საქართველო ევროკავშირთან სტაბილურ სავაჭრო ურთიერთობას ინარჩუნებს
ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში სტაბილურად მზარდია. თუ 2007 წელს ევროკავშირში ექსპორტი ჯამში, დაახლოებით, 269 მილიონ დოლარი იყო, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 241 პროცენტითაა გაზრდილი და 647 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოსთვის ისტორიული მაქსიმუმია.
2014 წლის, 1-ლი სექტემბრიდან ქართველ მწარმოებლებს პროდუქტის ექსპორტზე გატანა ევროკავშირში გადასახადების გარეშე შეუძლიათ. DCFTA-ის ეს შესაძლებლობა ევოკავშირი-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზეც აისახა, თუმცა აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება (DCFTA) ქართველ მეწარმეებს გაცილებით დიდ შესაძლებლობებს აძლევს, რაც ჯერჯერობით მცირედითაა ათვისებული. DCFTA-ს ამოქმედებამდე, 2011-2013 წლების განმავლობაში ევროკავშირში ქართული ექსპორტის წლიურმა საშულომ დაახლოებით 462 მილიონი დოლარი შეადგინა, DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ კი, 2015-2017 წლებისთვის, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 621 მილიონი დოლარია.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ექსპორტის მოცულობა დსთ-ს ქვეყნებში აღემატება ევროკავშირში ექსპორტს, ამ ორ მაჩვენებელს შორის სხვაობა მცირდება. გარდა ამისა, ევროკავშირში ექსპორტის სტაბილური სტატისტიკასთან შედარებით, დსთ-ს ქვეყნებში საქართველოს ექსპორტი უფრო დიდი ვარიაციით ხასიათდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი წლიდან წლამდე ცვალებადია, რაც, თავის მხრივ, დსთ-ს ბაზრებზე ორიენტირებული კომპანიებისთვის არასტაბილურ გარემოს ქმნის. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური სავაჭრო ურთიერთობა აქვს რუსეთის ფედერაციასთან, რომლის ბაზარი პოლიტიკური მოტივებით ხშირად მიუწვდომელი ხდება ექსპორტიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, პირველ კვარტალში აგროსასურსათო პროდუქტების მთლიანმა ექსპორტმა ევროკავშირში 37.8 მილიონი ა.შ.შ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე დაახლოებით 22 %-ით მეტია. ძირითადი საექსპორტო პროდუქტების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება: სპირტიანი სასმელები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, გადამუშავებული და გადაუმუშავებელი თხილი, მინერალური და მტკნარი წყლები და სხვა. ექსპორტის 22%-იანი ზრდა დიდწილად განპირობებულია სპირტიანი სასმელების ექსპორტის ზრდით, რომელიც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.3 მილიონი ა.შ.შ დოლარითაა გაზრდილი. გაზრდილია ასევე ღვინის (62%) და სხვა საქართველოსთვის ტრადიციული საექსპორტო პროდუქტების ექსპორტი.
ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში აქტიურად ხორციელდება ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, მათ შორის ისეთი მეწარმეების, რომლებიც ექსპორტზე არიან ორიენტირებული. ქართველი მწარმოებლები წლიდან-წლამდე სწავლობენ ევროპული ბაზრის მოთხოვნებს; ქართული პროდუქტი უფრო ცნობადი ხდება ევროკავშირის მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე მომხმარებლისთვის. ეს გარემოებები გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ევროკავშირში ქართული ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება და, რაც მთავარია, ჩვენ მომავალში შევძლებთ მნიშვნელოვნად გავზარდოთ არა მხოლოდ ღვინისა და თხილის გატანა, არამედ სხვა, ჩვენთვის არატრადიცული საექსპორტო საქონლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე.