თურქული ბოსტნეულისგან დამზადებული კონსერვები საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებისას დაიბეგრება
თურქეთთან დიაგონალური კუმულაციის შეთანხმება აგროპროდუქციაზე არ გავრცელდება, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ გაბუნიამ eugeorgia.info - ს განუცხადა.
როგორც ცნობილია, იმისთვის, რომ ქართული საქონელი ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე შევიდეს, ადგილობრივი ნედლეულით უნდა იყოს დამზადებული. თურქეთთან "დიაგონალურ კუმულაციაზე“ შეთანხმება საქართველოს მეზობელი ქვეყნის ნედლეულის გამოყენების შესაძლებლობას აძლევს, რადგან ევროკავშირსა და თურქეთს შორისაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი მოქმედებს. „დიაგონალური კუმულაციაზე“ შეთანხმებას თურქეთთან ქართულმა მხარემ ორწლიანი მცდელობის შემდეგ ახლახანს მიაღწია. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, დარჩა მხოლოდ შიდა ბიუროკრატიული პროცედურები, მათ შორის, პარლამენტების მიერ დოკუმენტის რატიფიცირება.
„თურქეთი მიერთებულია პანევროპული ქვეყნების პრეფერენციების წესებს წარმოშობის შესახებ, ე,წ, PEM კონვენციას, სადაც კუმულაციის პრინციპს არ ექვემდებარება მხოლოდ აგროპროდუქტები. ეს სფერო თურქეთთისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და ძალიან იცავს. DCFTA-ის ფარგლებში ჩვენც აღნიშნულ კონვენციასთან მიერთების პროცესში ვართ და ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე შევძლებთ; შესაბამისად, იგივე პირობები საქართველოზეც გავრცელდება“, - აღნიშნა მარიამ გაბუნიამ.
შესაბამისად,ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში თურქული ბოსტნეულისგან დამზადებული კონსერვები ევროკავშირში ექსპორტირებისას ჩვეულ რეჟიმში დაიბეგრება.
მარიამ გაბუნიას თქმით, ყველაზე მნიშვნელოვან სარგებელს თურქეთთან "დიაგონალური კუმულაციის" ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოში, ჯერჯერობით, ტექსტილის ბიზნესი მიიღებს. ქვეყანაში უკვე ბევრი სამკერვალოა, რომელიც პროდუქციას ევროპული ბაზრისთვის კერავს, თუმცა, საბაჟო შეღავათებით ვერ სარგებლობს. მიზეზი ის არის, რომ ქვეყანაში არ იწარმოება საჭირო ნედლეული - ნაჭერი, ძაფი და სხვა აქსესუარები.
„ტექსტილის ინდუსტრია ამ შეთანხმებას ყველაზე მეტად ელოდება... წინასწარ ძალიან რთულია განსაზღვრა, კიდევ რომელი სექტორისთვის შეიძლება გახდეს ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი. საჭიროა, ქართველმა მეწარმეებმა მობილიზება შეძლონ - თურქეთი დიდი ქვეყანაა და სანედლეულო ბაზაც დიდი აქვს, იქიდან უამრავი სხვადასხვა ტიპის ნაწარმის შემოტანა შეიძლება“, - აღნიშნა მარიამ გაბუნიამ.
მანამდე ეკონომიკის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ თურქული ნედლეულით შესაძლებელია საქართველოში ელექტროაპარატურის ან მედიკამენტების წარმოება და ევროკავშირში ექსპორტზე გატანა. აღსანიშნავია, რომ საქონლის ტიპის მიხედვით, ადგილობრივი ნედლეულის სავალდებულო გამოყენების წილი იცვლება, მაგალითად, ელექტროაპარატურის შემთხვევაში, ის, ძირითადად, 40%-ია.
„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 300-გვერდიანი დანართი აქვს, სადაც კოდების მიხედვით გაწერილია, რომელ პროდუქტზე რა მოცულობის ქართული ნედლეული შეიძლება გამოვიყენოთ. ხელშეკრულება ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე დევს. ცხადია, ეს მეწარმეებისთვის ცოტა რთული გასაგები იქნება. ჩვენი რჩევაა, კონსულტაციისთვის შემოსავლების სამსახურს მიმართონ. სწორედ ეს უწყება გასცემს ევროკავშირში ექსპორტირებისთვის აუცილებელ EURO 1 - წარმოშობის სერთიფიკატს. თუ შემოსავლების სამსახურს წარუდგენენ ინფორმაციას, დაახლოებით, რა მოცულობით გამოიყენებენ ადგილობრივ რესურსს, მათ შეუძლიათ მიიღონ წინასწარი დასკვნა, დააკმაყოფილებს თუ არა მათი გადამუშავებული პროდუქტი ევროკავშირის მოთხოვნებს საქონლის წარმოშობის შესახებ. შესაბამისად, საგადასახადო შეღავათსაც მიიღებენ“, - აღნიშნა მარიამ გაბუნიამ.
ბელა ნოზაძე