სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოების ფარგლებში მიმდინარე დრომდე შესრულებული ვალდებულებები
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საჯარო შესყიდვების სფეროში ევროკავშირთან ეტაპობრივი დაახლოების სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა 2017 წლის სექტემბრში წარმატებით დაასრულა. ამის შემდეგ კი ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი საქართველოსთვის ნაწილობრივ გაიხსნა. საქართველო ევროკავშირის სახელმწიფო ტენდერების პლატფორმასაც (https://opentender.eu) შეუერთდა. აღნიშნული პლატფორმა დაინტერესებულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, მოძებნონ და გაანალიზონ შესყიდვების მონაცემები 35 იურისდიქციაში. ევროკავშირის 28 ქვეყნის გარდა პლატფორმას მიერთებულია ევროკავშირის ინსტიტუტები, ნორვეგია, ისლანდია, შვეიცარია, სერბეთი, საქართველო და სომხეთი.
ქართულ კომპანიებს ჯერ მხოლოდ ევროკავშირის ცენტრალური მთავრობების მიერ განხორციელებულ ტენდერებში მონაწილეობა შეუძლიათ. მომდევნო ფაზებში უკვე ეტაპობრივად მოხდება ბაზრის გახსნა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებულ შესყიდვებშიც. საქართველოს დაშვება ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დადებითი შეფასების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისთვის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ევროკავშირთან საჯარო შესყიდვების სფეროში ეტაპობრივი დაახლოების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. სამოქმედო გეგმა სულ ხუთი ფაზისგან შედგება და 2015-2022 წლებს მოიცავს.
I ფაზის მიმდინარეობის დროს საქართველოს მთავრობის ვალდებულება იყო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი ძირითადი სტანდარტების შემუშავება. ევროკავშირის საჯარო ტენდერებში სრული დაშვების მოსაპოვებლად საქართველომ კიდევ 4 ფაზა უნდა გაიაროს:
II ფაზა - 5 წელი ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან (დასრულება 2019)- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დირექტივისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დავების განხილვის შესახებ დირექტივის ძირითადი ელემენტები;
III ფაზა - 6 წელი ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან (დასრულება 2020 წელს) - სექტორების შესახებ დირექტივისა და სექტორების სფეროში დავების განხილვის შესახებ დირექტივის ძირითადი ელემენტები;
IV ფაზა - 7 წელი ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან (დასრულება 2021) - სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დირექტივისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დავების განხილვის შესახებ სხვა (სავალდებულო და არასავალდებულო) ელემენტები;
V ფაზა - 8 წელი ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან (დასრულება 2022 წელს)- სექტორების შესახებ დირექტივისა და სექტორების სფეროში დავების განხილვის შესახებ დირექტივის სხვა (სავალდებულო და არასავალდებულო) ელემენტები.
www.eugeorgia.info გთავაზობთ მიმდინარე დრომდე სახელმწიფო შესყოდვების სააგენტოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშსს.
საკანონმდებლო ცვლილებები
გასული წლის 6 აპრილს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილები შევიდა, რომელიც საერთაშორისო ვალდებულებების კუთხით შემდეგ ძირითად მიმართულებებს შეეხება: ა) პრინციპები; ბ) სპეციფიკაციები; გ) ვადები.
კანონში აისახა თანასწორი მოპყრობისა და პროპორციულობის პრინციპები. განისაზღვრა, რომ სატენდერო მოთხოვნების დადგენისას უპირატესობა შესრულებისა და ფუნქციური სპეციფიკაციების აღწერას უნდა მიენიჭოს. დადგინდა ტენდერის გამოცხადებისა და სატენდერო პირობების გაცნობის გონივრული ვადები. აღსანიშნავია, რომ ვადებთან დაკავშირებული ვალდებულება სამოქმედო გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია 2019 წლიდან. შეიცვალა გასაჩივრების წესი, კერძოდ, გამოცხადებული ტენდერის პირობებს ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფასოდ ასაჩივრებს, ხოლო შერჩევა-შეფასების ეტაპს მხოლოდ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი, რომლის უფლებაც შეილახა. ამისთვის, ის საჩივრის წარდგენის საფასურს იხდის, რომელიც მას დავის განხილვის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა თუ მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდება.
ახალი ცვლილებებისადმი ადაპტაციისთვის და კანონის მოთხოვნათა აღსასრულებლად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 19 კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი გამოსცა, რომელთა შორის ძირითადი ადგილი უჭირავს ორ მათგანს – ელექტრონული ტენდერის ჩატარების ახალ წესსა და ცვლილებს დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესში, რომლითაც განისაზღვრა, თუ როგორ უნდა მოხდეს საჩივრის წარდგენა საბჭოში ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით. დარჩენილი სხვა 17 კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ასევე აღასრულებს საკანონმდებლო მოთხოვნებს.
სააგენტომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის ორგანოს ახალ ინსტიტუციურ მოწყობას, დაკომპლექტებისა და მართვის პრინციპებს, ასევე სრული დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, შესაბამის მიდგომებს.
კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარები 2017 წელი
21-22 თებერვალი
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინიციატივით და TAIEX- ის მხარდაჭერით, გაიმართა სემინარი ევროკავშირის დირექტივების შესახებ, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებს არეგულირებენ. სემინარს ესწრებოდნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
7 და 9 მარტი
სემინარი ევროკავშირის ახალი დირექტივები კომუნალური სექტორისა და კონცესიების შესახებ. სემინარს ესწრებოდნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მთავრობის ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე იუსტიციის სამინისტროს და სხვა დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში SIGMA-ს ექსპერტებმა სემინარის მონაწილეებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებში კონცესიებისა და კომუნალურ სექტორში არსებული პროცედურები და რეგულაციები გააცნეს და ამ მხრივ დანერგილი საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს.
2 ივნისი
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში და კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერით თემაზე „კონკურენციის კანონმდებლობა ევროკავშირსა და საქართველოში“ სემინარი გაიმართა . აღნიშნულ სემინარს სახელმწიფო შესყიდვების სამი წარმომადგენელი დაესწრო.
6 ივნისი
ევროკავშირის პროექტის ეგიდით სემინარი „კორუფციული გარიგებების რისკების შემცირების მეთოდები“ გაიმართა. ღონისძიებას სახელმწიფო შესყიდვებისა და კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ. სემინარს ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მთავრობის ადმინისტრაციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლები.
20 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, ნიდერლანდების სამეფოში, ქ. ლეიდენსა და ჰააგაში, შესყიდვების სააგენტოს ორმა თანამშრომელმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს.
2-4 ოქტომბერი
თბილისში „აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ფორუმი საჯარო შესყიდვების ელექტრონულ სისტემებზე“ ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 120-მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ ფორუმებს ესწრებოდნენ მსოფლიოში ავტორიტეტული ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, რომლებიც როგორც საჯარო შესყიდვების ეფექტიანობაზე, ასევე ამ სფეროს მეტ გამჭვირვალობასა და მონიტორინგის გაუმჯობესებაზე მუშაობენ. გარდა ამისა, ელექტრონული შესყიდვების სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხები განხილეს.
სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში გასული წლის პირველ, მეორე და მესამე კვარტალში, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სასწავლო კურსი გაიარეს სახელმწიფო დაწესებულებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგნელებმა, ასევე საქართველოს საჯარო სკოლების შესყიდვების კუთხით დასაქმებულ სპეციალისტებმა. მსმენელთა თერთმეტი ნაკადის საერთო რაოდენობამ ჯამურად 773 ადამიანი შეადგინა. ტრეინინგების თემატიკა თერთმეტივე ნაკადის შემთხვევაში მოიცავდა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობას, შესყიდვების საშუალებების ზოგად მიმოხილვას, სახელმწიფო შესყიდვის სრული პროცესის მოდელირებას, გამარტივებული შესყიდვის პროცედურებს, კონსოლიდირებულ ტენდერებს, თეთრ და შავ სიას, კონკურსების გამართვის პრაქტიკულ ასპექტებს, აგრეთვე, დავების საბჭოს ფუნქციონირებას და ა.შ.
სხვა აქტივობები
GIZ-ის პროექტ „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“-ს მხარდაჭერის ფარგლებში გამოიცა:
300 ხშირად დასმული შეკითხვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ;
სახელმწიფო შესყიდვების გზამკვლევი;
ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელოს განახლებული ვერსიები;
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის შემაჯამებელი eNewsletter-ი; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის საქმიანობის ანგარიში;
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის I და II ნახევრის eNewsletter-ი;
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები, რომელიც შემუშავდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 6 აპრილს განხორციელებული ცვლილებების ეფექტურად აღსრულების მიზნით. მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ საიტზე.
დასრულდა პირველი ეტაპის სამუშაოები Open Contracting Data Standard-ის დანერგვის უზრუნველსაყოფად, რაც გულისხმობს როგორც აგრეგირებული, ასევე ცალკეულ შესყიდვებზე არსებული ინფორმაციის სპეციალურ machine readable ფორმატში (JSON) სისტემატურ პუბლიკაციას საგანგებოდ შექმნილ ახალ ვებგვერდზე http://opendata.spa.ge/. ამჟამად გამოქვეყნებულია სრულად 2016 წლის მონაცემები, მიმდინარეობს სამუშაოები წინა წლების მონაცემების გამოსაქვეყნებლად. ვებგვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება საჯარო ინფორმაცია და მონაცემები ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული ელექტრონული ტენდერების შესახებ JSON ფორმატში სათანადო ვიზუალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენებით. დაპროექტდა, გაიტესტა და გაეშვა სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმა კითხვარის სახით. შეიქმნა ახალი სისტემური შეტყობინებები, რომლებიც მიმწოდებლებს სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულ ფორმაში განხორციელებული ცვლილებებისას და დოკუმენტის ატვირთვისას ეგზავნებათ. კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემაში გაკეთდა ახალი გამოკითხვის ფორმები. დაემატა საინფორმაციო SMS-ების გაგზავნის კონტროლის მექანიზმი. 2017 წლის 6 აპრილის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების აღსასრულებლად სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განხორციელდა შესაბამისი მოდიფიკაცია და დაემატა ახალი ელექტრონული სერვისები. გარდა ამისა, გაეშვა შესყიდვის ახალი პროცედურა „ელექტრონული ტენდერი პრეკვალიფაკიით“ – TEP.
ასოცირების შეთანხმების 79-ე მუხლში (ეროვნული რეჟიმი და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი) საუბარია ბაზრების ორმხრივი გახსნის შემდეგ ქართული და ევროკავშირის კომპანიების 100 პროცენტით თანაბარ პირობებში ჩაყენების შესახებ. ასოცირების შეთანხმებაში ჩადებული ამ პირობის მიუხედავად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ადგილობრივი კომპანიებისთვის საქართველოს ხელისუფლება შეღავათების დაწესებას აპირებდა. ქართული კომპანიების საქართველოს ტენდერებში 10%-იანი შეღავათით სარგებლობის წესის შემოღების შესახებ ხელისუფლება სამთავრობო განხილვებს გეგმავდა.
ეს ინიციატივა მედიაში გაჟღერებისთანავე გააკრიტიკა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენელმა ელიზა ნიევიადომსკამ: "ჩემი აზრით, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს ბაზარი, ვიდრე გარკვეული პრივილეგიები იყოს დაწესებული მათ სასარგებლოდ. ჩვენი, როგორც ბანკის, მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესი გაიზარდოს. რამდენიმე ასეთი შემთხვევაც გვაქვს, მაგალითად საქართველოში, როდესაც კონკრეტული ბიზნესები გაიზარდნენ და ახლა ჩვენ მათ რეგიონულ ბაზრებზე შესვლაში ვეხმარებით. ასე, რომ, არ ვარ დარწმუნებული, რომ პრივილეგიების შექმნა ადგილობრივი ბიზნესისთვის, საჭიროა. ისინი თავადაც მოახერხებენ განვითარებას. რა თქმა უნდა, ყველა მთავრობას საკუთარი ხედვა აქვს, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან, ერთადერთი რაც, მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება, არის ფინანსებთან ხელმისაწვდომობა და გაზრდის შესაძლებობები, ამისთვის კი საჭიროა ღია ბაზარი და არა პრივილეგიები", - განაცხადა მაშინ ნიევიადომსკამ.
10%-იანი შეღავათის დაწესების თემაზე www.eugeorgia.info-მ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან გამოითხოვა: „აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სააგენტო კომენტარს ვერ გააკეთებს EBRD-ის წარმომადგენლის მიერ მედიაში გაკეთებულ კომენტარზე“, - წერილობით გვიპასუხა სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძემ.
ამჟამად შეღავათების შესახებ ინიციატივები ხელისუფლების მხრიდან საჯარო განცხადებებში აღარ ფიგურირებს. ევროკავშირის სახელმწიფო ტენდერებში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის კი 4 ფაზაა გასავლელი და ჯერჯერობით ევროკავშირის მისიას პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ აქვს.
ავტორი: ზურაბ მოდებაძე