ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა
კოოპერატივი “სოფლის იმედი” სამეგრელოში, სოფელ უშაფათში 29 ფერმერს აერთიანებს. კოოპერატივის ძირითად საქმიანობას თხილის გადამუშავება და დისტრიბუცია წარმოადგენს. "სოფლის იმედი" 2014 წელს დარეგისტრირდა და იგი ერთ-ერთი პირველი სტატუს მინიჭებული კოოპერატივია სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში. დარეგისტრირებიდან მალევე, კოოპერატივმა ENPARD-ის პროექტში მიიღო მონაწილეობა და CARE International-ისგან 96 000 ლარის ღირებულების მანქანა-დანადგარები მიიღო. კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე მალხაზ ხუნწარია eugeorgia.info-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ახალი დანადგარების მეშვეობით, შეიქმნა ღირებულებათა ჯაჭვი და წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა:
“პროექტის ფარგლებში გადმოგვეცა 40 ათასი ევროს ღირებულების 4 ერთეული საშრობი დანადგარი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კლიმატიდან გამომდინარე. გარდა ამისა, შეგვიძინეს სატეხი წისქვილი, რამაც წარმოების მოცულობები და გადამუშავების ეფექტიანობა გაგვიზარდა”- ამბობს მალხაზ ხუნწარია.
დანადგარის შეძენამდე კოოპერატივში თხილს ბუნებრივ პირობებში აშრობდნენ, და ყველაფერი ამინდზე იყო დამოკიდებული. გარდა ამისა, მალხაზ ხუნწარია გვიხსნის, რომ ექსპერტების მოსაზრებით მზეზე შრობა არ არის რეკომენდებული, რადგან თხილი გარკვეული დოზით მზის რადიაციას ღებულობს. საშრობი დანადგარის მეშვეობით ხდება თხილის სასურველ ტენიანობამდე დაყვანა. კარგი მოსავლის პირობებში (თუ არ ჩავთვლით ბოლო ორ წელიწადს, როცა თხილს სოკოვანი დაავადებები გაუჩნდა და ფაროსანა შეესია) საწარმოს შეუძლია ერთი წლის განმავლობაში გადაამუშაოს 1200 ტონა ნედლეული და დაახლოებით 500 ტონა სუფთა პროდუქცია მიიღოს.
“სოფლის იმედის” საკუთრებაში არსებული თხილის ბაღები 36 ჰექტარზეა გაშენებული. გადამამუშავებელ საწარმოში 50-მდე ადამიანი სტაბილურადაა დასაქმებული, ამგვარად საწარმოს გარკვეულწილად სოციალური დატვირთვაც აქვს სოფლისთვის, რადგან სოფელში მცხოვრები თითქმის ყველა ოჯახი გარკვეული ფორმით ჩართულია საწარმოს საქმიანობაში.
როგორც ცნობილია, უკვე მესამე წელია თხილს სერიოზული დაავადება აქვს და მკურნალობა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მალხაზ ხუნწარია მიიჩნევს, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია დაავადებების სწორი იდენტიფიცირება, შემდგომ კი სოფელი უნდა აღიჭურვოს საჭირო ტექნიკით. “მექანიზატორისგან” ტექნიკის ქირაობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ამასთან ერთად სამეგრელოში ასეთ მაღალ გაბარიტიან ტრაქტორებს უჭირთ მუშაობა თხილის ბაღებში.
“მიმდებარე სოფლებში 1500-2000 ტონა ნედლეულის რესურსია და კარგი იქნებოდა შეგვეძინა 3 ერთეული მცირე გაბარიტიანი ტრაქტორი, ტურბო დაბერვის შესაწამლი აპარატითა და ფრეზით. ეს ტექნიკა ჩვენი კოოპერატივის ბაზაზე მოემსახურებოდა 4 სოფელს. ველოდებით ENPARD-ის მესამე ფაზის დაწყებას შემოდგომაზე, რომ ეს პროექტი შევიტანოთ”-ამბობს მალხაზ ხუნწარია.
“სოფლის იმედი” გადამუშავებულ პროდუქციას მსხვილ ექსპორტიორს აწვდის, რომელსაც შემდგომ გააქვს ევროკავშირის ქვეყნებსა და სხვა საექსპორტო ბაზრებზე. კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მომავალში საწარმოში HACCP-ის სტანდარტის დანერგვას და ევროკავშირის ქვეყნებში პირდაპირ ექსპორტს გეგმავს.
ქეთი მელქაძე