ვაჭრობის წილი ეკონომიკაში მცირდება, სოფლის მეურნეობის კი - იზრდება
2016 წელს II კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3%-ით გაიზარდა და 8 მილიარდ 59,8 მილიონი ლარი შეადგინა. ერთ სულ მოსახლეზე მშპ 917,6 დოლარიდან 979,1 დოლარამდე გაიზარდა.
ყველაზე მაღალი ზრდა - 24,1% - სამთომოპოვებითი მრეწველობაში დაფიქსირდა და 88 მილიონი ლარი შეადგინა, დამამუშავებელ მრეწველობაში კი -8,3%-ით განისაზღვა (675,6 მილიონ ლარამდე). მთლიანად მრეწველობის წილმა ქვეყნის ეკონომიკაში 16,6% შეადგინა და პირველი ადგილი დაიკავა.
მეორე ადგილზე ვაჭრობაა, სადაც წლების განმავლობაში სტაგნაცია შეიმჩნევა, 2015 წლის პირველ კვარტალში წინა წელთან შედარებით, ზრდა მხოლოდ 1,1% იყო, წელს კი 2,8 %-იანი კლება დაფიქსირდა (საერთო ღირებულება -1 მილიარდ 71 მილიონი ლარი). ვაჭრობის წილი ერთ წელიწადში საქართველოს მშპ-ში 16,1%-დან 15,1%-მდე შემცირდა.
750.3 მილიონი ლარით, მესამე ადგილზე სოფლის მეურნეობამ გადმოინაცვლა, რომლის წილი ეკონომიკაში წელს 9,4%-დან 10,6%-მდე გაიზარდა, თუმცა, არა მისი შესამჩნევი ზრდის (+1,7%), არამედ, სხვა დარგებში, მათ შორის, ტრანსპორტში (-5,8%) დაფიქსირებული კლების გამო.
სახელმწიფო მმართველობა წელს მეორე კვარტალში გასულ წელთან შედარებით, 4,5%-ით გაიზარდა და 650,4 მილიონი ლარით განისაზღვრა, მთლიან მშპ-ში 9,2% შეადგინა.
მშენებლობის სექტორი გასულ წელთან შედარებით, 12,8 %-თ გაიზარდა და 601,2 მილიონი ლარით განისაზღვრა, თუმცა, როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, ძირითადად, სახელმწიფო ინფრასქტრუქტურული პროექტების ხარჯზე.
ტრადიციულად მაღალი ზრდით გამოირჩევა სასტუმროების და რესტორნების ბიზნესი (+10,8%) და საფინანსო საქმიანობა (+9,4%), შესაბამისად, 193,4 მილიონი და 293,6 მილიონი ლარი შეადგინა.
ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წილი ასევე უკავია ოპერაციებს უძრავი ქონებით, იჯარასა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევას (6,3% ), ასევე ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ დახმარებას (6%), თუმცა, წლიურმა ზრდამ ამ სექტორებში მხოლოდ 3,4% და 1% შეადგინა.