ევროკავშირში კვალიფიციურ პროგრამისტებზე დიდი მოთხოვნაა
ევროკავშირში საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების 23%-ს არ გააჩნია საკმარისი კომპეტენცია საკუთარი სამუშაოს ეფექტურად შესასრულებლად, ამიტომ საჭიროა, ჩვენი მოქალაქეები მომავლისთვოს საჭირო უნარების შეძენაში დავარწმუნოთ,- განაცხადა ევროპული საბჭოს პროფესიონალური ინფორმატიკული საზოგადოებების (CEPIS) გენერალურმა მდივანმა, ფიონა ფანინგმა.
“პროფესიულ და პირად ცხოვრებაში სულ უფრო დამოკიდებული ვხდებით სტაბილურ ტექნოლოგიურ უზრუნველყოფაზე და ეს დამოკიდებულება პერმანენტულად იზრდება, თუმცა, IT-პროფესიონალიზმი ევროპაში ვერ მიჰყვება ბაზრის მოთხოვნებს. კომპანიების 40%, რომელიც ცდილობს პროგრამისტების დაქირავებას, აცხადებს, რომ საკმაოდ რთულია პროფესიონალების მოძიება. კადრების მზარდი დეფიციტი კი ევროპის ეკონომიკურ ზრდას, კონკურენტუნარიანობასა და დასაქმებას ხელს უშლის,” - აღნიშნა ფიონა ფანინგმა ევროპულ მედიასაშუალება euractiv.com-თან საუბარში.
როგორც ევროპელი მოხელე აცხადებს, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მუშაობა IT-დეველოპერების გადამზადებასა და მათ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.
CEPIS-მა უკვე დააფუძნა ორგანიზაციების ქსელი ITPE (საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესიონალიზმი -ევროპა), რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი სამუშაო ძალის გენერირებაზე მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება (DCFTA) როგორც საქონლის, ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ევროკავშირში კომპიუტერულ მომსახურების ექსპორტი განახორციელონ.