DCFTA-ის საინფორმაციო ცენტრების გახსნაში სავაჭრო პალატას გერმანიის მთავრობა დაეხმარება
დეკემბერში საქართველოში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საინფორმაციო ცენტრები გაიხსნება. პირველ ეტაპზე DCFTA-ინფო ცენტრები საქართველოს დედაქალაქის გარდა 4 ქალაქში: ქუთაისში, ზუგდიდში, გორში და სიღნაღში იმუშავებს.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტს - ”მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში” შორის ამ თემაზე დღეს ურთიერთგაგების მეორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალს ევრო-დელეგაცია და ეკონომისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე- გენადი არველაძე დაესწრნენ.
შეთანხმების მიხედვით, აღნიშნული ცენტრების მეშვეობით მოხდება DCFTA-სთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება. მემორანდუმის საფუძველზე გათვალისწინებულია კერძო სექტორის აქტორებს (უმთავრესად, მცირე და საშუალო მეწარმეებს) შორის DCFTA-ს შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი მოსაზრებების შეგროვება. მოხდება კონკრეტული ტრენინგ-პროგრამების შემუშავება აღნიშნული სექტორის საჭიროებებიდან გამომდინარე.
პროექტი ასევე ხელს შეუწყობს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინსტიტუციურ განვითარებას EFQM (ხარისხის მართვის ევროპული ფონდის) მოდელის დანერგვის გზით, რაც პალატის მიერ EFQM-ის „მაღალი ხარისხის ერთგულების“ (“Committed to Excellence”) სტანდარტის მოპოვების მიზანს ემსახურება.
DCFTA-საინფორმაციო ცენტრების ნაწილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონული პალატების ოფისებში განთავსდება.
პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირის ინიციატივის EU4Business (მცირე და საშუალო მეწარმეობისა და კერძო სექტორის ხელშეწყობა) ფარგლებში.