სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდება
სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილებები შევიდა.
როგორც კანონპროქტის ავტორები აცხადებენ, ცვლილებების მიზანია, აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, ასევე, DCFTA-ის შეთანხმებიდან გამომდინარე, ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოება.
დაზუსტდა, რომ ამ კოდექსის მოთხოვნები ვრცელდება არა იმ ბიზნესოპერატორებზე, რომელთაც აქვთ მცირე ბიზნესის სტატუსი და რომელიც ახორციელებენ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას, არამედ მხოლოდ იმ მცირე ბიზნესოპერატორზე, რომლებიც ახორციელებენ პირველადი პროდუქტის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლამდე ან იმ საცალო ვაჭრობის პუნქტისთვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს.
კანონპროექტის თანახმად, სავალდებულო გახდა იმ ბიზნესოპერატორის აღიარება, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან (განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით).
65 -ე მუხლში შედის ცვლილება, რომლის მიხედვით, ბიზნესოპერატორის მიერ მავნე სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება, ან ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღებასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა განმეორებით ერთი წლის განმავლობაში გამოიწვევს ბიზნესოპერატორის 3000 ლარით დაჯარიმებას. იგივე ქმედებისთვის, მხოლოდ არამავნე სურსათის/ცხოველთა საკვების შემთხვევაში, ჯარიმის მოცულობა 1000 ლარით განისაზღვრა.
ამასთანავე, კოდექსში გაითვალისწინეს სანქციები სურსათის, ცხოველის საკვების შენახვისას ტემპერატურული რეჟიმების დარღვევებზეც. ამის გამო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორი 200 ლარით, ხოლო სხვა დანარჩენი − 500 ლარით დაჯარიმდება.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევიდა 66-ე მუხლის მე-31 ნაწილში, რომლის მიხედვით, ხორცის ვეტერინარის შემოწმების გარეშე განმეორებით რეალიზაცია ჯარიმდება 3000 ლარით (აქამდე მისი მოცულობა 1000 ლარი იყო).
კანონპროექტში დამატებულია სანქცია პროფილაქტიკური კარანტინის წესის დარღვევისათვის, რაც იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. მისი მიზანია "ქვეყნის დაცვა ცხოველთა საშიში დაავადებების გავრცელებისაგან, ვინაიდან, საკარანტინო წესების დარღვევამ ქვეყანაში შეიძლება გამოიწვიოს ცხოველთა სხვადასხვა საშიში დაავადებების გავრცელება, რასაც შესაძლებელია მოჰყვეს ფატალური შედეგი", - მიიჩნევენ კანონპროექტის ინიციატორები.
ახალი რედაქციის მიხედვით, ინსპექტირებისას ისეთი შეუსაბამობის გამოვლენისას, რომელიც პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია საწარმოო პროცესის შეჩერების გარეშე, უფლებამოსილი პირის მითითების შეუსრულებლობის გამო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირები არსებული 400 ლარის ნაცვლად 200 ლარამდე დაჯარიმდებიან.
კოდექსს ემატება 691 მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესის დარღვევისთვის. ეს კი გამოიწვევს ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ბიზნესოპერატორის − 500 ლარის ოდენობით. თუმცა, ეს მუხლი ძალაში გაისად შევა, ასევე იმავე მუხლის ერთ-ერთი ნაწილის მიხედვით, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული საქმიანობით დაკავებული ბიზნესოპერატორის მიერ მის საქმიანობასთან დაკავშირებული წესების დარღვევა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ . სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევასთან დაკავშირებით სანქციები შემსუბუქდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებისთვის, რომლებიც ჯარიმის სახით 400 ლარის ნაცვლად 200 ლარს გადაიხდიან, ხოლო ზოგადად, განმეორებითი შემთხვევაში, ჯარიმის მოცულობა 1200 ლარიდან 600 ლარამდე შემცირდება, თუმცა, 74-ე მუხლს ემატება მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის, ხოლო სხვა ბიზნესოპერატორის - 400 ლარის ოდენობით.
ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსებისთვის განმეორებით შემთხვევაში დამატებით ჯარიმის სახით მეწარმეს 1200 ლარის გადახდა მოუწევს,
კოდექსს ემატება მუხლი, რომლის მიხედვით, სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებასთან დაკავშირებული მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“.
აღსანიშნავია, რომ ცალკეული მუხლები ძალაში გაისად, პირველი იანვრიდან შედის.