ხულოს მუნიციპალიტეტში 1 მლნ ევრო გრანტის სახით გაიცემა
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში 4 წლიანი პროექტი „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ხორციელდება. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტს ხელმძღვანელობს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში, HMRR-თან და PMC კვლევით ცენტრთან პარტნიორობით. პროექტის მიზანია სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორების მჭიდრო თანამშრომლობით და ჩართულობით ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა.
პროექტი ოფიციალურად 2017 წლის პირველ მაისს დაიწყო, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 2 მლნ ევროა. აქედან საგრანტო ეტაპისთვის 1 მლნ ევროა გამოყოფილი. პროექტის პირველ ეტაპზე შეიქმნა ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), რომლის წევრებმაც მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა გასული წლის ნოემბერში დაიწყეს:
“სტანდარტულად შევქმენით ადგილობრივი განვითარების ჯგუფი და დავიწყეთ სტრატეგიაზე მუშაობა, რომელიც დასკვნით ეტაპზეა და დაახლოებით ივნისის შუა რიცხვებში უკვე დასრულებული სტრატეგია გვექნება. ასევე, სტრატეგიასთან ერთად გვექნება საგრანტო სახელმძღვანელო”- ამბობს პროექტის სექტორული კოორდინატორი, გიორგი აბულიძე
გიორგი აბულიძის თქმით სტრატეგიის პრიორიტეტები უკვე გამოკვეთილია და ესენია:
- სოფლის მეურნეობა
- კომუნალური და სოციალური ინფრასტრუქტურა
- კულტურა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა
- მცირე მეწარმეობა და არაეკონომიკური აქტივობები
- გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა
- ტურიზმი სოფლად
ამჟამად ხულოს LAG-ში 136 ადგილობრივია გაწევრიანებული, რომლებიც წარმოადგენენ როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, ასევე, კერძო და სამოქალაქო სექტორებს. სტრატეგიაზე მუშაობის დასრულებისთანავე, ერთთვიანი საინფორმაციო კამპანია განხორციელდება და ივლისის თვეში გამოცხადდება საგრანტო კონკურსი. გამარჯვებული პროექტები პრიორიტეტების მიხედვით შეირჩევა.
გარდა საგრანტო კონკურსისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები. ტრენინგები გარემოს დაცვის საკითხებსა და პროექტების წერაზე ჩატარდება LAG-ის წევრებისთვის. ასევე, საგრანტო კონკურსის გამოცხადების მეორე ეტაპზე, როცა უკვე გადარჩეული იქნება იდეები, აპლიკანტებისთვის ჩატარდება ტრენინგი სრული საპროექტო განაცხადის ფორმის შესავსებად.
ამას გარდა, დაგეგმილია ვიზიტები სხვა მუნიციპალიტეტების LAG-ებთან, რომლებიც უკვე 2 წელია ფუნქციონირებენ და აქვთ გარკვეული გამოცდილება. აპრილის თვეში უკვე შედგა პირველი გასვლითი ვიზიტი ლაგოდეხის LAG-თან, რომლის ფარგლებშიც ჯგუფის წევრები გაეცნენ ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქმიანობას, მათ განვლილ გზას. ასევე, მათ მიიღეს ინფორმაცია დაფინანსებული პროექტების, მოხალისეობრივი სამუშაოების შედეგებისა და სხვა მოზიდული დონორებიდან მიღებული დაფინანსებით შექმნილი მცირე პროექტების შესახებ. ორივე LAG-ის წარმომადგენლებმა, ლაგოდეხში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან თანამშრომლობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ბიზნეს ინიციატივები მოინახულეს. მათ შორის იყო ვარდის სათბური, ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, მარწყვის სათბური, სამაცივრე მეურნეობა და კიტრის სათბური. ერთ-ერთი მორიგი გასვლა ზაფხულში იგეგმება.
ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ხულოს გარდა საქართველოს კიდევ ოთხ მუნიციპალიტეტში: ქედაში, თეთრიწყაროში, ახალქალაქსა და დედოფლისწყაროში შეიქმნა. ოთხწლიანი პროექტი ხულოს მუნიციპალიტეტში 2021 წლის მარტში დასრულდება.
ქეთი მელქაძე