ასოცირების საბჭომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეული პროგრესი პოზიტიურად შეაფასა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური თემები, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, მთავრობის ახალი შემადგენლობის სამომავლო გეგმები განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაზე, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი უძღვებოდა.
როგორც საბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ასოცირების საბჭომ ცნობად მიიღო საქართველოს შესახებ ასოცირების განხორციელების 2016 წლის ანგარიში და პოზიტიურად შეაფასა 2015 წლის ნოემბერში გამართული ასოცირების საბჭოს შემდეგ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.
მხარეები მიესალმნენ ეკონომიკური ინტეგრაციის შედეგად მიღებულ პირველ შედეგებს, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელებამ მოიტანა.
საქართველოს დელეგაციამ გრძელვადიანი მდგრადი განვითარება და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა დაასახელა მთავრობის საშინაო რეფორმების ძირითად პრიორიტეტად, რაც თანხვედრაშია ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებთან.
ევროკავშირმა ხაზი გაუსვა ჯანსაღი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარების მნიშვნელობას და მიესალმა საქართველოს მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას.
ასოცირების საბჭო მიესალმა DCFTA-ის დროებითი ამოქმედების შედეგად საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის დარგში არსებულ პოზიტიურ ტენდენციებს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქართული პროდუქციისთვის ევროკავშირის ბაზრის შემდგომი გახსნის მიზნით მეტი წარმატების მიღწევისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის DCFTA-ის უპირატესობების შესახებ კომუნიკაციის გაუმჯობესების მნიშვნელობას.
მხარეები მიესალმნენ წარმოშობის წესების შესახებ ევროპის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების კონვენციის ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებას კონვენციაზე საქართველოს, როგორც ხელშემკვრელი მხარის, მიერთებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის ზრდას.
ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ როლს ენერგეტიკული და სატრანსპორტო კავშირების სფეროში და მიესალმა 2016 წლის 14 ოქტომბერს ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ოქმზე ხელმოწერას, რაც ასოცირების შეთანხმების განხორციელების ერთ-ერთ ელემენტს წარმოადგენს.
ასოცირების საბჭო მიესალმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ სოლიდურ დახმარებას, რომელიც 2014-2017 წლების პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასოცირების შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ამბიციური პოლიტიკური, სასამართლო და ეკონომიკური რეფორმების გატარების მხარდაჭერის მიზნით, წლიური დაფინანსება საშუალოდ 100 მლნ ევროს შეადგენს.
ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკაში ევროკავშირის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მნიშვნელობას და მიესალმა ინიციატივას, რომ 2017-2020 წლებზე გათვლილი დახმარება ფოკუსირებული იყოს ეკონომიკურ ზრდაზე, კერძო სექტორის მხარდაჭერასა და ფასეულობათა ეფექტიანი ჯაჭვის განვითარებაზე, ასევე, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე განსაზღვრულ დარგებში და/ან იმპორტის ჩანაცვლების მიზნით, კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე.
ევროკავშირმა მზაობა გამოხატა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირის პროგრამებში ჩართულობის გაზრდას, რაც კონკრეტულ სარგებელს მოუტანს ქვეყნის მოსახლეობას. ასოცირების საბჭომ დადებითად შეაფასა საქართველოსა და ევროკავშირის სააგენტოებს შორის თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია და მიესალმა ამ მიმართულებით განსაზღვრულ სამომავლო ნაბიჯებს. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერებას ევროკავშირისა და საქართველოს შესაბამის ინსტიტუციებს შორის დიალოგის გაღრმავებისა და ევროკავშირის ინსტრუმენტების ეფექტიანი გამოყენების გზით.
ევროკავშირმა დადებითად შეაფასა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივ ფორმატში საქართველოს აქტიური მონაწილეობა. ის მიესალმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გადახედვისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ გლობალური სტრატეგიის შემუშავების პროცესში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა სტრატეგიების საფუძველზე ნათელი და კონკრეტული პრიორიტეტების განსაზღვრისა და შედეგების მიღწევის მნიშვნელობას.