ევროკომისია: საქართველოს ვაჭრობა ევროკავშირთან არასტაბილური რჩება
საქართველოს ვაჭრობა ევროკავშირთან არასტაბილური რჩება, - აღნიშნულია ევროკომისიის აპარატის ანგარიშში საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების შესახებ, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.
დოკუმენტში წერია, რომ ევროკავშირზე მოდის საქართველოს მთლანი სავაჭრო ბრუნვის მეოთხედი; DCFTA-ის გაფორმების შედეგად ქართული პროდუქტების ექსპორტი ევროკავშირში 2015 წელს 16%-ით გაიზარდა, ევროპულ ბაზარზე მიემართება ქართული კივი, მოცვი, თხილი, ნიორი და ღვინო, ასევე საგრძნობლად გაიზარდა სპილენძისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი.
“საქართველომ დაიწყო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესაძლებლობათა გამოყენება და ევროკავშირში გარკვეული არატრადიციული საკვები პროდუქტების ექსპორტირება, მაგრამ საქართველოს მნიშვნელოვან გამოწვევებთან მოუწევს გამკლავება ქვეყნის წარმოების ბაზისა და ექსპორტის პოტენციალის გაძლიერებისა და გაფართოების თვალსაზრისით… საქართველოს ვაჭრობა ევროკავშირთან არასტაბილური რჩება”, - აღნიშნულია ანგარიშში.
როგორც დოკუმენტების ავტორები აცხადებენ, ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების დიდი ნაწილი შეასრულა, შეძლო თავისი კანონების დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან, თუმცა, გარკვეული რეგულაციების შესაბამისობაში მოყვანა ბევრ წელიწადზე “გაიწელა” (ზოგიერთ შემთხვევაში 8 წლიან პერიოდზე).
“ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობების სრულად რეალიზებასაც გარკვეული დრო დასჭირდება”, - აღნიშნულია ანგარიშში.
რაც შეეხება სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სტანდარტებს, ექსპერტები აცხადებენ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წელს კონტროლი ორჯერ გაზარდა. თუმცა, მიიჩნევენ, რომ საჭიროა სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობათა გაზრდა მის მიერ ჩატარებული შემოწმებების მასშტაბის, ხარისხისა და თანმიმდევრულობის გასაუმჯობესებლად.
“მნიშვნელოვნად გაიზარდა სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლის გეგმაში ჩართული საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების რაოდენობაც. გრძელდებოდა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ეფექტიანი სახელმწიფო სისტემა საკვები პროდუქტების უსაფრთხოების რეგულირებისათვის”, - წერია დოკუმენტში.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, მიუხედავად გატარებული რეფორმებისა, გაიზარდა საკვებით გამოწვეულ დაავადებათა დაფიქსირებული რაოდენობა.
“საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობის სფეროში საქართველო მუშაობს ევროკავშირის ახალ საბაჟო კოდექსთან თავისი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით. ქვეყანამ გამოთქვა თანხმობა, სახელმძღვანელოდ და საფუძვლად მოდერნიზაციისკენ მიმართულ თავის საქმიანობაში გამოეყენებინა ევროკავშირის საბაჟო სისტემის სახელმძღვანელო დოკუმენტი (EU Customs Blueprints)”, - აცხადებენ ექსპერტები.
მათი თქმით, “საქართველო ინარჩუნებს თავისუფალ საბაზრო მიდგომას დაფუძნების, მომსახურებით ვაჭრობისა და ელექტრონული კომერციის და ბიზნესის მიზნებისათვის ფიზიკური პირების დროებით ყოფნის თვალსაზრისით”. თუმცა, აღნიშნულია, რომ მომსახურებითა და ელექტრონული სახით ვაჭრობა ქვეყანაში არ არის განვითარებული და სერვისების ექსპორტიც შეზღუდულია.
“საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორი მნიშვნელოვან ინვესტიციებს საჭიროებს საერთაშორისო კომუნიკაციების და საკუთარი ადგილობრივი ქსელის განვითარებისთვის”, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროკომისიის ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვაზეც. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, არსებობს საკანონმდებლო ჩარჩო ამ უფლებების ეფექტიანად დასაცავად. თუმცა, შესაძლებელია აღსრულების გაუმჯობესება, განსაკუთრებით საავტორო უფლებების დარღვევისა და კონტრაფაქციის სფეროებში.