რატომ ვერ გაბრწყინდა იბერია და რატომ არ მართლებს ეკონომიკური განვითარების რეცეპტები
ბლოგი პირველი: ადამიანური კაპიტალი
მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.
გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორებია: ადამიანური კაპიტალი (მინცერი, ბეკერი, ზაკსი და სხვები), რაც, ძირითადად, მუშახელის ჯანმრთელობას, უნარებს/განათლებას გულისხმობს; და ინსტიტუტები (ნორსი, ასემოღლუ, რობინსონი, გალეგო და სხვები), ანუ, თამაშის წესები, რაშიც შედის როგორც საკანონმდებლო, ისე სოციალური რეგულირების ნორმები და აღსრულების მექანიზმები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კონკურენტუნარიანი საწარმოების არსებობისთვის, რაც ეკონომიკის ქვაკუთხედია, საჭიროა მაღალი საწარმოო უნარების მქონე მენეჯერები/მუშახელი; საკუთრების დაცვის, გარიგებების დადებისა და აღსრულების, დავის გადაწყვეტის ეფექტიანი მექანიზმები.
რა თქმა უნდა სხვა ფაქტორებიც მნიშვნელოვანია განვითარებისთვის, მაგალითად, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატი, მოსახლეობის გენეტიკური კომპოზიციაც კი და ა.შ. თუმცა, ამ საკითხებს არ შევეხები. დღევანდელ ბლოგში საუბარი იქნება ადამიანურ კაპიტალზე, ხოლო მომდევნო ბლოგებში ინსტიტუტებს და ეკონომიკური განვითარების სხვა ასპექტებს განვიხილავთ.
ადამიანური კაპიტალის განვითარება ადვილი საქმე არ არის, რადგან ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვისა თუ განათლების უზრუნველყოფა რთულია. განვიხილოთ განათლების რეფორმის რამდენიმე მაგალითი: მოსწავლეების საგამოცდო შედეგებზე ორიენტირებული სახელფასო სქემები, პედაგოგების ხელფასების გაზრდა და სკოლების ვაუჩერიზაცია.
როგორც პროფესორი ვილსონი (2000) ამბობს, მასწავლებლის შრომის შედეგის გაზომვა ძალიან რთულია, რადგან მისი შრომის ნაყოფი არ არის მატერიალური, მოსწავლის საგამოცდო ქულების კრიტერიუმად აღება კი არასამართლიანია, რადგან მასზე ზემოქმედებს არა მხოლოდ მასწავლებლის შრომა, არამედ მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობები, საცხოვრებელი პირობები, ოჯახის შემოსავალი და რიგი სხვა ფაქტორები. გარდა ამისა, ამან შეიძლება მასწავლებელს გაუჩინოს მოტივაცია მოსწავლეები მხოლოდ ტესტებში მაღალი ქულების ასაღებად მოამზადოს და განათლების სხვა ასპექტებს ყურადღება აღარ მიაქციოს.
ვაუჩერერიზაციის იდეა გულისხმობს, რომ სკოლის დაფინანსება განისაზღვრებოდეს მოსწავლეთა რაოდენობით, რაც, თავის მხრივ, მოსწავლეების ოჯახების არჩევანზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელ სკოლაში მიიყვანენ შვილს. ამ ტიპის რეჟიმმა, წესით, სკოლებს შორის კონკურენცია უნდა შექმნას, რამაც თავის მხრივ განათლების ხარისხის გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი. როგორც პროფესორი პაული (1992) ამბობს, სამწუხაროდ, ამ იდეასაც აქვს არაერთი ნაკლი: პირველი, ყოველთვის ადვილი არ არის კარგი და ცუდი სასკოლო განათლების გარჩევა, ამიტომ შესაძლებელია სკოლები მოსწავლეების მოზიდვას მაღალი სასწავლო სტანდარტებით კი არა, უფრო ადვილი/ლმობიერი სტანდარტებით შეეცადონ; მეორე, თუ შემდეგი უახლოესი სკოლა დიდი მანძილით არის დაშორებული მოსწავლის სახლიდან, მაშინ არჩევანი პრაქტიკულად არ არსებობს და კონკურენციაც ვერ მოხდება; მესამე, მაშინაც კი, როცა არჩევანი არის, თუ მასწავლებლების კვალიფიკაცია დაბალია, ვაუჩერიზაცია არ იქნება საკმარისი ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად.
სანამ მასწავლებლის ხელფასის გაზრდაზე გადავალთ, გავიხსენოთ საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი, რის მიხედვითაც, ფასის მომატების შემთხვევაში მიწოდება იზრდება. თუმცა, თუ სერვისი ან პროდუქტი ნაკლებად ელასტიურია, მაშინ მისი მიწოდების ზრდა ვერ მოხდება მყისიერად. მართალია, საქართველო ღია ეკონომიკაა და მსოფლიოში უამრავი კარგი მასწავლებელია, მაგრამ ქართულად ძირითადად მხოლოდ ქართველ მასწავლებლებს შეუძლიათ გაკვეთილების ჩატარება. შესაბამისად, თუ საკმარისი რაოდენობის ძლიერი მასწავლებელები არ არიან ქვეყანაში, საჯარო განათლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად მასწავლებლების ხელფასის მომატებაც, ალბათ, არ იქნება საკმარისი.
რა თქმა უნდა, განათლების სექტორში ანაზღაურების გაზრდა საჭიროა, რათა ნიჭიერ ადამიანებს გაუჩნდეთ ფინანსური მოტივაცია, წავიდნენ ამ სფეროში, მაგრამ შემდეგ აუცილებელია ამ ადამიანების პედაგოგიური განათლება, რაც, თავის მხრივ, დამოკიდებულია კარგ უმაღლეს სასწავლებლის არსებობაზე.
არანაკლებ მნიშვნელოვანია სკოლების აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით, ასევე მშობლებისა და მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება, რომ განათლებაში დროისა და შრომის ინვესტირება მოახდინონ. ხოლო, იმისთვის, რომ მოტივაცია გაჩნდეს, აუცილებელია, რომ კარგი განათლების მქონე ადამიანი დაფასდეს საზოგადოებაში (მიეცეს მას კარგი ანაზღაურება). ამისთვის საჭიროა გაჩნდეს მოთხოვნა მაღალუნარიან მუშახელზე, რაც, თავის მხრივ, დამოკიდებულია ინოვაციური ბიზნესის განვითარებაზე ქვეყანაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კომპანიას, რომელიც, მაგალითად, „აიფოუნს“ აწარმოებს უფრო განათლებული მუშახელი სჭირდება ვიდრე იმ კომპანიას, რომელსაც ჯართი გააქვს თურქეთში.
როგორც პროფესორი ჯეფრი ზაკსი ამბობს, მხოლოდ სასკოლო განათლება აღარ არის საკმარისი და აუცილებელია ხარისხიანი პროფესიული და უმაღლესი განათლება. აქ კიდევ უფრო რთულადაა საქმე, რადგან საქართველოზე ბევრად დიდ და მოწინავე ქვეყნებსაც კი უჭირთ კარგი უნივერსიტეტების ჩამოყალიბება. ამიტომაცაა, რომ ჰარვარდის, ოქსფორდის თუ სტენფორდის დონის უნივერსიტეტები ძალიან იშვიათია.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია ნიჭიერი ახალგაზრდების დაფინანსება და მსოფლიოს საუკუთესო უნივერსიტეტებში გაგზავნა, მაგრამ გარდა იმისა, რომ ამისთვის მასობრივი ხასიათის მიცემა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, შემდგომ ამ ხალხის საქართველოში დატოვებაც არ არის ადვილი. ენდოგენური ზრდის მოდელებსა და ეკონომიკურ გეოგრაფიაზე დაფუძვნებული კვლევები აჩვენებს, რომ მაღალუნარიანი მუშახელი დიდი ეკონომიკური ცენტრებისკენ/აგლომერაციებისკენ მიისწრაფვის, როგორიცაა, ლონდონი, ნიუიორკი და ა.შ. რადგან იქ უფრო მეტი შესაძლებლობები და ფინანსებია.
რომ მოვახერხოთ კიდეც ასეთ ქვეყნებში, მაგალითად, სახელშეკრულებო პირობების ძალით დატოვება, თუ ეკონომიკური ზრდისთვის სხვა აუცილებელი ფაქტორები არ იქნება უზრუნველყოფილი, ალბათ, ვერ გამოიღებს დიდ შედეგს. განსაკუთრებით, მოკლევადიან პერიოდში. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ მაშინ როცა მიკრო დონეზე ადამიანების განათლებასა და შემოსავალს შორის პოზიტიური დამოკიდებულებაა, მაკრო დონეზე ხშირად ეს ასე არ არის. ამ „მიკრო და მაკრო კვლევების შედეგების პარადოქსის მიზეზი ერთ-ერთი მოსაზრებით არის ზოგიერთ ქვეყანაში ინსტიტუტების დაბალი დონე, რომელიც ხელს უშლის ლეგალურ ეკონომიკურ აქტივობას. შესაბამისად, განათლებული ადამიანების ნაწილი ცდილობს არსებული კორუფციული სისტემა საკუთარი მიზნებისთვის (გამდიდრებისთვის) გამოიყენოს, იმის მაგივრად, რომ ეკონომიკისთვის ან საზოგადოებისთვის ფასეული გააკეთოს.
შესაბამისად, ქვეყნის მაღალი ადამიანური კაპიტალის უზრუნველყოფა და შემდეგ მისი ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართვა საკმაოდ კომპლექსური საკითხია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე.
(გაგრძელება იქნება)