DCFTA-ს საინფორმაციო რესურს მაგიდები 7 რეგიონში ამოქმედდება
ევროკავშირის ახალი ინიციატივის ფარგლებში, სოფლად მცხოვრები მეწარმეები DCFTA-ს სიკეთეებით სარგებლობის ახალ შესაძლებლობას მიიღებენ. ჩეხურმა ორგანიზაცია „People in Need“-მა (ადამიანი გაჭირვებაში), ევროკავშირის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ახალი პროექტი დაიწყო. იმერეთში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში, ზემო სვანეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში სულმალე DCFTA-ს საინფორმაციო რესურს მაგიდები ამოქმედდება, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს, ფერმერებსა და აგრო-მეწარმეებს, მეტი ინფორმაცია მიიღონ DCFTA-ს შესახებ, საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ და ევროპულ ბაზრებთა წვდომა მიიღონ.
როგორც პროექტის მენეჯერი ზაალ ანჯაფარიძე EUGeorgia.info-სთან საუბარში განმარტავს, რესურს მაგიდების კონსულტანტები სოფლად მცხოვრებ მეწარმეებს, კონსულტირების გარდა, ბიზნესპროექტების დაწერასა და დონორების მოძიებაში დაეხმარებიან.
„საინფორმაციო რესურს მაგიდები დაეხმარებიან სოფლად მცხოვრებ მეწარმეებს ფინანსების მოსაპოვებლად საჭირო ბიზნესგეგმების, პროექტების შედგენაში, დააკვალიანებენ რომელ დონორთან მივიდნენ, სად მოიძიონ ფინანსები, რა პროგრამას მიმართონ, რადგან ხშირად ამის თაობაზე ინფორმაცია არა აქვთ. სოფლად მცხოვრებ მეწარმეებს არაერთხელ გამოუთქვამთ წუხილი, რომ არ იციან პროექტების წერა და ბიზნეს გეგმის შედგენა, ამ მხრივ არსებობს სერიოზული ინფორმაციული ვაკუუმი და ჩვენი რესურს მაგიდებით მის შევსებას შევეცდებით“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.
რესურს მაგიდების მუშაობას უზრუნველყოფს 23 რეგიონული ორგანიზაცია, რომელთანაც PIN-მა საგრანტო ხელშეკრულებას რამდენიმე დღის წინ მოაწერა ხელი. შერჩეულ რეგიონებში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ DCFTAსა და მცირე და საშუალო მეწარმეობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების ადვოკატირებაშიც.
„კვლევები აჩვენებს, რომ რეგიონებში მცხოვრები მცირე მეწარმეების დიდი ნაწილი არ არის საკმარისად ინფორმირებული DCFTA-ზე. შევარჩიეთ ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ სასოფლო-სამეურნეო თემებთან მუშაობის გამოცდილება. გვინდა სწორედ მათი მეშვეობით ხელი შევუწყოთ DCFTA-ს დანერგვას ჩვენს რეგიონებში. პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებს გადავეცით სათანადო აღჭურვილობა იმისთვის, რომ შეძლონ რესურს მაგიდების ამუშავება, ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა ჩაუტარეს ინტენსიური ტრენინგები, ასევე ჩაატარეს სოფლად წარმოებული პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი, იმისთვის რომ ჩვენმა სამიზნე ორგანიზაციებმა შეძლონ მოახდინონ იმ პროდუქციის იდენტიფიცირება, რომელსაც ევროპულ ბაზრებზე გასვლის ყველაზე მაღალი პოტენციალი აქვს“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.
პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" პარტნიორები სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, კვლევითი ცენტრი PMCG-ი და ასოციაცია „ათინათი" არიან.