ეკონომიკის სამინისტრო: „ქუთაისის კარგო ტერმინალი ყველა მეწარმე სუბიექტს მოემსახურება”
ქუთაისის აეროპორტში სატვირთო ტერმინალის მშენებლობის თარიღი კვლავაც უცნობია
მწარმოებლებს, რომლებსაც საკუთარი პროდუქციის უცხოეთის ბაზარზე გატანა სურთ, არაერთი პრობლემა ექმნებათ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქციის ტრანსპორტირებაა. პროდუქტი, განსაკუთრებით მალფუჭებადი, ავია ტრანსპორტით გადაზიდვისას სპეციალურ ტემპერატურულ რეჟიმს მოითხოვს, რომლის უზრუნველყოფა რთულია. საქართველოდან არ არსებობს კარგო რეისები, რომლითაც ექსპორტიორები ისარგებლებდნენ. მათ სამგზავრო თვითმფრინავებში უხდებათ ტვირთის განთავსება, რაც ხშირად ადგილის სიმცირის გამო, ვერ ხერხდება. გარდა ამისა, საქართველოდან ბევრ ქვეყანაში არ არის პირდაპირი ავია მიმოსვლა, შესაბამისად გადაზიდვა ტრანზიტული რეისებით ხდება, რის გამოც, ტვირთის ადგილზე ჩატანა გვიანდება და ხშირად ფუჭდება. აღნიშნულმა ლოჯისტიკის პრობლემებმა წლევანდელ სეზონზე განსაკუთრებით კენკრის მწარმოებლები დააზარალა. ადგილობრივი ექსპორტიორები უკვე წლებია ელოდებიან ქუთაისში კარგო ტერმინალის მშენებლობას, რაც მათ უცხოეთში ტვირთის გადაზიდვას გაუადვილებს. ექსპორტიორები იმედოვნებენ, რომ ქუთაისის ტერმინალიდან გადაზიდვის ტარიფები თბილისის ტერმინალებთან შედარებით დაბალი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ქუთაისის აეროპორტის მოსაკრებელი შედარებით ნაკლებია. საქართველოს ქუთაისში სატვირთო ტერმინალის ასაშენებლად 61,5 მილიონი ევრო Public Private Partnership (PPP) პროექტის ფარგლებში გამოუყვეს. სატვირთო ტერმინალის მოწყობა მთავრობამაც დააანონსა, თუმცა, მისი მშენებლობის დაწყების თარიღი კვლავინდებურად უცნობია.
ქუთაისში კარგო ტერმინალის გახსნას, სხვა ექსპორტიორების მსგავსად, დიდი ხანია ელოდება შპს „ნერგეტას” დამფუძნებელი კონსტანტინე ვეკუა, რომელსაც სამეგრელოში მოყვანილი კივი ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებსა და იაპონიაში გააქვს. არსებულ ლოჯისტიკურ პრობლემებთან დაკავშირებით მეწარმემ ვრცელი პოსტი ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
„2015 წელს სამეგრელოს მწვანილის კოოპერატივის თხოვნით შევხვდი ჰოლანდიაში და გერმანიაში მწვანილის იმპორტიორებს. მათ გამოთქვეს მზაობა რომ მიეღოთ ყოველ დილით 2000კგ მწვანილი უახლოეს აეროპორტებში. მოგვიანებით შევხვდი ეკონომიკის სამინისტროში „ინდუსტრიული განვითარების ჯგუფს”, რომელიც მუშაობდა “მწვანილის კლასტერის" პროექტზე. ეს გულისხმობდა ქუთაისის აეროპორტში კარგო ტერმინალის გახსნას და კომერციული ტვირთების მომსახურეობას. გავიდა 4 წელი, 1460 დღე და დღესაც კი, 2019 წელს, შეუძლებელია ქუთაისის აეროპორტიდან ბერლინში, ეინდჰოვენში, დორტმუნდში და ლონდონში გავგზავნოთ პროდუქტი და მივიღოთ შემოსავალი. სამაგიეროდ, იმერეთის და დასავლეთის გლეხობას ჰგონია რომ რუსეთის გარდა სხვა ბაზარზე მათი ნაწარმი არ უნდათ.
„ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის” პროექტი არის უსამართლო, რადგან მხოლოდ იმ ერთ რეზერვაციაში ვისაც ექნება სათბური. იმის მწვანილი გავა ექსპორტზე და როგორც თვითონ თქვეს, "ერთი კომპანია მოაჯდება ამას".
ახალი მწვანილისთვის უფრო მომგებიანი ბაზარი ჩვენთვის არის ჩრდილოეთ ევროპა. კონკურენცია მოითხოვს, რომ დღეს მოკრეფილი მწვანილი ხვალ დილით უნდა იყოს ამსტერდამის და სხვა ქალაქების საწყობებში. ეს კი მხოლოდ პირდაპირი რეისებით არის შესაძლებელი. კარგო ტერმინალი უნდა გაიხსნას ჯერ თავისი საბაჟო მომსახურებით!!!
თბილისიდან, ფასები ისეთია რომ კენიიდან ამსტერდამში უფრო იაფი ღირს 1კგ ყვავილის გადაზიდვა, ვიდრე თბილისიდან ამსტერდამში. რატომ არ უნდა შეიძლებოდეს მისაღებ ფასად 1კგ მწვანილის ან ყვავილის გადაზიდვა ქუთაისიდან ამსტერდამში ან ბერლინში?”, - წერს კონსტანტინე ვეკუა.
მწარმოებლების პრობლემებთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მივმართეთ. უწყებამ ჩვენ კითხვებს ერთი თვის შემდეგ, წერილობით უპასუხა. მათი პასუხები უმეტესად ზედაპირულია და საკითხის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას არ იძლევა.
-კენკრის მწარმოებლებს პროდუქციის ექსპორტზე გასატანად ავია ტრანსპორტის გამოყენება სჭირდებათ. მათ პროდუქტის სამგზავრო თვითმფრინავით გადაზიდვა უწევთ, რადგან კარგო გადაზიდვები არ არსებობს, რაც მათ პრობლემებს უქმნით. სამგზავრო თვითმფრინავებში ადგილი არასაკმარისია. ამის გამო ხშირად პროდუქტი ფუჭდება და ექსპორტიორები ზარალს განიცდიან. ეკონომიკის სამინისტროსთვის არის თუ არა ცნობილი ამ პრობლემის შესახებ და არსებობს თუ არა რაიმე გეგმა მის მოსაგვარებლად?
-კენკრის წარმოების ხელშეწყობა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამით „დანერგე მომავალი“, რომელსაც ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. პროგრამის დეტალების განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ფერმერებთან საკონსულტაციო მხარდაჭერას. დეტალები შეგიძლიათ, გაარკვიოთ აღნიშნულ უწყებაში.
რაც შეეხება საქართველოდან კარგო გადაზიდვებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იძლევა კარგო გადაზიდვების შესაძლებლობას. აეროპორტში სამი კარგო ტერმინალი ფუნქციონირებს. გარდა ამისა, ყველა მსხვილი ავია გადამზიდავი, რომელიც თბილისში ოპერირებს, რეისზე 2-3 ტონა კომერციული ტვირთის გადაზიდვას ახორციელებს.
- რა ღონისძიებები აქვს ეკ. სამინისტროს დაგეგმილი ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის თვალსაზრისით?
-ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეშვეობით ახორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს ევროკავშირში ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებით და აქტიურად უწყობს ხელს ევროკავშირის ბაზარზე ქართული კომპანიების მონაწილეობას უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო გამოფენებში, რათა მოიძიონ პოტენციური მყიდველები და მოხდეს ქართული პროდუქტის ცნობადობის ამაღლება. კომპანიების მხარდაჭერა გამოიხატება ხარჯების ფინანსურ კონტრიბუციასა და გამოფენის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში.
სექტემბერში სააგენტო გამოაცხადებს მცირე გრანტების პროგრამას, რომლითაც გაზრდილია გრანტების მოცულობა. პროგრამის პრიორიტეტთა შორისაა მეორადი გადამუშავება, რომელიც მცირე მეწარმეებს ევროკავშირის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ასევე ეხმარება ქართველ მეწარმეებს, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესს, რათა მათ საკუთარი წინადადება ევროპის მეწარმეთა ქსელის (EEN) ბაზაში დაარეგისტრირონ. ამას გარდა, სააგენტო ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად ახორციელებს ექსპორტის 2-თვიან სასერტიფიკატო კურსს, რომელიც განკუთვნილია ექსპორტის მენეჯერებისა და ექსპორტის საკითხებით დაკავებული პირებისთვის. კურსი დეტალურ და ღრმა ცოდნას იძლევა ყველა იმ საკითხზე, რომელიც აუცილებელია ექსპორტის წარმატებით დაგეგმვასა და განხორციელებაში. ონლაინ ტრენინგ კურსის "ექსპორტის საფუძვლები" ფარგლებში ექსპორტით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეუძლია, მიიღოს განათლება და უფასოდ გაეცნოს ექსპორტის ძირითად საფუძვლებს, რომელიც განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე: enterprise.gov.ge
-როდის უნდა აშენდეს ქუთაისში კარგო ტერმინალი? აღნიშნული ტერმინალით ნებისმიერი ექსპორტიორი ისარგებლებს თუ მხოლოდ ქუთაისის აგროზონიდან მწვანილის ექსპორტს მოემსახურება?
-საქართველოს მთავრობა განიხილავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკისა და კარგო ტერმინალის მშენებლობის პროექტს. დღეს ამ აეროპორტიდან კარგო - ტვირთების გადაზიდვა არ ხდება. უნგრულ ავიაკომპანიას „ვიზეარი“, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ახორციელებს, კარგო სერვისი არ აქვს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ქუთაისში კარგო ტერმინალის მოწყობის შესახებ უკვე აცნობა მსოფლიოში 10 უმსხვილეს კარგო - ოპერატორს. გარდა ამისა, აღნიშნულის შესახებ მიმდინარეობს მოლაპარაკება საჯარო - კერძო პარტნიორობის სააგენტოსთან. აღნიშნული ტერმინალი ყველა მეწარმე სუბიექტს მოემსახურება.
მთავრობის წარმომადგენლები მწარმოებლებს პასუხობენ, რომ ამ ეტაპზე გასატანი ტვირთების მოცულობა დიდი არ არის და სატვირთო ტერმინალი ვერ შეივსება. თუმცა, ქვეყანა თუ ცდილობს, რომ უფრო მეტად განავითაროს მცირე და საშუალო ბიზნესი, აწარმოოს მეტი პროდუქცია და ექსპორტზე გაიტანოს, ამისთვის მეტი ავიაკომპანია და უკეთესი ინფრასტრუქტურაა საჭირო.
ავტორი: ნონა ქვლივიძე
სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.