უწყლობის გამო კახეთში ფერმერებს ნარგავები უფუჭდებათ
უწყლობა არაშენდაში
ელისო ღვინიაშვილი ახალგაზრდა ქალი ფერმერია, რომელიც რამდენიმე წლის წინ დედაქალაქიდან სოფელში წავიდა და მეურნეობას მოჰკიდა ხელი. 2016 წელს სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი” მიიღო მონაწილეობა. მაყვლის და კაკლის ბაღები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში გააშენა. პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ ნერგების ღირებულების 60% დააფინანსა, დარჩენილი ნაწილი ფერმერის ინვესტიცია იყო. 2,5 ჰექტარზე მაყვალი გააშენა, 6 ჰექატრზე- კაკალი.
„სახელმწიფო პროექტის პირობა იყო, რომ ბაღი აუცილებლად სარწყავი არხის მოსაზღვრედ უნდა ყოფილიყო. ამ ნიშნით შევარჩიეთ მიწა და ვიყიდეთ სარწყავი არხის მიმდებარედ სოფელ არაშენდაში. გვიხაროდა, რომ იმ დროს სარწყავი არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. იმედი გვქონდა, რომ განახლებული არხით ნაკვეთის მორწყვას შევძლებდით და ამან უფრო მეტი სტიმული მოგვცა. დაცულად ვიგრძენით თავი. 2017 წელს წყალი მეტნაკლებად გვქონდა. მართალია, მელიორაციის სამსახურმა გვითხრა, რომ მაისის ბოლო კვირიდან შეძლებდნენ წყლის მოწოდებას, მაგრამ მორწყვა დაგვიანებით, ივნისის შუა პერიოდში დაიწყეს. მანამდე ნერგებს ცისტერნებით მიტანილი წყლით ვრწყავდით.
2018 წელს წყლის მოწოდებას მაისიდან ველოდებოდით, მაგრამ ივლისის პირველ კვირას მოგვაწოდეს და შემდეგ აგვისტოს დასაწყისში. ამ ერთთვიან პერიოდში სულ ავარიები იყო და ისე გამოვიდა, რომ წყალი სულ ორი დღე გვქონდა. უწყლობამ ის გამოიწვია, რომ კაკალი გახმობის პირას მივიდა. ახლა ნარგავები გახმობას რომ გადავარჩინოთ, უამრავი თანხა უნდა დავხარჯოთ. თუ ნარგავები გადაგვირჩა, ნაყოფის მოცემას დააგვიანებს. პირველი მოსავალი 2 წლის შემდეგ რომ უნდა მიმეღო, ახლა 4 წლის შემდეგ მომცემს.
როგორც ინფორმაცია მაქვს, შარშან ტენდერის გამოცხადება დააგვიანეს, ამიტომ არხის გაწმენდა მხოლოდ ივნისის ბოლოს დაიწყეს. მერე გვალვები დაიწყო და მორწყვას რომ ვითხოვდეთ, არხში წყალი ნაუცბათევად გამოუშვეს, რამაც ავარიები გამოიწვია. წყლის გამოშვებიდან ნახევარ საათში იძულებულები იყვნენ გადაეკეტათ, რადგან არხი იჭედებოდა და წყალი ზემოდან გადმოდიოდა. არხს იმდენად ხშირად სჭირდება რემონტი, რომ მგონია, ის თავის დროზე ხარისხიანად არ გაკეთდა.
ნარგავები, განსაკუთრებით კაკალი, ისეთ მდგომარეობაშია, რომ მორწყვა ახლავე სჭირდება. უწყლობის გამო ნერგი სუსტდება და დაავადებები უჩნდება. ამ ზამთარს თოვლი არ ყოფილა, მიწა გამომშრალია, ამიტომ წყალი უკვე აპრილიდან გვჭირდება. ივნისში მაინც იქნება? -არ ვიცით.
ახლა იძულებული ვარ, წყალი ვიყიდო, 20-30 ცისტერნით შევიტანო, რომ ბაღი გადავარჩინო. ნახერხი, ტორფი, პერლიტი უნდა შემოვუფინოთ მცენარეს ფესვებთან, რომ ტენი შენარჩუნდეს, რადგან მელიორაციამ შეიძლება წყალი ისევ ივლისამდე არ მოგვცეს. ეს ყველაფერი დამატებით ფინანსებს მოითხოვს, რაც ძალიან გვაზარალებს.
„საქართველოს მელიორაციის” საგარეჯოს სამმართველოს დავუკავშირდი, კახეთის რეგიონულ სამსახურსაც, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესაც მივმართე, რომელმაც გვირჩია რეზერვუარი შეიძინეთ და წყლის მოწოდების პრობლემა თავად მოაგვარეთო. სამინისტროში ამბობენ, საკმარისი წყალი არ გვაქვსო. მგონია, რომ წყალი გვაქვს, მაგრამ აქ მენეჯმენტის პრობლემასთან გვაქვს საქმე”,- ამბობს ელისო ღვინიაშვილი.
არაშენდაში სარწყავი წყლის პრობლემაზე სხვა ფერმერებიც საუბრობენ. „არაშენდას ტერიტორიაზე ვენახი და სიმინდის ყანა გვაქვს. პრობლემა ისაა, რომ ჩვენთან გვალვა იწყება ადრე, წყალი კი გვიან არის. შარშან არხში წყალი დაგვიანებით გამოუშვეს, მაგრამ ისეთი დიდი რაოდენობით, რომ ნაკვეთში ვეღარ შევდიოდით. ჩანს, რომ დაქსელვის პრობლემა აქვთ, ვერ აძლევენ სწორ მიმართულებას და წყალი თვითდინებით მიდის. წყალი გზაზე მოდიოდა და ტალახში ვვარდებოდით. როცა გვალვაა და ნარგავებს წყალი უჭირს, მორწყვა მაგ დროს გვჭირდება, ეს უნდა დაარეგულირონ. წელს გვპირდებიან, წყლის ნაკვეთამდე მოსაყვანად მილს დავამონტაჟებთო. ტექნიკა მათია, მაგრამ მასალის ფასი ჩვენ უნდა გადავიხადოთ. კარგი იქნება, წყალს ივნის-ივლისში თუ მოგვაწვდიან”,- ამბობს ფერმერი ამირან მამისაშვილი.
„არაშენდაში ვენახი გვაქვს გაშენებული. როცა წვიმებია, ვაზს მორწყვა აღარ უნდა, მაგრამ როცა გვალვაა, სარწყავი წყალი რა თქმა უნდა, საჭიროა. შარშან წყალი ერთხელ გამოუშვეს არხში და 75 ლარი გადავიხადეთ ჰექტარზე. წელს არ მიგვიმართავს მელიორაციის სამსახურისთვის. კარგია თუ წყალი აგვისტოში მაინც იქნება”,- ამბობს ფერმერი ირინა გილიგაშვილი.
მილიონები წყალში
ქვეყანას სარწყავი წყლით შპს „საქართველოს მელიორაცია” ამარაგებს. კომპანია სახელმწიფოს საკუთრებაშია და შესაბამისად თითქმის მთლიანად ბიუჯეტიდან ფინანსდება. სარწყავი სისტემების რეაბილიტაციისთვის გასულ წლებში ათეულობით მილიონი დაიხარჯა. მათ შორის „მსოფლიო ბანკის” კრედიტი, რომლის გადახდა ცხადია, სახელმწიფო ბიუჯეტს მოუწევს. შარშან „საქართველოს მელიორაციამ” ბიუჯეტიდან 41,950 მილიონი ლარის დაფინანსება მიიღო, 2017 წელს- 45,7 მილიონი ლარის. 2016 წელს 53.6 მილიონი გაიხარჯა, 2015 წელს დაფინანსება 59.9 მილიონ ლარს შეადგენდა, 2014 წელს -50,1 მილიონი ლარი, 2013 წელს -60.2 მილიონი ლარი. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით წელს კომპანია კიდევ 42,930 მილიონი ლარს მიიღებს.
ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და გახარჯული მილიონების მიუხედავად, ბევრ რეგიონში სისტემა არ მუშაობს. არაშენდა ერთადერთი სოფელი არ არის, სადაც სარწყავი წყლის დეფიციტის გამო ფერმერებმა იზარალეს. იმის გამო, რომ სამშენებლო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა, გასულ წელს ახალციხეში, სოფელ კლდეში, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ლაგოდეხში, კასპში ფერმერებს მოსავალი ვერ მიიღეს.
„კომპანიას შეუძლია ერთჯერადი მორწყვის შედეგად მომსახურება სრულყოფილად ჩათვალოს"
სოფელ არაშენდას სარწყავი წყალი ქვემო სამგორის სარწყავი არხით მიეწოდება, რომელიც სიონის წყალსაცავიდან მარაგდება. სავარგულები მოქცეულია მაგისტრალური არხის ბოლოში, სათავიდან 48 კმ-ის დაცილებით. „საქართველოს მელიორაციაში” ამბობენ, რომ მისაწოდებელი წყლის რაოდენობა და განაწილება მომხმარებელთა მოთხოვნაზეა დამოკიდებული.
„თუ მომხმარებელი ითხოვს სარწყავ წყალს 8-10 ჰექტარი მრავალწლიანი ნარგავების მოსარწყავად, ამ შემთხვევაში მაგისტრალში წყლის გაშვება არ არის მიზანშეწონილი ძალზე მცირე წყალმოთხოვნილების (≈100 ლ/წმ-ში ხარჯით) გამო. მით უმეტეს, როდესაც ის 48 კილომეტრზე უნდა ატარო მაშინ, როდესაც მორწყვის სეზონი ჯერ კიდევ არ არის დაწყებული. როგორც ყოველთვის, მიმდინარე სეზონზეც, წყლის გაშვება იგეგმება ივნისის დასაწყისიდან, ამ პერიოდისათვის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე”,- ასეთია კომპანიის პასუხი არაშენდელი ფერმერების პრობლემაზე.
კანონმდებლობის მიხედვით, სასოფლო სამეურნეო ნაკვეთების მფლობელმა „საქართველოს მელიორაციის” ადგილობრივ სერვისცენტრში უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი, სადაც უნდა მიუთითოს, როდის არის მისთვის ხელსაყრელი ნათესის მორწყა. თუმცა, კომპანიის მიერ eugeorgia.info-თვის მოწერილი პასუხიდან ჩანს, რომ თუ წყალსაცავში წყალი არ იქნება, ის აბონენტს წყალს მაინც ვერ მიაწვდის.
„ცოტა ხნის წინ მელიორაციის სამსახურის წარმომადგენელი დამიკავშირდა და გავაფორმოთ ხელშეკრულებაო. ვკითხე, იღებდნენ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ წყალს მომცემენ. როგორც გაირკვა, წყალი იქნება თუ არა, ამის გარანტიას ვერ გვაძლევენ. ახალ ხელშეკრულებაში ჩაწერეს, რომ თუ წყალი არ მოგვაწვდიან, თანხას არ გადაგახდევინებთო. შარშან როცა 2 დღე იყო წყალი, იმის გადასახადს მთხოვენ. ჰექტარზე 75 ლარია. გამოდის, რომ ფულს არაფერში მახდევინებენ. თანახმა ვარ მეტიც გადავიხადო, ოღონდ წყალი გარანტირებულად მქონდეს”,- ამბობს ელისო ღვინიაშვილი.
კანონმდებლობის მიხედვით, კომპანიას არ ეკისრება სანქცია იმ შემთხვევაში, თუ ვერ შეძლებს მომსახურების გაწევას ან არაგონივრული ვადით გადააცილებს ხელშეკრულებაში მითითებულ თარიღს. ხელშეკრულებით მომსახურების გაწევის რაოდენობაც არ არის განსაზღვრული. შესაბამისად, კომპანიას საშუალება აქვს, რომ ერთჯერადი მორწყვის შედეგად მომსახურება სრულყოფილად ჩათვალოს და მომხმარებელს შესაბამისი გადასახადი დაარიცხოს.
აღნიშნულ პრობლემაზე სახელმწიფო კომპანია პასუხისმგებლობას ერთი მხრივ, მომხმარებელს, მეორე მხრივ, კანონმდებლებს აკისრებს
„კომპანიამ შეიმუშავა დროებითი რეკომენდაციები სარწყავი წყლის ლიმიტის განსაზღვრის და მორწყვის კალენდარული გეგმის შედგენის შესახებ. თუმცა ამას მომხმარებლები ჯერჯერობით არ ასრულებენ, რადგან სამელიორაციო მომსახურების საფასური განისაზღვრება მორწყული ფართობით და არა მოხმარებული წყლის რაოდენობით. ამ ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სარწყავი წყლის ტარიფების შემოღების შემდეგ. კომპანია არ თვლის, რომ ერთჯერადი მორწყვა სრულყოფილი მომსახურებაა, მაგრამ სამელიორაციო მომსახურების საფასურია იმდაგვარად დამტკიცებული, რომ ერთჯერადი მორწყვაც ითვლება მიღებულ მომსახურებად და მიმღები ვალდებულია გადაიხადოს დაწესებული საფასური ”, - ასეთია „საქართველოს მელიორაციის” განმარტება.
მელიორაციის სფეროში არსებულ პრობლემებზე აუდიტის სამსახური თავის დასკვნაშიც მიუთითებს. საირიგაციო სისტემის 2017 წლის დასკვნაში აუდიტი წერს, რომ შპს „საქართველოს მელიორაცია“-ს არ აქვს შემუშავებული მეთოდი, რომლის მიხედვითაც უნდა გაანაწილოს სარწყავი წყალი ნაკვეთებს შორის. ვერ უზრუნველყოფს საირიგაციო მომსახურების საიმედო და თანაბარ მიწოდებას აბონენტებისათვის, მომსახურების ხარისხი განსხვავებულია საირიგაციო არხის გასწვრივ, არხის თავში მყოფი აბონენტებისთვის წყალი ხელმისაწვდომია, როდესაც არხის შუა და ბოლო მონაკვეთში განლაგებული ნაკვეთები წყლის უკმარისობას განიცდიან. კომპანიასა და აბონენტებს შორის ნაკლებია კომუნიკაცია, რასაც მიანიშნებს ის ფაქტი, რომ ხელშეკრულებების 67% გაფორმებულია ზაფხულის პერიოდში, რაც განაპირობებს დიდი ზომის არაპროგნოზირებადი, მოკლევადიანი მოთხოვნის წარმოშობას არხის სხვადასხვა წერტილში.
აუდიტის სამსახური ასევე მიუთითებს, რომ „მომსახურების დაბალი ხარისხის პირობებში, ფერმერები განიცდიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგებს სამეურნეო ფართობების ნაწილობრივ ათვისების, არსებული აგრო კულტურების დაბალი მოსავლიანობის და მათი მაღალშემოსავლიანი კულტურებით ჩანაცვლების შეზღუდული შესაძლებლობების გამო”.
აუდიტის სამსახურის საკმაოდ მწვავე დასკვნის მიუხედავად, როგორც ჩანს, არსებითი გაუმჯობესება მელიორაციის სფეროში არ მომხდარა. eugeorgia.info- ს კითხვაზე, გააუმჯობესა თუ არა მომსახურება კომპანიამ აუდიტის სამსახურის ბოლო შეფასების შემდეგ და რაში გამოიხატა ეს გაუმჯობესება, „საქართველოს მელიორაცია"-მ კონკრეტული მაგალითი ვერ დაასახელა.
ავტორი: ნონა ქვლივიძე