EU4Business EBRD -ის საკრედიტო ხაზით 121 საწარმო დაფინანსდა სესხის 15% ბიზნესს გრანტის სახით დაუბრუნდა
20 წელზე მეტია კომპანია შპს „S.R.T” სამეგრელოში თხილს მოსახლეობისგან ყიდულობს, მის გადამუშავებას ახდენს და ევროპაში ექსპორტზე გააქვს. კომპანიის დამფუძნებელი დემურ არდია ამბობს, რომ ევროპაში ფეხის მოკიდება იოლი არ იყო. თავდაპირველად იმით დაიწყეს, რომ შეისწავლეს ევროპას თხილზე რა მოთხოვნები ჰქონდა, თანდათან დაუახლოვეს წარმოება ევროპულ სტანდარტებს და მიაღწიეს იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან შეკვეთები მიიღეს. მოთხოვნა მათ თხილზე თანდათან გაიზარდა და კომპანიასაც შემოსავლები გაუჩნდა.
„კომპანია 2012 წელს დავაარსე. თხილის გადამუშავება თავიდან დაქირავებულ ქარხანაში დავიწყეთ. როცა ფეხზე დავდექით და ევროპიდან შეკვეთები გაიზარდა, „თიბისის”- გან გრძელვადიანი კრედიტი ავიღეთ და ქარხანა ვიყიდეთ. გავარემონტეთ და ISO 22000:2005 სერთიფიკატი ავიღეთ. რამდენიმე წელიწადში კრედიტის გადაფარვა მოვახერხეთ.
ევროპელ პარტნიორებთან ჩავედით, ვნახეთ ის დანადგარები, რაც მათ ჰქონდათ. ის დანადგარები იმდენად ძვირადღირებული იყო, რომ მისი შეძენა ჩვენი საკუთარი რესურსით არ შეგვეძლო. ევრობანკის კრედიტ-ლაინის პირობებმა გადაგვაწყვეტინა 965 ათასი ლარის ღირებულების თხილის სარჩევი დანადგარი შეგვეძინა. მათი კონსულტანტების რეკომენდაციებით ზუსტად და სწორად შევარჩიეთ, როგორი ტექნიკური მახასიათებლებით უნდა ყოფილიყო დანადგარი, რა გარანტიები უნდა ჰქონოდა და ა.შ. კრედიტ-ლაინის ექსპერტებმა სწორი მიმართულება მოგვცეს, გვირჩიეს, რა იყო საჭირო ჩვენთვის. ლაზერის საშუალებით ხდება თხილის გადარჩევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უხარისხო მოსავლის პირობებში. საერთაშორისო სტანდარტის დანერგვამ საშუალება მოგვცა გაგვეზარდა პროდუქციის ასორტიმენტი, რაოდენობა და ხარისხი.
გარდა ამისა, აღებული კრედიტის 15% გრანტის სახით უკან დავიბრუნეთ, რაც ჩვენ წარმოებას ფინანსურად ძალიან დაეხმარა. კრედიტის 15% დაიბრუნო და წარმოებას მოახმარო, ძალიან დიდი სტიმულია”, - ამბობს შპს „S.R.T” -ის დამფუძნებელი დემურ არდია.
კიდევ ერთი წარმატებული ქართული კომპანიიის „ჯეო ფლაუერს’-ის ისტორია კი 2007 წელს დაიწყო, როდესაც ინდ. მეწარმე მინდია ხურციძემ ლეჩხუმში ლაჯანურ ჰეს-ის მიმდებარედ მცირე საწარმო დაარსა. კომპანია ხილის ჩირებსა და სამკურნალო დანიშნულების მცენარეებს დანამატების გარეშე აწარმოებს, რადგან მათი ნიშა ორგანული პროდუქტის წარმოებაა. პროდუქციის დიდი ნაწილი ევროკავშირში იყიდება. კომპანიის ექსკლუზიური პარტნიორი მსოფლიოში ცნობილი ჩაის მწარმოებელი ფირმა „მარტინ ბაუერია“. ევროპიდან შეკვეთების ზრდის გამო კომპანია გაფართოების და ახალი დანადგარების შეძენის აუცილებლობის წინაშე დადგა.
„ჩირის წარმოებისთვის ძალიან გვჭირდებოდა ხილის საშრობი და საპრესი დანადგარი,- ამბობს კომპანია „ჯეო ფლაუერსის” წარმომადგენელი თამთა ბოჭორიშვილი,- გავიარეთ კონსულტაცია ევროპის რეკონსტრუქციის ბანკთან, კონკრეტულად რა დანადგარები იყო უკეთესი, რომელი წარმოების შეგვეძინა. მათი რჩევების გათვალისწინებით დანადგარების მომწოდებლების მოძიება უცხოეთში დავიწყეთ. EBRD-ის კრედიტ ლაინის მეშვეობით აღებული 130 ათასი ევროს მოცულობის სესხიდან 19 ათასი ევრო ქეშ-ბექით უკან გრანტის სახით დაგვიბრუნდა, რაც წარმოების გაფართოებას მოვახმარეთ”.
EU4Business EBRD საკრედიტო ხაზი 2017 წლის სექტემბერში ამოქმედდა. 18 თვის შემდეგ ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა პროექტის მიმდინარეობა შეაფასეს.
ევროკავშირმა საკრედიტო ხაზით ადგილობრივ ბიზნესს ორი ქართული ბანკის: „საქართველოს ბანკისა” და „თიბისის” მეშვეობით აფინანსებს. უახლოეს მომავალში ამ პროცესში კიდევ ერთი „პროკრედიტბანკი” ჩაერთვება და სესხების გაცემას საწარმოებზე ე.წ. cash back პრინციპით დაიწყებს, რაც სესხის 10-15%-ის უკან ბიზნესისთვის დაბრუნებას გულისხმობს.
„საკრედიტო ხაზის ფარგლებში საქართველოში სულ ამ დროისთვის 121 პროექტის დასაფინანსებლად 62,11 მილიონი ევროს კრედიტი გაიცა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მონაცემებით, სულ ამ ინვესტიციის შედეგად ქვეყანაში 7 ათასი სამუშაო ადგილია შექმნილი”,- ამბობს მასიმო ბიანჩი EU4Business EBRD -ის წარმომადგენელი.
დაფინანსებული 121 საწარმოებიდან ყველაზე მეტი სურსათის წარმოებისა და მრეწველობის სფეროში საქმიანობს, თითოეული სფეროდან-24-24, მათ შესაბამისად 14 და 12 მილიონ ევრომდე სესხი მიიღეს. საცალო წარმოება და სერვისი - 21 პროექტი 6,8 მილიონი ევროს მოცულობის სესხი გაიცა.15 აგროსექტორის საწარმოზე 5,15 მილიონი ევროს კრედიტია გაცემული. ასევე დაფინანსებულ საწარმოთა ჩამონათვალშია 13 საკონსულტაციო ფირმა(4,7 მილიონი ევროს სესხი მიიღეს), 11 სამედიცინო(8 მილიონი ევრო), 8 სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი(8,3 მილიონი ევრო), 4 ენერგოეფექტური წარმოება( 2.7 მილიონი ევრო) და 1 სატრანსპორტო(600 ათასი ევრო).
121 საწარმოდან 59 პროექტი რეგიონში ფუნქციონირებს. 62-თბილისშია.
ყველაზე მეტი 12 პროექტი ბანკებმა კახეთის რეგიონში დააკრედიტეს 9,8 მილიონი ევროს ოდენობით, იმერეთსა(5,26 მილიონი ევრო) და ქვემო ქართლში(1,64 მილიონი ევროს ოდენობის) 9-9 პროექტია დაკრედიტებული, სამცხე-ჯავახეთში- 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში-7(5,75 მილიონი ევრო), მცხეთა-მთიანეთში-6(4,35 მილიონი ევრო), აჭარა-5 პროექტი(1,7 მილიონი ევრო). ყველაზე მცირე წილი დაფინანსების თვალსაზრისით შიდა ქართლსა და რაჭა-ლეჩხუმს უკავია.
როგორც 18 თვის მონაცემებმა აჩვენა, კომერციული ბანკები ყველაზე უფრო მეტ სესხსს საშუალო ბიზნესზე გასცემენ. „საქართველოს ბანკმა” და თიბისიმ ამ სეგმენტიდან 69 კომპანიაზე 48 მილიონ ევრომდე სესხი გასცეს. 31 პროექტი მცირე ბიზნესიდანაა- 10,4 მილიონი ევროს კრედიტით და 21 მიკრო ბიზნესზე 5 მილიონ ევრომდე სესხი გაიცა.
როგორც ბანკების წარმომადგენლები ამბობენ, საქართველოში არსებულ ბიზნესებს, როგორც წესი, ბანკიდან კრედიტის გამოსატანად აქტივები არ ჰყოფნით და საკუთარი საცხოვრებელი სახლის იპოთეკით დატვირთვაც უწევთ. ევროკავშირის პროექტის მიზანი ის არის, რომ ბიზნესმა გაზარდოს აქტივები.
ევროკავშირისგან მიღებული დაფინანსებიდან „საქართველოს ბანკმა" 50 მილიონი დოლარი მცირე და საშუალო ბიზნესზე უკვე გაასესხა. „თიბისის”-თვის 60 მილიონი დოლარია გამოყოფილი და პროექტის ფარგლებში ბანკი ბიზნესს ერთი წელი კიდევ დააფინანსებს. „პროკრედიტბანკი” კი მცირე და საშუალო ბიზნესზე 10 მილიონ ევრომდე თანხას გაასესხებს.
„საქართველოს ბანკის” წარმომადგენლის გიორგი გამყრელიძის თქმით, „მეწარმეებს არ სჯეროდათ, რომ სესხის თანხის 15%-ს გრანტის სახით მიიღებდნენ. როცა პირველი ასეთი ბენეფიციარი გამოჩნდა, შემდეგ დარწმუნდნენ, რომ ეს რეალური იყო. კომერციული ბანკების წარმომადგენლების თქმით, სესხის საპროცენტო განაკვეთს ბანკი ინდივიდუალურად, კომპანიის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით ადგენს.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წარმატებული პროექტის შემდეგ ფაზაზე გადავდივართ. EU4Business EBRD დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს მრეწველობის, ტრანსპორტის, საცალო ვაჭრობის, საკვების, მომსახურებისა და მედიცინის სექტორებიდან ინვესტიცია განეხორციელებინათ ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისთვის, საექსპორტო პოტენციალის გაზრდისთვის და პროდუქტებისა და მომსახურების გაუმჯობესებისთვის, რომელსაც ისინი ადგილობრივ ბაზარზე წარმოადგენენ”, -ამბობს ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე კატარინა მატერნოვა.
ევროკავშირმა EU4Business EBRD -ის საკრედიტო ხაზის ფარგლებში ფინანსური რესურსი 3 ქვეყნის: საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის გამოყო. როგორც კატარინა მატერნოვამ განაცხადა, ბენეფიციარი ქვეყნებიდან საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.
ეს დაფინანსება ბიზნესს ეხმარება ფინანსების მოძიებაში, რათა ინვესტირება მოახდინოს თანამედროვე დანადგარებსა და ტექნოლოგიებში. ევროკავშირის დახმარება ტექნიკურ დახმარებასა და საგრანტო წახალისებასაც ითვალისწინებს და თან ერთვის საინვესტიციო პროექტებს. ევრობანკს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების საკონსულტაციო მომსახურებისთვის 18 მილიონი ევრო აქვს გათვალისწინებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანაში.
ნონა ქვლივიძე