რატომ ვერ გაბრწყინდა იბერია და რატომ არ ამართლებს ეკონომიკური განვითარების რეცეპტები
ბლოგი მეორე: ინსტიტუტები
წინა ბლოგში ვისაუბრეთ ადამიანურ კაპიტალზე, რომელიც ეკონომიკური განითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ამ ბლოგში განვიხილავთ ინსტიტუტებს და ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ არის რთული ინსტიტუტების განვითარების სასურველი დონის მიღწევა.
ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება. ვებერი, პუტნამი და ლანდესი ამტკიცებენ, რომ კულტურული ნორმები/ფასეულობები, რომლებიც დაფუძნებულია პროგრესის, მოვალეობისა და შრომის პატივისცემაზე, პირად პასუხისმგებლობასა და თავისუფლებაზე, ხელს უწყობს სახელმწიფოს განვითარებას. შესაბამისად, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის არც თუ ისე მცირე ნაწილი რიგში არ დგება, ნაგავს ქუჩაში ყრის, მეტროში ესკალატორზე დგომის წესს არღვევს, გადასახადს თუ ადამიანი მალავს არა უშავს, ხოლო თუ ჰომოსექსუალია საცემრად და ხან მოსაკლავადაც დასდევენ, აშკარაა, რომ ამ კუთხითაც დიდად არ გაგვიმართლა (თუმცა, უარესიც შეიძლებოდა).
რა თქმა უნდა, ბოლო წლების მანძილზე გატარებული რეფორმების წყალობით სახელმწიფო მართვასთან დაკავშირებული ინსტიტუტები გაუმჯობესდა საქართველოში, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია კანონის უზენაესობის, ან თუნდაც დავის გადაწყვეტის მიუკრძოებელი/ეფექტიანი მექანიზმების გამართულად ფუნქციონირებამდე. ეს იმიტომ, რომ ქმედითი რეფორმების გატარება არა მხოლოდ ინტელექტუალურ და ფინანსურ რესურსს მოითხოვს, არამედ პოლიტიკურ კაპიტალს და გადაწყვეტილების მიმღებებისა თუ აღმსრულებლების პირად მოტივებთან შეთავსებას.
მაგალითისთვის ავიღოთ პოლიტიკური და ნათესაური ნიშნით დასაქმების პრაქტიკა. ეს იმდენად მასშტაბურია, რომ მაღალი დონის უნივერსტეტების წარჩინებული კურსდამთავრებულებიც კი ხშირად ნაცნობების გარეშე სამსახურს ვერ შოულობენ. მაგალითად, ერთმა ახალგაზრდამ, რომელმაც იელის უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა, ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საჯარო სექტორში, მათ შორის. დამწყებ თანამდებობებზე სამსახურის უშედეგოდ ძებნის შემდეგ ისევ აშშ-ს მიაშურა, სადაც ჰარვარდის უნივერსტეტმა სრული დაფინანსება მისცა სწავლის გასაგრძელებლად. კიდევ ერთი ჩვენი ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული თანამოქალაქე ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში უშედეგოდ ცდილობდა ჯერ უფროსის, შემდეგ მოადგილის, შემდეგ მრჩევლის, ხოლო ბოლოს სტაჟიორის თანამდებობის დაკავებას (მიუხედავად იმისა, რომ ოქსფორდში ზუსტად იმ სპეციალობაზე სწავლობდა, რაზეც ეს დაწესებულება მუშაობდა და სამსახურეობრივი გამოცდილებაც გააჩნდა). სია შემიძლია, კიდევ უფრო გავაგრძელო.
ასეთი პრაქტიკა საჯარო სექტორში ტვინების შემოდინებას ხელს უშლის, რაც, საბოლოოდ, გატარებული რეფორმებისა და, შესაბამისად, ინსტიტუტების ხარისხზე აისახება. თუმცა, ქვეყანაში სადაც დიდი უმუშევრობა და სიღარიბეა, ლოგიკურია, რომ ხალხი და პარტიები ცდილობენ, ახლობლები თუ მხარდამჭერები დაასაქმონ. მართალია, ამის აღკვეთა სახელმწიფოსთვის კარგია, პირადად მათთვის, ვინც ამ პრაქტიკით სარგებლობს, დამაზარალებელია. როცა შენი ახლობელი ვალებში იხრჩობა და შეგიძლია, ის დაასაქმო, რთულია მერიტოკრატიაზე ფიქრი. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღებთა და აღმსრულებელთა პირად ინტერესებთან შეუთავსებლობა ხშირად ხდება ინსტიტუტების განვითარების შეფერხების მიზეზი.
რაც შეეხება პოლიტიკურ ფაქტორს, ამისი კარგი მაგალითია თბილისში ჰაერის დაბინძურება. სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ასეთი გარემო არა მხოლოდ ონკოლოგიურ დაავადებებს, არამედ მოსახლეობის აგრესიის დონის აწევას (შესაბამისად კრიმინალის გაზრდასაც) და ბავშვებში ინტელექტის დაქვეითებას იწვევს. ეს ცუდად მოქმედებს როგორც თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ხარისხზე, ისე ავადმყოფების ოჯახებზე, ჯანდაცვის ბიუჯეტზე, ბავშვებზე და, ზოგადად, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პოტენციალზე (დაავადებული თუ ინტელექტდაქვეითებული ადამიანი ინოვაციებს ვერ გამოიგონებს).
ამ პრობლემის მოსაგვარებლად სწორი სახელმწიფო ინტერვენციების დაგეგმვასა და იმპლემენტაციას სჭირდება შესაბამისი ცოდნა, რესურსები და რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, როგორიცაა ტექნიკური დათვალიერების შემოღება, რაც, სავარაუდოდ, ბევრი ავტომობილის ექსპლუატაციის შეჩერებას გამოიწვევს; საწვავის ხარისხის სტანდარტების გაზრდა, რაც მისი ფასის ზრდასაც გამოიწვევს და სხვა პროდუქტებისა და სერვისების ფასზეც დიდი ალბათობით აისახება; ასევე, საჯარო ტრანსპორტის გაუმჯობესება, რომელიც მგზავრობის ფასს გაზრდის; მშენებლობის ნორმების გამკაცრება, და სხვა. აღნიშნულ ცვლილებებს კი მოსახლეობა საკუთარ ჯიბეზე პირდაპირ იგრძნობს, რაც არჩევნებზე ხმების დაკარგვას გამოიწვევს. შესაბამისად, პოლიტიკური ფაქტორი ხშირად მნიშვნელოვან რეფორმებზე გადაწყვეტილების მიღებას და შემდეგ მათ აღსრულებას კიდევ უფრო ართულებს.
აქედან გამომდინარე, მაღალი დონის ინსტიტუტების უზრუნველყოფა ძალიან რთულია და საკმაოდ დიდ ძალისხმევას, დროს და სხვა ფაქტორების გათვალისწინებას მოითხოვს. მომდევნო ბლოგებში საუბარი გვექნება განვითარების სხვადასხვა პარადიგმებზე და მიზეზებზე, თუ რატომ არ ამართლებს განვითარების რეცეპტები.
(გაგრძელება იქნება)