„ბაზისბანკი“ და ბანკი „რესპუბლიკა“ ერთიანდება
ჩინურმა „„ჰუალინგ ჯგუფმა“, რომელიც „ბაზისბანკს“ ფლობს, ფრანგულ „სოსიეტე ჟენერალსა“ და EBRD-თან „რესპუბლიკა ბანკის“ საკონტროლო პაკეტის შესყიდვაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.
„სოსიეტე ჟენერალს“ „რესპუბლიკას“ აქციათა 93.64%-იდან მხოლოდ 8% დარჩება, EBRD-ის წილი კი 6.36%-დან 3.9%-მდე შემცირდება. თუმცა, ორივე მფლობელი ბანკში სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დარჩება. გარიგების ღირებულება უცნობია, ისევე როგორც რომელი ბრენდით გააგრძელდებს ახალი სუბიექტი ფუნქციონირებას, ან რამდენად შეეხებათ რეორგანიზაცია „რესპუბლიკა ბანკის“ თანამშრომლებს.
„აღნიშნული გარიგება ხელს შეუწყობს საქართველოს საბანკო სექტორში „ჰუალინგ ჯგუფის“ გაძლიერებას. გარიგების პირობების მიხედვით, „ჰუალინგ ჯგუფი“ გეგმავს „ბანკ რესპუბლიკასა“ და „ბაზისბანკის“ გაერთიანების გზით უნივერსალური ბანკის ჩამოყალიბებას, რომელიც მტკიცედ დაიმკვიდრებს მესამე პოზიციას საქართველოს საბანკო ბაზარზე“, - აცხადებენ ჩინურ კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ „რესპუბლიკა ბანკის“ აქტივების მოცულობა 1 მილიარდ 654 მილიონი ლარია, სააქციო კაპიტალის - 245 მილიონი ლარი, ხოლო მთლიანი სესხების - 1 მილიარდ 220 მილიონი ლარი. მასზე ორჯერ ნაკლები აქტივები აქვს „ბაზისბანკს“ -724 მილიონი ლარი, ბანკის სააქციო კაპიტალის მოცულობა - 156 მილიონი ლარია, ხოლო მთლიანი სესხების - 451 მილიონი ლარი. გაერთიანების შედეგადაც კი ახალი საფინანსო ორგანიზაცია მკვეთრად ჩამორჩება საბანკო სექტორის ლიდერებს: „საქართველოს ბანკის“ მთლიანი აქტივების მოცულობა 8 მილიარდ 293 მილიონი ლარია, სააქციო კაპიტალის - 975 მილიონი ლარი, ხოლო სესხების - 5 მილიარდ 182 მილიონი ლარი. „თიბისი ბანკის“ აქტივების მოცულობა 6 მილიარდ 366 მილიონი ლარია, სააქციო კაპიტალის - 1 მილიარდ 122 მილიონი ლარი, მთლიანი სესხების კი - 4 მილიარდ 495 მილიონი ლარი.
თავად „ჰუალინგ ჯგუფი“ ჩინეთის უდიდეს კერძო კორპორაცია და საქართველოში უმსხვილესი ინვერსტორია, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს: სავაჭრო ცენტრებისა და საბითუმო ბაზრების მშენებლობა, მართვა და გაქირავება, უძრავი ქონება, ლოჯისტიკა, სასტუმროების მშენებლობა და მართვა, მეცხოველეობა და კვების მრეწველობა.
„ეს გარიგება წარმოადგენს საქართველოში „ჰუალინგ ჯგუფის“ გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელების კიდევ ერთ დადასტურებას“, - აცხადებენ კორპორაციაში.