როგორ შეუძლია ბიზნესს ისარგებლოს EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზით
2016 წლის მაისის თვეში ხელი მოეწერა EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზს, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის და EBRD-ის მხარდაჭერით. პროექტის მიზანი საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაა, რომლებსაც სურთ საკუთარი პროდუქცია ევროპულ ბაზრებზე გაიტანონ და ასევე, გაზარდონ სამომხმარებლო პროდუქციის ხარისხი და უსაფრთხოება საქართველოში.
EU4Business-EBRD-ის ფინანსურმა მხარდაჭერამ ბიზნესს საშუალება უნდა მისცეს, ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რაც საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA) აძლევს.
პროგრამის ფარგლებში ფინანსური რესურსი ორმა ქართულმა ბანკმა „საქართველოს ბანკმა" და „თიბისი”-მ უკვე მიიღეს. ამ თანხიდან „საქართველოს ბანკმა" 50 მილიონი დოლარი მცირე და საშუალო ბიზნესზე უკვე გაასესხა. „თიბისის”-თვის 60 მილიონი დოლარია გამოყოფილი და პროექტის ფარგლებში ბანკი ბიზნესს ერთი წელი კიდევ დააფინანსებს. პროგრამაში მაისიდან ჩაერთვება „პროკრედიტბანკი”, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესზე 10 მილიონ ევრომდე თანხას გაასესხებს.
პროექტის პირობა ასეთია: ადგილობრივი ბიზნესები ბანკიდან აღებული კრედიტის თანხის 10-დან 15%-მდე ევროკავშირისგან ე.წ. Cashback-ით დაიბრუნებენ გრანტის სახით. ეს ამ პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობაა და ამას ემატება ისიც, რომ ევროპული ბიზნესსესხის ფარგლებში ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, საერთაშორისო ექსპერტების საკონსულტაციო მომსახურებით უფასოდ ისარგებლონ და მიიღონ მხარდაჭერა ახალ ტექნოლოგიებსა და დანადგარებში ინვესტიციის განსახორციელებლად, რათა უფრო მარტივი გახადოს ევროდირექტივებთან ბიზნესის შესაბამისობა.
პროგრამის დეტალებზე eugeorgia.info-სთან EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ექსპერტი და ადგილობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი ხათუნა ახალაია საუბრობს:
- იმისათვის, რომ ქართულმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა სრულად ისარგებლონ DCFTA-ით და გააფართოონ თავიანთი ბაზრები ევროკავშირის ქვეყნებში, აუცილებელია ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობა. ხშირ შემთხვევაში ეს დაკავშირებულია ახალი დანადგარებისა და ტექნიკის სფეროში ინვესტიციებთან, რაც უფრო მარტივს გახდის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობას. ბიზნესს სჭირდება ცოდნა, რა მიმართულებით უნდა განხორციელდეს ინვესტიცია. ამ ინვესტიციის მოძიებაც ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი ბიზნესისთვის ასევე პრობლემას წარმოადგენს. EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი ბიზნესს სწორედ ამგვარი პრობლემების გადალახვაში დაეხმარება.
- რა საფეხურები უნდა გაიაროს ბიზნესმა, რომ შეღავათიანი ევროსესხით ისარგებლოს?
-- ავსებს განაცხადის ფორმას, რომლის ნახვა შეიძლება ჩვენ საიტზე www. eu4business-ebrdcreditline.com - ეს არის პირველი ნაბიჯი, რასაც დგამს ბიზნესი. შევსებული განაცხადის ფორმა მოდის ჩვენ საკონსულტაციო ჯგუფში და წინასწარი ტექნიკური მახასიათებლების განხილვის შემდეგ ვიღებთ პირველად გადაწყვეტილებას ანუ ვამბობთ, შეესაბამება თუ არა ეს პროექტი ჩვენ საკრედიტო ხაზს. ჩვენი თანხმობის შემდეგ ბანკი იწყებს ამ კომპანიის შესწავლას. ბანკი სთხოვს მას ხარჯთაღრიცხვის წარდგენას და ხელმძღვანელობს სტანდარტული მეთოდებით, რაც მთლიანად ბანკის კომპეტენციაა. ხარჯთაღრიცხვაში იწერება, კომპანიას რის ყიდვა სურს. მაგალითად, უნდა შენობის აშენება, რაც განსაზღვრული თანხა დაჯდება და ა.შ.
ჩვენ შესაბამისი ტრეინინგები ჩავუტარეთ საკრედიტო ოფიცრებს, რათა მათთვის მარტივი ყოფილიყო კომპანიასთან ურთიერთობა და მსურველებს დახმარებოდნენ განაცხადის ფორმის შევსებაში, რომელიც განსხვავებულია სხვადასხვა პროდუქტისთვის.
ამის შემდეგ კომპანიას სჭირდება საინვესტიციო გეგმის შედგენა. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ჩვენ მიერ შეთავაზებული 3 კომპონენტიდან კომპანიამ რომელი აირჩია: LET პროექტი, მარტივი თუ კომპლექსური პროექტი.
მხოლოდ პირველ კომპონენტს არ სჭირდება საინვესტიციო გეგმის მომზადება. დანარჩენი ორისთვის აუცილებელია. თითქმის ყველა სურსათის მწარმოებელს სჭირდება მარტივი საინვესტიციო გეგმა, ხოლო კომპლექსური პროექტის შემთხვევაში სრულფასოვანი საინვესტიციო გეგმა დგება.
საინვესტიციო გეგმის წერისას, ჩვენი საკონსულტაციო ჯგუფი უკავშირდება კომპანიას და ეხმარება მას, რომ შეისწავლოს რა მდგომარეობაა წარმოებაში შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის კუთხით და მისცეს რეკომენდაციები. კომპანიამ ამ რეკომენდაციების მიხედვით აუცილებლად უნდა მოაწესრიგოს საწარმო ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და მინიმუმ 1 ევროს სტანდარტი უნდა იყოს შესრულებული. ძალიან ხშირად ყველა კომპანია თანხმდება იმ რეკომენდაციებს, რასაც ჩვენ ვაძლევთ.
საინვესტიციო გეგმა ბარდება, როგორც კომპანიას, ასევე ბანკს. როცა გეგმა შესრულდება ანუ შესყიდული იქნება მომსახურება და დასრულებული იქნება საინვესტიციო ნაწილი, ამის შემდეგ პროექტი გადის ვერიფიკაციას.
საინვესტიციო გეგმას ახლავს შემოწმების სია CVR check list, ეს არის ვერიფიკატორებისთვის მომზადებული სია, სადაც წერია, რა სამუშაოები ჩატარდა კომპანიაში აღებული კრედიტით.
-გარდა იმისა, რომ ამ პროგრამის მონაწილე ბიზნესი Cashback-ით სესხის თანხის 10-15%-ს იღებს. ის ჩვეულებრივ მსესხებელთან შედარებით კიდევ რა უპირატესობა აქვს?
- ერთი ის, რომ უფასოდ იღებს საკონსულტაციო მომსახურებას. გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით კონსულტაცია საქართველოში ძალიან ძვირი ღირს. ჩვეულებრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს არ აქვთ ამის ფუფუნება. კონსულტაციის მიიღება ხდება მაღალი დონის ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტებისგან ამ პროგრამის ფარგლებში, სფეროების შესაბამისად.
ისინი, ამ პროგრამაში მონაწილეობის შედეგად ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს დააკმაყოფლიბენ და შემდეგ არც გარემოსდაცვითი აუდიტის შესვლის შეეშინდებათ და არც შრომის უსაფრთხოების. ჩვენი საკონსულტაციო მომსახურების შედეგად საწარმოში ყველაფერი მოწესრიგებული ექნებათ.
-ვერიფიკაცია რას გულისხმობს?
-ის ინვესტიცია, რომელიც განხორციელდა კომპანიაში, საჭიროა გადამოწმდეს. ვერიფიკაცია სწორედ ამ გადამოწმებას გულისხმობს. მოწმდება, არის თუ არა შესრულებული ის ვალდებულებები, რომელიც დაწესებულია ამ პროგრამის ფარგლებში. მაგალითად, მოწმდება კრიტერიუმი, რომელიც გულისხმობს, რომ საწარმოში თანამშრომელთა რიცხი არ უნდა აღემატებოდეს 250-ს და მას წლიური ბრუნვა 50 მილიონ ევროზე მეტი არ უნდა ჰქონდეს. მოწმდება, აქვს თუ არა კომპანიის მიერ შეძენილ ტექნიკას გარანტია, არის თუ არა ახალი და არა მეორადი. ამ შემოწმების გავლის შემდეგ კომპანიას ერიცხება Cashback-ი. ვერიფიკატორი კომპანიები ასევე შერჩეულია ევროკავშირის მიერ.
მოთხოვნაში კომპანიას უდევს, რომ სესხის ფარგლებში გარემოს დაცვის და შრომის უსაფრთხოების ევროპული სტანდარტი უნდა დანერგოს. ეს 2 მოთხოვნა არის სტანდარტული, ყველგან რომ უნდა იყოს. მერე უკვე სპეციფიკური მოთხოვნები მოდის - სურსათის უვნებლობა და მაგალითად, სამედიცინო სფეროსთვის სამედიცინო კუთხით ლიცენზირება.
-ვერიფიკატორების კომპანიის სამომავლო სტაბილურობას უყურებს?
- არა.
-ანუ ბანკებს ენდობა?
- ეს ბანკთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ რისკებს სესხის გაცემისას საკუთარ თავზე ბანკი იღებს. განსაკუთრებით სახელმწიფოს ხელშეწყობით განვითარებული ბიზნეს- სექტორი იღება მაღალ სარგებელს. მაგალითად, ის საწარმოები, რომლებიც სოფლის მეურნეობის საწარმოთა მართვის სააგენტოს ან „აწარმოე საქართველოს” პროექტებში მონაწილეობენ.
-კიდევ რაიმე ვალდებულება თუ აქვს კომპანიას ვერიფიკაციის გავლის შემდეგ?
- კომპანიას 3 წლის განმავლობაში არ აქვს უფლება გადაფაროს სესხი.
- ბანკი ადგენს ამ წესს?
- არა, ეს EBRD- სა და ბანკს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.
-რა შემთხვევაში უბრუნდება ბიზნესს სესხის თანხის 10% და როდის იღებს უკან 15%-ს?
-LET პროექტის შემთხვევაში კომპანიას უკან გრანტის სახით სესხის 10% უბრუნდება. LET პროექტის არჩევა იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომლებსაც მხოლოდ დანადგარების ყიდვა უნდათ. მაქსიმალური თანხა, რომელიც მათ ამ კომპონენტის ფარგლებში შეუძლიათ მიიღონ, 300 ათასი ევროა. ტექნიკის ჩამონათვალშია: სამედიცინო დანიშნულების აპარატურა, საკვების გადამამუშავებელი დანადგარები, ლაბორატორიის აღჭურვილობა, საბეჭდი დაზგები, ავეჯის წარმოების მოწყობილობა, ლაზერული ჭრის დანადგარები და ენერგოეფექტიანობის და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები. ბიზნესმა ამ სიიდან უნდა ამოარჩიოს სასურველი ტექნოლოგია.
მეორე- მარტივი პროექტი არის სურსათის მწარმოებლებისთვის, სადაც გრანტის კომპონენტი 15%-ია. ამ პროექტის ფარგლებში ბიზნესს შეუძლია მოითხოვოს კრედიტი: საწარმოო და სასაწყობე მეურნეობის რემონტისთვის, მოსავლის შესანახი სასაწყობე შენობა-ნაგებობების და სამაცივრე ოთახებისთვის; დასამუშავებელი, შესაფუთი და პროდუქტებზე ეტიკეტის დასატანი აპარატურის; ლაბორატორიების; აგრეთვე, პროდუქტის და/ან რისკის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო სისტემის სერთიფიკატის ხარჯებისთვის.
და მესამე- კომპლექსური პროექტი, რომლისთვის მაქსიმალური თანხა 3 მილიონი ევროა და საგრანტო თანხა- 15%. ეს პროექტი განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვისაა, ვისაც სურს დააკმაყოფილოს ევროკავშირის პროდუქტთან დაკავშირებული უფრო მკაცრი სტანდარტები. ამ პროექტის ფარგლებში კომპანიებს შეუძლიათ მოითხოვონ სესხი: ახალი დანადგარების, საწარმოო ხაზების შესაძენად; ახალი ბოილერების, გაგრილების სისტემების, გასათბობი ტუმბოებისთვის; შენობების რემონტისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის; სასაწყობე მეურნეობების, ციცი ოთახების და სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო სამუშაოებისთვის; ასევე შეიძინონ: სატვირთო მანქანები; მიწის ასაღები ტექნიკა. მარცვლეულის შესანახი სისტემები, წისქვილები, ცხოველთა გამოსაკვები მცენარეები; მეცხოველეობისთვის განკუთვნილი ნაგებობები; მტვრის შესამცირებელი სისტემები; ნარჩენი წყლებისა და ჰაერის გამწმენდი დანადგარები.
- ყველაზე მეტად ამ პროექტით რომელი ბიზნესი დაინტერესდა? რომელი სფეროებიდან?
- განსაკუთრებით გააქტიურდნენ სასათბურე მეურნეობები, ბოსტნეულის საწარმოები, ვისაც ექსპორტი აქვს, მაგრამ რესურსი არ ჰყოფნის და გაფართოება უნდა. ასევე ბევრ საწარმოს სურს თანხა ევროსტანდარტის შესაბამისი ხილის საშრობი დანადგარისთვის. დაინტერესება ძალიან დიდია. გამოჩნდნენ საინტერესო კომპანიები. გვყავს სურსათის მწარმოებლები, რომლებსაც საკუთარ საწარმოში უვნებლობის ევროპული სტანდარტების დაწესება სურთ. ასევე, საავტომობილო სერვისის კომპანიები. ახალი კანონმდებლობიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ ავტომობილებმა გაიარონ ტესტირება. მთავრობის ეს გადწყვეტილება მესიჯი გახდა ბიზნესისთვის და გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებსაც სურთ ასეთი სერვისი შესთავაზონ მომხმარებლებს და შესაბამის აღჭურვილობას იძენენ. ერთ-ერთი კომპანია ბათუმში აპირებს ასეთი სერვისის დანერგვას, რაც ძალიან კარგია, რადგან ავტომობილების ტესტირება საზღვართან ახლოს მოხდება.
ასევე, საინტერესოა, სამედიცინო სეგმენტის გააქტიურება. ადგილობრივი ბიზნესის კონსულტაციებისთვის სამედიცინო სექტორის უცხოელი სპეციალისტები, ექსპერტები მოვიწვიეთ. ვინაიდან საქართველოში სამედიცინო სფეროში ასეთი სპეციალისტების ნაკლებობაა.
-რა სახის სამედიცინო კომპანიები დაფინანსდნენ თქვენი პროგრამის ფარგლებში?
მაგალითად, სტომატოლოგიური კლინიკა, რომელსაც ახალი დანადგარები სჭირდება. დერმატოლოგიური კლინიკები, მრავალფუნქციური საავადმყოფოები, ონკოლოგიური კლინიკები, რომლებსაც თანამედროვე ტექნიკა სჭირდებათ. აგრეთვე აქტიურობენ სამშენებლო, გზის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიები. ასფალტის ქარხნები, რომლებიც გარემოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამაბინძურებლები არიან. ისინი ამ პროექტის ფარგლებში ყიდულობენ გერმანული მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტის მოწყობილობებს, ფილტრებს, ავზებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გააჯანსაღებს გარემოს.
- წარუმატებელი ბიზნესის მაგალითები თუ გქონდათ?
-არა, ესეთი არ ყოფილა. ვინც ვერიფიკაცია გაიაროს, საგრანტო თანხა მიიღოს და მერე დაიხუროს, ასეთი რამ ნაკლებად შესაძლებელია და არც ყოფილა.
-უცხოელი რეზიდენტებისთვის რამდენად არის შესაძლებელი სესხით სარგებლობა?
-ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, ვინც ბიზნეს-ოპერატორად ფიქსირდება, აქ იხდის გადასახადს და უნდა აწარმოოს საქართველოში, შეუძლია საკრედიტო ხაზითაც ისარგებლოს. ასეთი შემთხვევა იყო, თურქმა ბიზნესმენებმა აიღეს კრედიტი თხილის ბიზნესისთვის.
- სტარტაპები თუ ფინანსდება საკრედიტო ხაზის ფარგლებში?
- ასეთი ბენეფიციარები ბევრი გვყავს, ვისაც ნული თანამშრომელი, ნული ბრუნვა უფიქსირდება. ის სტარტაპია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ქონება არ აქვს. ის არა არის ღარიბი პირი, რომელმაც რაღაც ბიზნესის დაწყება მოიფიქრა. მას იდეა აქვს, განსაზღვრული კაპიტალი აქვს, ქონება, რომელიც შეუძლია იპოთეკით დატვირთოს და ბანკიდან გამოიტანოს სესხი. ძალიან დიდია მსურველთა რაოდენობა, ამიტომ ბანკებს საკრედიტო ხაზის რესურსის ათვისება არ უჭირთ. განსაკუთრებით ხიბლავს ბიზნესს, რომ 15%-ის მიზნობრიობა არ არის განსაზღვრული. კმაყოფილები არიან, რომ უკან საჩუქრად მიღებულ ფულს, რაშიც უნდათ, იმაში დახარჯავენ.
ავტორი: ნონა ქვლივიძე