღუდულია მანამ, სანამ ევროკავშირი საქართველოს იმ წარმოების სფეროების შესაბამისობას არ აღიარებს, სადაც ცხოველური წარმოშობის პროდუქტების დამზადება ხორციელდება. ამ შეთანხმებით კი უკვე აღნიშნული მოთხოვნების გვერდის ავლით წარმატებულ საწარმოებს უფლება ეძლევათ, რომ ევროპული კანონმდებლობის მიმართ თავიანთი სტანდარტების შესაბამისობა დაადასტურონ, რის შემდეგაც ექსპორტის დაწყება მათთვის ნებადართული გახდება.
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი პაატა გოგოლიძე აცხადებს, რომ ინდივიდუალური აკრედიტაციის მოსაპოვებლად ქართულ საწარმოებს კვალიფიციურ ლაბორატორიებთან თანამშრომლობა დასჭირდებათ, აკრედიტაციის ცენტრი კი მათ საერთაშორისოდ აღიარებული ლაბორატორიების შესახებ ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება: „ევროკავშირი მიმართავს ასეთ პრაქტიკას. კონკრეტულ საწარმოებს უკეთებენ რეგისტრირებას. თუ საწარმო რეგისტირებულია, მას შემდეგ შეუძლია ექსპორტზე გაიტანოს პროდუქტი. აღიარებისთვის საჭიროა ლაბორატორიული შემოწმება. ამ პროცესში ჩვენ დაინტერესებულმა კომპანიებმა აკრედიტირებული ლაბორატორიებზე შეიძლება გვკითხონ. საწარმოებს ჩვენ საერთაშორისოდ აკრედიტებული ლაბორატორიების შესახებ ინფორმაციას მივაწვდით“.
ბლაუენშტაინ საქართველო ქართულ-შვეიცარიული ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ონში 2007 წელს დაფუძნდა. ამჟამად დედაქალაქის მასშტაბით ერთ საფირმო მაღაზიას ფლობს, თუმცა უვნებელი და კარგი გემოვნური თვისებების პროდუქტის წარმოების გამო უკვე საკმაოდ პოპულარულია. ბრენდის წარმოებისა და გაყიდვების ხელმძღვანელი ნინო ლომიძე ამბობს, რომ მათ საექსპორტო მიზნებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეული შეთანხმება ხელს შეუწყობს: „ამ გადაწყვეტილებას მივესალმებით. ახლა შედარებით პატარა საწარმო გვაქვს თანამედროვე დანადგარებით, შესაბამისად, ჩვენ რომ გავაფართოვოთ წარმოება, ჩვენი მაღალხარისხიანი პროდუქციით ექსპორტზე გასვლა თავისუფლად შეგვიძლია. შვეიცარიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში გვქონდა მიწვევები, ახლა ჰოლანდიაშიც მივდივართ და ვცდილობთ, რომ ბაზრები შევისწავლოთ, ზედაპირულად არ ვიყოთ, მოვიპოვოთ კონტაქტები და ექსპორტისთვის მოვემზადოთ. აღნიშნული შეთანხმება ექსპორტზე გასვლის შესაძლებლობას დაგეგმილზე უფრო მოკლე ვადებში გვაძლევს“.
ყველის მწარმოებელი კომპანია „თელეთი სენე“-ს დამფუძნებელი ანა მიქაძე ამბობს, რომ ინდივიდუალური აღიარება განვითარებულ კომპანიებს საშუალებას მისცემთ, რომ ჩამორჩენილ საწარმოებს არ დაელოდონ ექსპორტზე გავიდნენ: „ეს არის კარგი გზა იმიტომ, რომ სანამ ქვეყანა მიიღებს ნებართვას, მანამდე მეტნაკლებად მოწესრიგებული კომპანია მოიპოვებს აღიარებას, დაიწყებს ექსპორტს და არ დაელოდება ვიღაც მაჩანჩალებს, რომლებიც შესაძლოა განვითარებას სულაც არ აპირებენ. მე მინდა, რომ საქართველო ყველის სამშობლოდ წარმოვაჩინოთ, მე მაქვს ამის არქეოლოგიური მასალები და როგორც ღვინის ქვეყანა ვართ, ასევე ჩვენ ვართ ყელის ქვეყანა 8 000 წლიანი ისტორიით, უნიკალური ყველის სახეობებით, გეოგრაფიული აღნიშვნებით და ა. შ. “
ვეტერინარიის სფეროში ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოების ბოლო ვადა 2027 წელია. ამ დრომდე კი ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების მიხედვით ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტის განხორციელება შეუძლებელი იყო. თუმცა ინდივიდუალური აკრედიტაციის შეთანხმებით ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს ევროკავშირის ბაზარზე შესავლელად თითქმის 10 წლით ადრე მწვანე შუქი აენთოთ.
ავტორი: ზურაბ მოდებაძე