„კავკაზპაკ”-მა იმპორტირებული შესაფუთი მასალები ქართულით ჩაანაცვლა
„კავკაზპაკ”-მა იმპორტირებული შესაფუთი მასალები ქართულით ჩაანაცვლა
კომპანია „კავკაზპაკმა” ევროკავშირის CreditLine-ით 510 ათასი დოლარის კრედიტი აიღო და ამ თანხით ენერგოეფექტური დანადგარები შეიძინა. ევროპული სტანდარტის დანადგარებით კომპანია ერთჯერად შესაფუთ მასალებს აწარმოებს, რასაც ადგილობრივი რძის, კვერცხის მწარმოებლები, სუპერმარკეტები და საკონდიტრო საწარმოები პროდუქციის ჩასალაგებლად იყენებენ.
„კავკაზპაკს” წარმოება რუსთავში აქვს და მომხმარებლებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე სასაწყობე ფართებიდან ამარაგებს. შესაფუთი მასალები რამდენიმე წლის წინ მთლიანად იმპორტირებული იყო. ადგილობრივი ბაზარი უმეტესად თურქული პროდუქციით მარაგდებოდა. „კავკაზპაკმა” თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა იმპორტი და ამ მიმართულებით უმსხვილესი მოთამაშეა ბაზარზე.
„დღეისათვის სულ 30 სხვადასხვა დასახელების პროდუქტს ვაწარმოებთ. საქართველოში არსებულ მეფრინველეობის ფაბრიკები კვერცხის ჩასალაგებლად მთლიანად ჩვენ პლასტიკატის ყუთებს იყენებენ, - ამბობს „კავკაზპეკი”-ის დამფუძნებელი ვატო სოფრომაძე,- არადა, ადრე ეს სეგმენტი მთლიანად იმპორტულ შესაფუთ მასალებს ეკავა, 80% თურქეთიდან იყო შემოტანილი, დანარჩენი აღმოსავლეთ ევროპიდან. რძის პროდუქტების მწარმოებლებს მაწვნის, არაჟნის ყუთების თავსახურები ადრე სომხეთიდან შემოჰქონდათ. დღეისათვის ამ მასალით უკვე ჩვენ ვამარაგებთ. ასევე ვამზადებთ სატორტე ყუთებს. ყველა საკონდიტრო ამჟამად ჩვენი პროდუქციას იყენებს. მათაც ადრე მასალის 75-80% თურქეთიდან შემოჰქონდათ, ნაწილი- უკრაინიდან. იმპორტი ამ სეგმენტშიც თითქმის მთლიანად ჩავანაცვლეთ. ასევე ვამზადებთ სასალათე და სხვა სახის კონტეინერებს: ხილის, ბოსტნეულის ჩასალაგებლად. ამ მიმართულებით იმპორტი უკვე 50%-ით ჩავანაცვლეთ და წილის გაზრდისთვის ბრძოლას კიდევ ვაგრძელებთ.
გვაქვს ახალი პროექტი, რომელიც ზაფხულში დაიწყება. ვიწყებთ ხილის ნასვრეტებიანი კონტეინერების გამოშვებას, რომელიც ნებისმიერი ხილისთვის, ჟოლოსა და სხვა კენკროვნების ჩასალაგებლად გამოიყენება. მალე ამ სეგმენტშიც ჩავანაცვლებთ იმპორტულ პროდუქციას.
2016 წლამდე ბაზარზე შედარებით მოკრძალებული წილი გვეკავა. შემდეგ შეღავათიანი აგროსესხით მოვახერხეთ გაზრდა. საჭირო გახდა ISO 9001 სერთიფიკატის აღება. ამ საქმეში IBRD დაგვეხმარა და ხარჯების 50% დაგვიფინანსა. მას შემდეგ ევრობანკთან პარტნიორული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ამიტომ როგორც კი გამოცხადდა CreditLine- ის პროგრამა, ავიღეს ევროკავშირის კრედიტ-ლაინის სესხი, ევროპული სტანდარტის დანადგარები და სპეციალური ყალიბი შევიძინეთ და გავფართოვდით. კრედიტის 15% Cash-back -ით დაგვიბრუნდა. უკან მიღებული თანხა ისევ წარმოებაში დავაბრუნეთ და შედეგიანი ინვესტიცია გამოგვივიდა.
-ახალი დანადგარებმა რა შედეგი მოიტანა? ქარხნის წარმადობა გაზარდა?
- ქარხანაში ძველი დანადგარები გვქონდა და საჭირო იყო მისი თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩანაცვლება. ახალი ევროპული დანადგარი ძველთან შედარებით ბევრად ენერგოეფექტურია, ასევე გააჩნია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი. მუშახელისთვის, რომელსაც ამ დანადგართან უწევს მუშაობა, ის უსაფრთხოა. ამავე დროს უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებას. ახალი ტექნოლოგიებით სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს სრულად ვაკმაყოფილებთ. ასევე, გვაქვს ბრიტანული Intertec-ის და ამერიკული FDA-ის სერთიფიკატებიც, რაც ფარმაცევტული პროდუქციისთვის ყუთების გამოშვების უფლებასაც გვაძლევს.
ამერიკულ სადისტრიბუციო კომპანიასთან კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი და მათთვის შევქმენით ახალი პროდუქტი. ეს არის პლასტიკატის ყუთი, რომელიც როცა დაიხურება, მას მხოლოდ მყიდველი გახსნის. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ პროდუქტი, რომელიც ყუთშია მოთავსებული, იყოს ხელშეუხებელი. ასეთი ყუთები მომხმარებლის უსაფრთხოების დაცვის მიზნით კეთდება, პროდუქტი რომ არ შეცვალონ ან ჩაამატონ, როცა მას ვადა გაუვა. ამ პროდუქტს აშშ-თვის ვამზადებთ და ექსპორტზე მიმდინარე თვეში გავგზავნით.
„კავკაზპაკ"-ის ქარხანა რუსთავში
-წარმოებისთვის საჭირო ნედლეული უცხოეთიდან შემოგაქვთ?
-ნედლეულის იმპორტი ევროპიდან ხდება, რაც პლასტიკატის გადამუშავების შედეგად მიღებული მეორადი ნედლეულია. ევროპაში სუპერმარკეტებსა თუ სხვა დიდი ობიექტებში ხდება პლასტიკატის ნაწარმის უკან დაბრუნება, რაც შემდეგ სპეციალურ ქარხნებში მუშავდება და მეორადად გამოყენება. ასე პლასტიკატის ნაწარმის გამოყენება შეიძლება დაუსრულებლად. ჩვენი წარმოება ამ ფორმით გარემოს დაბინძურებისგან იცავს. ევროპული სტანდარტიც ამას გულისხმობს, რომ გარემოზე მინიმალური ზემოქმედება მოვახდინოთ.
-თქვენ თვითონ ხომ არ აპირებთ გადამამუშავებელი ქარხნის გაკეთებას?
- კი მაგ საკითხზე დიდი ხანია ვფიქრობთ. გვინდა, რომ შევხვდეთ თბილისი მერს და ჩვენი იდეა გავაცნოთ. პლასტიკატის გადაყრილი ბოთლები, რომლებიც აბინძურებს მდინარეების კალაპოტებს, გარემოს, მისი გადაყრა აღარ მოხდეს და ნედლეულად გამოვიყენოთ.
- თქვენი პროდუქტი იმპორტირებულზე რამდენად იაფი გამოდის?
-ადგილობრივ წარმოებას შესაფუთი მასალის შესასყიდი ფასი დაახლოებით 30-40%-ით შეუმცირდა. გარდა ამისა მათ ლოჯისტიკური პრობლემებიც მოეხსნათ, რაც პროდუქტის უცხოეთიდან შემოტანას ახლდა. აღარ სჭირდებათ წინასწარ დიდი მარაგები გაიკეთონ, მთლიანი კონტეინერი დაიქირაონ. ამის საჭიროება მათ აღარ აქვთ. შეუძლიათ ადგილზე იყიდონ პროდუქცია ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერ დროს. ჩვენ აწყობილი გვაქვს სადისტრიბუციო ქსელიც და ერთი ყუთი უნდათ თუ ათასი, შეუძლიათ მიიღონ უმოკლეს დროში.
- ექსპორტი რომელ ქვეყნებში ხდება და მომავალში სად გეგმავთ შესაფუთი მასალების გატანას?
-ამჟამად ვყიდით აზერბაიჯანში, სომხეთსა და ისრაელში. არის დაინტერსება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ბულგარეთთან და რუმინეთთან. იმედი გვაქვს, რომ ამ ქვეყნებთან ექსპორტის შესახებ შეთანხმება უახლოეს მომავალში მზად გვექნება.
ნონა ქვლივიძე