ევროკავშირის ბაზარზე ქართულ ქაფშიას მომავალი წლის დასაწყისში დაუშვებენ
ევროკავშირი 2017 წლის პირველ ნახევარში შავი ზღვის თევზს საკუთარ ბაზარზე დაუშვებს, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ნოდარ კერესელიძეს ევროპულმა მხარემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტში ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე აცნობა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ნოდარ კერესელიძემ კომიტეტს საქართველოს მიერ DCFTA- ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, მათ შორის, საკანონმდებლო მიახლოების კუთხით განხორციელებული რეფორმების, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში განხორციელებული პროგრამების თაობაზე.
“ევროკავშირის მხარემ ხაზგასმით აღნიშნა იმ პროგრესის შესახებ, რასაც საქართველომ სურსათის უვნებლობის ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბოლო წლებში მიაღწია. დადებითად შეფასდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებები თაფლის და შავი ზღვის თევზის კონტროლის მიმართულებით”, - აცხადებენ სამინისტროში.
შავი ზღვის ქაფშია იყო ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც ევროკავშირის დარგის ექსპერტებმა რისკების გაანალიზების საფუძველზე მოწინავე საექსპორტო პროდუქტად დაასახელეს (თაფლთან ერთად). 2014 წელს ევროკომისიის ვეტერინარისაა და სურსათის ოფისის სპეციალისტებმა დეტალურად შეამოწმეს კონტროლის სისტემა და წარმოების პროცესი. ევროპას ჰქონდა შენიშვნები და რეკომენდაციებიც გასცა.
ქაფშია ევროპაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან იმპორტირებული თევზის სახეობებს შორის მესამე ადგილს იკავებს, თინუსისა და სარდინების შემდეგ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოდან ექსპორტზე 5,3 მილიონი დოლარის ღირებულების თევზის ცხიმი, ქონი და მათი ფრაქციები გავიდა, ხოლო თევზის ფქვილი კი-10,7 მილიონი დოლარის. თევზის ექსპორტი ამ ეტაპზე, ძირითადად, თურქეთში ხორციელდება, საიდანაც შემდეგ ევროკავშირის ბაზარზე ხვდება. პირდაპირ ევროპულ ბაზარზე შესასვლელად საქართველოს ესაჭიროებოდა, ევროკავშირის ე.წ. მესამე ქვეყნების სიაში მოხვედრილიყო. აღნიშნულ სიაში, ამ ეტაპზე ცხოველური წარმოშობის პროდუქციიდან მხოლოდ ქართული მატყლი და თაფლია.
ბელა ნოზაძე