Facebook-ი ნიუსფიდ-ის ალგორითმს აახლებს და Fake news -ებს ებრძვის - როგორ აისახება ცვლილებები მომხმარებელზე
გასულ თვეს ფეისბუქ-ის გუნდმა ახალ ცვლილებაზე - ნიუსფიდის ალგორითმის შეცვლაზე განაცხადა. ამიერიდან სოციალური ქსელის მომხმარებლები მეტ სიახლეს დაინახავენ ოჯახის წევრებისგან, მეგობრებსა და ახლობლებისგან და ნაკლებს - მასმედიის საშუალებებისგან, კომერციულ კომპანიებსა და ბრენდებისგან.
როგორ იმუშავებს ახალი ალგორითმი, რა პუბლიკაციებს მიენიჭება პრიორიტეტი და რა გავლენას მოახდენს ცვლილება მომხმარებლებზე, ამ კითხვებით EUGeorgia.info-მ ფეისბუქ-ის ერთ-ერთ რედაქტორს, ჯენიფერ ჯენკინს მიმართა.
ჯენკინსის განმარტებით, ნიუსფიდ-ის განახლება პირველ რიგში, ფეისბუქ-ის მომხმარებლებს შორის უფრო აქტიური კომუნიკაციის დამყარებისკენ იქნება მიმართული.
„ნიუსფიდ-ს ვაახლებთ იმ პუბლიკაციებისთვის პრიორიტეტის მისანიჭებლად, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანებს შორის საუბარს და მნიშვნელოვან ინტერაქციას. იმის გამო, რომ ნიუსფიდის სივრცე შეზღუდულია, მეგობრების და ახლობლების სტატუსების მეტი ჩვენებით, ვგეგმავთ საჯარო კონტენტის შემცირებას, მათ შორის ვიდეოებს და პოსტებს გამომცემლებსა და ბიზნესისაგან“, - გვწერს ჯენკინსი.
ალგორითმის შეცვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედია ორგანიზაციებისთვის, რადგან, ცვლილების თანახმად, ფეისბუქ-ის მომხმარებლების ნიუსფიდ-ში საინფორმაციო ხასიათის პუბლიკაციები ახალი ალგორითმის მიხედვით გამოჩნდება. პირველ რიგში, ნიუსფიდ-ში “აიწევს” ის პუბლიკაციები, რომლებიც ადამიანებს შორის კომუნიკაციას უწყობენ ხელს.
„შედეგი განსხვავებული იქნება გვერდიდან გვერდზე და დამოკიდებული იქნება ფაქტორებზე, როგორიცაა კონტენტის ტიპი და ადამიანების ინტერაქცია მოცემულ კონტენტთან მიმართებაში. გვერდები, რომლებიც ნაკლებ რეაგირებას ან კომენტარს იწვევს - დაიკლებს. ეს ცვლილება ნაკლებად შეეხებათ გვერდებს, რომელიც ახალისებს დიალოგსა და განხილვას მეგობრებს შორის. ისეთი გვერდები, რომლებიც წარმოქმნიან ინტერაქციას ადამიანებს შორის ნიუსფიდზე წინ წამოიწევს. მაგალითად, ლაივ ვიდეოები ყოველთვის უფრო მეტ დისკუსიას იწვევს Facebook-ზე მნახველებს შორის - მათ 6-ჯერ უფრო მეტი ნახვა აქვთ ვიდრე რეგულარულ ვიდეოებს“, - განმარტავს ადამ მოსერი, ფეისბუქ-ის ნიუსფიდ-ის ხელმძღვანელი.
ფეისბუქ-ის გუნდის განმარტებით, მომხმარებელთა უმეტესობას არ მოსწონს სპამ-შეტყობინებები, რომლებიც მოუწოდებენ მათ ინტერაქციისკენ მოწონების, გაზიარების, კომენტირების და სხვა ქმედებების გზით. მსგავს მოწოდებებს, როგორიცაა მაგალითად, „მოიწონე, თუ გვეთანხმები“, ფეისბუქ-ში „ჩართულობის სატყუარას“ უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ აუდიტორიის გაზრდას, ფეისბუქ-ის ნიუსფიდ-ის ალგორითმის გამოყენების გზით ცდილობენ. ამიტომ, ფეისბუქ-ის გუნდის გადაწყვეტილებით, ამიერიდან ნიუსფიდ-ში ნაკლებად გამოჩნდება იმ პიროვნებების თუ გვერდების პუბლიკაციები, რომლებიც „ჩართულობის სატყუარას“ ტაქტიკას იყენებენ. თუმცა, ცვლილებები არ შეეხება ისეთ პუბლიკაციებს, სადაც მომხმარებლებს დახმარებას, რჩევას, რეკომენდაციას სთხოვენ ან შემოწირულობას აგროვებენ.
„გვერდების ადმინისტრატორებმა უნდა გააგრძელონ ფოკუსირება რელევანტური და მნიშვნელოვანი მასალების პუბლიკაციაზე, სადაც არ გამოიყენება სატყუარის ტაქტიკა“, - აღნიშნავს ჰენრი სილვერმანი, ფეისბუქ-ის საოპერაციო პროცესების ინტეგრატორი.
განახლებულ ნიუსფიდ-ში პუბლიკაციების რაოდენობა წყაროს სანდოობაზე იქნება დამოკიდებული. მომხმარებლების მიერ სანდოდ შეფასებული პუბლიკაციები უფრო მეტად გავრცელდება, ხოლო პუბლიკაციები, რომლებსაც არ ექნებათ სანდოობის მაღალი შეფასება, შემცირდება.
„მიგვაჩნია, რომ ყველაზე ობიექტურ შედეგს მივაღწევთ თუკი საზოგადოება გადაწყვეტს წყაროს სანდოობას, რაც შესაბამისად იმუშავებს: ხალხს ვკითხავთ, რამდენად კარგად იცნობენ ინფორმაციის წყაროს და რამდენად ენდობიან მას. მთავარი იდეა გახლავთ ის, რომ ზოგიერთ მედია ორგანიზაციას მხოლოდ თავისი მკითხველი ან მაყურებელი ენდობა, მაგრამ არიან სხვა მედია ორგანიზაციები, რომლებიც ზოგადად, საზოგადოების ნდობით სარგებლობენ, მათ შორის ისეთი ხალხის, რომელთაც არ აქვთ გამოწერილი მათი გვერდი. ეს განახლება არ შეცვლის ახალი ამბების რაოდენობას, რომელიც ნიუს ფიდზე ჩანს, არამედ შეცვლის ბალანსს იმ გვერდების სასარგებლოდ, რომლებსაც საზოგადოებაში სანდო წყაროდ მიიჩნევენ. ვიმედოვნებ, რომ განახლებები Facebook-ზე დროის პროდუქტიულად გატარებას უზრუნველყოფს: ჩვენ ვაძლიერებთ ურთიერთობებს, ვერთვებით აქტიურ განხილვაში, პასიური მოხმარების ნაცვლად და, როდესაც ვკითხულობთ ახალ ამბებს, ვრწმუნდებით, რომ ის მოწოდებულია მაღალი ხარისხის სანდო წყაროსგან“, - აცხადებს მარკ ცუკერბერგი, ფეისბუქ-ის დამფუძნებელი.
როგორც EUGeorgia.info-სთან საუბარში ფეისბუქ-ის ერთ-ერთი რედაქტორი ჯენიფერ ჯენკინსი განმარტავს, ცვლილებების მიუხედავად, ფეისბუქ-ის მომხმარებლებს კვლავ ექნებათ საშუალება, თავად გადაწყვიტონ, რა პუბლიკაციები გამოჩნდეს საინფორმაციო ველის თავში და ამას „See First“-ის ინსტრუმენტით შეძლებენ.
ფეისბუქი დეზინფორმაციას და ცრუ ახალ ამბებთან ბრძოლას გააგრძელებს
ნიუსფიდ-ის განახლება ფეისბუქ-ში დეზინფორმაციისა და ცრუ ამბების გავრცელებასთან ბრძოლასაც შეუწყობს ხელს. ყოველთვიურად ფეისბუქ-ს თითქმის 2 მილიარდი ადამიანი სტუმრობს, აქედან 1,2 მილიარდი სოციალურ ქსელში ყოველდღე აქტიურია. კომპანია, რომელიც მარკ ცუკერბერგმა ჰარვარდის საერთო საცხოვრებელში 13 წლის წინ შექმნა, დღეს ყველაზე მსხვილი და გავლენიანი ორგანიზაციაა ახალი ამბების ბიზნესში. ფეისბუქ-ის აუდიტორია გაცილებით დიდია, ვიდრე ნებისმიერი ამერიკული ან ევროპული სატელევიზიო კორპორაციის, გაზეთის, ჟურნალის ან ინტერნეტ გამოცემის აუდიტორია.
ფეისბუქ-ში აღიარებენ, რომ სოციალური ქსელების სწრაფი ზრდა არა მხოლოდ სიკეთეების, არამედ საფრთხეების მომტანია. პრობლემებმა თავი იჩინა 2016 წელს, როცა გაირკვა, რომ ფეისბუქ-ის საშუალებით, პოლიტიკურ მოვლენებზე გავლენა იყო შესაძლებელი.
ფეისბუქ-მა ვერ მოახერხა ვირუსული კონტენტის, ცრუ ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელების აღმოფხვრა 2016 წელს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. რუსეთი ცრუ ახალ ამბებს აქტიურად ავრცელებდა ე.წ. ბრექსიტის რეფერენდუმის წინ და ევროკავშირის ქვეყნებში არჩევნების პერიოდში. ფეისბუქ-ის ოფიციალური ინფორმაციით, იმ დროს ე.წ. ტროლებმა რუსეთიდან დაახლოებით 80 000 დეზინფორმაცია გამოაქვეყნეს, რომელმაც აშშ-ში 126-მილიონიანი აუდიტორია მოიცვა.
ფეისბუქ-ის ნიუსფიდ-ის გადახედვისას, რთულია იმის გარჩევა, რა ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და რა არის სიცრუე. უნდა გჯეროდეთ თუ არა ყველაფრის, რასაც კითხულობთ, მაშინაც კი, თუ ამ ინფორმაციას აქვეყნებს ადამიანი, რომელსაც კარგად იცნობთ?
დეზინფორმაციას სხვადასხვა ფორმა აქვს და თემების ფართო არჩევანს ფარავს - როგორც პოპ-კულტურას და პოლიტიკას, ისე სტიქიურ უბედურებებს და ჰუმანიტარულ კრიზისებს.
რა თქმა უნდა, ადამიანების უმრავლესობას „ცრუ ახალი ამბების“ გაზიარება ან კითხვა არ სურს. ფეისბუქ-ის მომხმარებელი სოციალურ ქსელში სწორ ინფორმაციას ეძებს, თუმცა ხშირად არ იცის, თუ რა ინფორმაციას და რა წყაროებს ენდოს.
ერთწლიანი ტესტირების და შესწავლის შემდეგ, ფეისბუქ-ის გუნდმა შეიმუშავა მექანიზმი, რომელიც აფრთხილებს მომხმარებელს, როცა ნიუსფიდ-ში ცრუ ინფორმაციას ხედავს. რამდენიმე თვის წინ კი, ცრუ ინფორმაციის გამოვლენისთვის და მისი რაოდენობის შემცირებისთვის, ფეისბუქ-ის გუნდმა ცვლილებების სერია განახორციელა:
- მომხმარებლისთვის უფრო მარტივი გახდა ფეისბუქ-ის გუნდისთვის შეტყობინების გაგზავნა, იმ შემთხვევაში თუ წაიკითხა ისტორია, რომელიც მისი მოსაზრებით, ყალბ ინფორმაციას შეიცავს;
- ფეისბუქ-ის გუნდმა დაიწყო თანამშრომლობა ფაქტების გადამოწმების დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან;
- ამოქმედდა მომხმარებლების გაფრთხილების ფუნქცია, რათა მიიღოს შეტყობინება, რომ სტატია შესაძლოა, ცრუ ინფორმაციას შეიცავდეს;
დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდების შემუშავების პროცესში, ფეისბუქ-ის გუნდი მოგზაურობდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხვდებოდნენ სხვადასხვა ადამიანებს და ესაუბრებოდნენ დეზინფორმაციის შესახებ. შეიტყვეს, რომ ცრუ ახალი ამბები მთავარ პრობლემას წარმოადგენს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ჩავიდნენ. მათი ამოცანა იყო, გაეგოთ როგორ გამოიყურება დეზინფორმაცია სხვადასხვა კონტექსტში და როგორ რეაგირებენ ადამიანები მექანიზმებზე, რომლებიც აგებინებენ, რომ მათ მიერ წაკითხული ახალი ამბავი შესაძლოა, ცრუ ინფორმაციას შეიცავდეს.
შესაბამისი კვლევების შემდეგ ფეისბუქ-ის ხელმძღვანელობამ, ყალბი ახალი ამბების გამოვლენის მიზნით, ახალი ინსტრუმენტი დანერგა. მანამდე არსებული „წითელ დროშები“ (Disputed Flags), რომელიც მომხმარებელს ახალი ამბის საეჭვო შინაარსზე მიუთითებდა, ჩაანაცვლა ოპციამ სახელწოდებით „მსგავსი მასალები“ (Related Stories).
კომპანიის შემქმნელთა განმარტებით, წითელი დროშები ყალბ ახალ ამბებზე ჩნდებოდა მხოლოდ მაშინ, როცა კონტენტის საეჭვო შინაარსს ორი ცენზორი ადასტურებდა. ეს კი ტროლებს დამატებით დროს აძლევდა სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის გასავრცელებლად.
ამიერიდან, ქსელის მომხმარებლები ცრუ ახალი ამბების ქვეშ დაინახავენ „მსგავს მასალებს“ - შესაბამის ბმულებს ავტორიტეტულ მედია საშუალებებზე, რომლებსაც მაღალი სანდოობა აქვს. კორპორაციაში მიიჩნევენ, რომ ახალი ინსტრუმენტი დეზინფორმაციის გავრცელების შემცირებას შეუწყობს ხელს. მოგვიანებით, ფეისბუქ-ის გუნდში აღმოაჩინეს, რომ ამ ინსტრუმენტის გამოყენებით, შემცირდა დეზინფორმაციული კონტენტის შემცველი სტატიების გაზიარების რაოდენობა.
აკადემიური კვლევები ადასტურებს, რომ “მსგავსი პუბლიკაციების“ მექანიზმი, რომელიც ააშკარავებს ცრუ ინფორმაციას, მნიშვნელოვნად ამცირებს არასწორ წარმოდგენებს.
„მსგავსი სტატიები“ გადამოწმებული ინფორმაციის ჩვენების საშუალებას გვაძლევს, მაშინ როდესაც მხოლოდ ერთ გადამმოწმებელს აქვს შემოწმებული ინფორმაცია. იმ მიზეზით რომ ბევრმა ადამიანმა არ იცის ფაქტების გადამმოწმებლების ვინაობა, ჩვენ გამოსაჩენ ადგილზე განვათავსეთ ბეიჯი, ფაქტების გადამმოწმებლის გვერდზე, რათა ხალხმა შეძლოს წყაროს იდენტიფიცირება“, - ამბობს ჯეფ სმიტი, ფეისბუქ-ის დიზაინერი.
ცვლილებებთან ერთად, ფეისბუქ-მა ძველი ინსტრუმენტებიც შეინარჩუნა. თუ გუნდში შეიტყვეს, რომ ფაქტ-ჩეკერები სტატიის შინაარსს ეჭვქვეშ აყენებენ, მომხმარებლებს, რომლებმაც ეს კონტენტი გაიზიარეს, დაუყონებლივ შესაბამისი შეტყობინება ეგზავნებათ.
დეზინფორმაციასთან ბრძოლის ფარგლებში, კორპორაციამ ფეისბუქ-ის ნიუსფიდში სანდო მედია საშუალებებისთვის პრიორიტეტის მინიჭების მექანიზმიც დანერგა, რაც მარკ ცუკერბერგის თქმით, ცრუ ახალ ამბებთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდი იყო.
დაახლოებით 6 თვის წინ კი, ფეისბუქ-მა კიდევ ერთი ზომა მიიღო - გვერდებს, რომლებსაც არაერთხელ გაუვრცელებიათ ცრუ ახალი ამბები, ფეისბუქში საკუთარი ექაუნთების რეკლამირება აეკრძალათ.