„პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტები“ კასრის ფორმის ავეჯს გერმანიასა და თურქეთში გაიტანს
სს „პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტები“გერმანიაში კასრის ფორმის ავეჯის ექსპორტს ახორციელებს. მოთხოვნის ზრდის გამო კომპანიას ავეჯის წარმოების ხაზის თბილისში, ლილოს დასახლებაში გამოაქვს და გერმანიის გარდა თურქეთის ბაზარზე შესვლაც გეგმავენ. ავეჯის გარდა ევროპული სტანდარტის ალკოჰოლური სასმელებისთვის განკუთვნილ მუხის კასრებსაც აწარმოებენ, რაც ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვისაა გათვლილი.
„პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტები“ როგორც სააქციო საზოგადოება 2013 წელს შეიქმნა ქართველი და სამი ესპანელი აქციონერის მიერ. მუხის კასრების საწარმოებლად გურჯაანში მიტოვებული საწარმოს ტერიტორია შეირჩა, რომელიც შეღავათაიანი აგროკრედიტის დახმარებით გარემონტდა. საბოლოო ჯამში, საწარმოში 630 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტი 550 000 აშშ დოლარს შეადგენდა.
დღესდღეობით კომპანიის წარმადობა ათასი კასრია წელიწადში. ძირითადად 225 ლიტრიანი კასრები მზადდება. საჭირო ხის მასალა ევროპიდან შემოდის. მზა პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. რეგიონში ეს ერთადერთი საწარმოა, რომელიც მუხის კასრებს ამზადებს. კომპანიაში მუდმივად 15 ადამიანია დასაქმებული. პერსონალს წარმოების ტექნოლოგია ესპანელი მაღალი დონის სპეციალისტმა შეასწავლა.
კასრების სიცოცხლისუნარიანობა საშუალოდ 10 წელია. კომპანიას საგარანტიო მომსახურების და რესტავრაციის სერვისი აქვს. მუხის კასრი ბოლო დროს ქართველ მეღვინეებში საკმაოდ პოპულარული ხდება, რადგან მეღვინეების აზრით, კასრში ღვინო უფრო რბილდება და განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს იძენს.
უშუალოდ ღვინისთვის განკუთვნილი კასრების გარდა „პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტების“ საწარმოში მოძველებული კასრებისგან სხვადასხვა დიზაინის ავეჯს ამზადებენ, რომელიც ძირითადად ბარებისა და რესტორნების ინტერიერის მოსაწყობად გამოიყენება.
ღვინისთვის გამოუსადეგარი კასრებით ავეჯის დამზადების იდეა კომპანიის დირექტორ ვასიკო კალანდაძეს ეკუთვნის: „ევროპაში ვიზიტების დროს, იქაურ ბარებში კასრებით დამზადებული ავეჯი ბევრჯერ გვინახავს. გადავწყვიტეთ, რომ ძველი კასრებისგან ავეჯი ჩვენც გვეწარმოებინა. ამ მიზნით გამოუსადეგარი კასრების შესყიდვა დავიწყეთ, რომლისგანაც თავდაპირველად მარტივი დიზაინის ავეჯი გავაკეთეთ. ჩვენმა ესპანელმა აქციონერებმა, გერმანიაში პარტნიორები იპოვეს და შარშან ექსპორტზე გავედით. რადგან ბაზრიდან მოთხოვნა წამოვიდა, მომხმარებელს უფრო მრავალფეროვან ავეჯს შევთავაზებთ, რისთვისაც პროფესიონალი დიზაინერების ჩართულობაც დაგვჭირდება. კომპანიის გაფართოების მიზნით ავეჯის წარმოების ხაზის თბილისში გადმოტანას ვაპირებთ. ლილოს დასახლებაში მალე საწარმო გვექნება, სადაც მხოლოდ ავაეჯს დავამზადებთ. გერმანიაში ექსპორტის გარდა, თურქეთის ბაზარის ათვისებასაც ვგეგმავთ, ამისთვის მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს და დამაბრკოლებელი ფაქტორებიც არ არსებობს“.
„პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტების“ ნაწარმი ფასის კომპონენტით ევროპულთან შედარებით კონკურენტუნარიანია. ევროპაში 225 ლიტრიანი ღვინის კასრი საშუალოდ 700 ევრო ღირს, მაშინ როდესაც ქართული წარმოების კასრის ღირებულება 500 ევროს შეადგენს. ვეროპულთან შედარებით მისაღები ფასებია საექსპორტო ავეჯზეც, თუმცა ჯერჯერობით წარმოების სისუსტე ის არის, რომ ავეჯის ფართო სპექტრის წარმოება არ ხდება და ძირითადად ამ ეტაპზე მაგიდების, სავარძლებისა და საათების წარმოებაზე ორიენტირებულები არიან. თუმცა თბილისში საწარმოს მოწყობის დასრულების შემდეგ კომპანია ავეჯის გამრავალფეროვნებასა და ხარისხის გაუმჯობესებას გეგმავს, რითაც ევროპისა და სხვა ბაზრებზე წარსდგებიან.
ავტორი: ზურაბ მოდებაძე