ევროკავშირის აგრარული პოლიტიკა: ფერმების გამსხვილება და მისი შედეგები
ევროკავშირში ფერმების საშუალო მოცულობა 2005-2013 წლებში 12-დან 16 ჰა-მდე გაიზარდა, ზოგიერთი ქვეყანა, ამ მხრივ, ნამდვილი ლიდერია. მაგალითად, სლოვაკეთში აგრომეურნეობების მოცულობა, თითქმის, სამჯერ გაიზარდა - 27 ჰა-დან 81 ჰა-მდე, ჩეხეთში - 84 ჰა-დან -133 ჰა-მდე, დანიაში - 52 ჰა-დან 67ჰა-მდე, გერმანიაში - 44 ჰა-დან 59 ჰა-მდე, ესტონეთში - 30 ჰა-დან 50 ჰა-მდე, საფრანგეთში - 49 ჰა-დან 59 ჰა-მდე, ფინეთში - 32 ჰა-დან 42 ჰა-მდე, დიდ ბრიტანეთში - 56 ჰა-დან 92 ჰა-მდე.
ევროკომისიის სტატისტიკის მიხედვით, მსხვილი ფერმები (100 ჰა და ზევით) კულტივირებული მიწების უდიდეს ნაწილს აკონტროლებს და მათი წილი ბოლო წლებში სულ უფრო იზრდება: სლოვაკეთში მსხვილ მეურნეობებს მიწების 90% უკავია, ჩეხეთში - 88%, ბულგარეთში - 84%, დიდ ბრიტანეთში - 75%. თუმცა, საერთო ტენდენციას ჩამორჩება ავსტრია (16%), კვიპროსი (17%), ჰოლანდია (20%) და სხვა ქვეყნები.
ფერმების გამსხვილების პროცესი, ძირითადად, ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკის -Common Agricultural Policy (CAP)- ის დამსახურებაა.
CAP უკვე 50 წელია, ფუნქციონირებს, თუმცა, ამ პერიოდში პრიორიტეტები რამდენიმეჯერ შეიცვალა. 1999 წელს ევროკავშირში სოფლის მეურნეობის სუბსიდირების პოლიტიკა ორიენტირებული გახდა მსხვილი ბიზნესების განვითარებაზე. 1999 წლის რეფორმამდე, ფინანსურ დახმარებებს პროდუქციის მოცულობის მიხედვით გასცემდნენ - რაც უფრო მეტს აწარმოებდა ფერმერი, მით მეტ სახელმწიფო დაფინანსებას იღებდა. რეფორმის შედეგად კი, სუბსიდიის მოცულობას დამუშავებული მიწის ფართობი განსაზღვრავს.
როგორც ევროპელი ექსპერტები აცხადებენ, ახალმა სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკამ სხვა ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა, ბიოსაწვავზე მოთხოვნა და ხორცის წარმოების ზრდა, მემარცვლეობის განვითარებას შეუწყო ხელი. აღნიშნული დარგი დიდ კაპიტალს, მსხვილ მიწებს და მცირე სამუშაო ძალას მოითხოვს.
2000 წლის შემდეგ მარცვლეულის (მათ შორის, ზეთოვანი კულტურების) წარმოება ევროკავშირში გაიზარდა 200-დან 300 მილიონ ტონამდე წელიწადში.
თუმცა, CAP -ს ბოლო პერიოდში მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ.
როგორც ევროპული გამოცემა EUObserver წერს, 15 წლის განმავლობაში ხილისა და ბოსტნეულის წარმოება 100-დან 85 მილიონ ტონამდე შემცირდა (მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ევროკავშირი გაფართოვდა და მის შემადგენლობაში 15-ის ნაცვლად უკვე 28 ქვეყანა შედის). ბაღჩეული კულტურების წარმოება ინტენსიურ სამუშაო ძალას მოითხოვს (როგორც მოვლისთვის, ასევე მოვლის ასაღებად). შესაბამისად, 2000 წლიდან დასაქმება ევროკავშირის სოფლის მეურნეობაში შემცირდა 6 მილიონი ადამიანით, ძირითადად, სეზონური (უხელფასო) მუშების ხარჯზე.
ხილისა და ბოსტნეულის წარმოების კლების გამო, მისი იმპორტი ევროკავშირში 2000-2015 წლებში 13 მილიარდი ევროთი გაიზარდა და 23 მლრდ ევრო შეადგინა. იმპორტიორ ქვეყნებს შორის ჩილე და მაროკო დაწინაურდნენ, მათი პროდუქციის რეალიზაცია ევროპაში 15 წლის განმავლობაში გაორმაგდა.
როგორც EUObserver წერს, იმპორტი ტრაილერებითა და გემებით ხორციელება, ტვირთის მოცულობა 2015 წელს 200 ათასი ტონას აღწევს, რაც გარემოს სერიოზულ ზიანს აყენებს, ისევე როგორც ინტენსიური ფერმერული ტექნოლოგიები. ამასთანავე, CAP-მა ბევრი პრობლემა, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებში არსებობდა, ვერ გადაჭრა.
„ორი ათეული წლის განმავლობაში ევროპულ ინსტიტუტებს გაუჭირდათ უზრუნველეყოთ მცირე ფერმერების მხარდაჭერა და გარემოს მიმართ პასუხისმგებლიანი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა“, - წერს გამოცემა.
CAP -ის ფარგლებში ევროკავშირი 2020 წლიდან ახალი რეფორმის დანერგვას გეგმავს, ევროპარლამენტის აგრარული კომიტეტი მოითხოვს, მომდევნო რეფორმა უფრო „მწვანე“იყოს, ფოკუსირებული გარემოს დაცვასა და მცირე ფერმერებზე.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი სოფლის მეურნეობის სუბსიდირებით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ადგილზეა. ევროპული ფერმების წმინდა შემოსავლებში სახელმწიფო დახმარებას 40% უკავია, 2015 წელს CAP -ის მთლიანი ბიუჯეტი 58 მილიარდი ევრო იყო.