საქართველოში თხილის ნაჭუჭის ბრიკეტების ინოვაციური წარმოება დაიწყო
ქართულ–უკრაინულმა კომპანია Ecoline Energy-მ, რომელიც ზუგდიდში მდებარეობს, უნიკალური ტექნოლოგიით დამუშავებული თხილის ნაჭუჭის ბრიკეტების წარმოება დაიწყო.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, რამაზ ლომიძემ eugeorgia.info–ს განუცხადა, პროდუქცია დაპრესილი ბიომასისგან მზადდება, მას არ გააჩნია ქიმიური დანამატები, შესაბამისად, ეკოლოგიურად სუფთაა. ლომიძის განცხადებით, ერთი ბლოკი ბრიკეტის წონა 10 კგ–ია და იმავე რაოდენობის შეშაზე სამჯერ უფრო დიდხანს იწვის. მსგავსი ტექნოლოგია ზუგდიდში გამოიყენება, სადაც გადაუმუშავებელ თხილის ნაჭუჭს წვავენ.
თხილის ნაჭუჭის ბრიკეტი გათვლილია როგორც ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ასევე საწარმოებზე, მას შეუძლია კონკურენცია გაუწიოს შეშას, ქვანახშირსა და გაზს.
„ბრიკეტები შეშასთან შედარებით ბევრად მშრალია, შეშის ტენიანობა 35%–ია, ბრიკეტის კი – 1%–ზე ნაკლები. შეშა 450 გრადუსამდე ხურდება, ბრიკეტის ტემპერატურას კი შეუძლია 800 გრადუსს მიაღწიოს“, –განაცხადეს კომპანიაში.
ამჟამად Ecoline Energy თვეში საშუალოდ 150–იდან 300 ტონამდე პროდუქციას აწარმოებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ პირველი ქართული ბრიკეტები ადგილობრივ სავაჭრო ქსელში მალე გამოჩნდება, მოლაპარაკებები განთავსებაზე უკვე დაასრულეს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა, „დომინო“, „გორგია“ და „სმარტი“.
Ecoline Energy პროდუქციის ევროკავშირში გატანასაც გეგმავს. მენეჯმენტის ინფორმაციით, ევროპის ბაზარზე სულ ორი – ფრანგული და თურქული –კომპანია ოპერირებს, რომელიც მსგავსს ბრიკეტებს აწარმოებს.
„მოთხოვნა ძალიან დიდია. ფრანგული კომპანია 10 ტონამდე პროდუქტს აწარმოებს და, დაახლოებით, 300 მაღაზიაში ყიდის. მისი საქარხნო ფასი 16 ევროა. ჩვენ 1 ბლოკის დამზადება მხოლოდ 1.60 ევრო გვიჯდება, ტრანსპორტირების ხარჯი ჰამბურგამდე 2.60 ევროა, შესაბამისად, ადგილზე მიტანით ქართული ბრიკეტები 4,20 ევრო ეღირება“, – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
ჯერჯერობით, Ecoline Energy უცხოური პარტნიორების მოძიებისა და ევროკავშირში შეტანისთვის აუცილებელი პროცედურების გარკვევის ეტაპზეა. თუ კომპანიას თხილის ბრიკეტების ექსპორტირებას შეძლებს, წარმოებას 400 ტონამდე გააფართოვებს.
ნატალი საგინაშვილო