„მზიან მოსავალს” ჩიფსის კარტოფილის მოყვანაში ევროკავშირი ეხმარება
კომპანია „მზიან მოსავალს” ბოლნისში კარტოფილი, ხახვი, ხორბალი, ლობიო 160 ჰექტარ მიწის ფართობზე მოჰყავს. მოყვანილი კარტოფილით იგი პარტნიორ კომპანია შპს „Wellington”-ს ამარაგებს, რომელიც ქართულ ჩიფსს „FRIXX” –ს აწარმოებს.
შპს „მზიანი მოსავალი“ 2015 წელს დაფუძნდა. ევროპული ინვესტიციით შექმნილი კომპანიის მიზანი სოფლის მეურნეობაში საქმიანობა იყო. თავიდან კარტოფილის (ჩიფსის და სუფრის ჯიშები) მოყვანით დაიწყეს. ჩიფსის წარმოებისთვის საჭირო კარტოფილის მოსაყვანად ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი სავანეთი შეარჩიეს. პირველი მოსავალი 2016 წელს მიიღეს. მას შემდეგ ნათესები გაიზარდა და კარტოფილს ხახვი, ლობიო და ხორბალი დაემატა. ფართობზე ბოსტნეული კულტურათა მონაცვლეობის პრინციპით მოჰყავთ. წელს კომპანია ჭარხლის ნათესების დამატებას აპირებს. „მზიანი მოსავალის” ხელმძღვანელი ვლადიმერ ლებჩინსკი ამბობს, რომ კომპანიის მიზანი ქართული წარმოების პროდუქტით იმპორტის ჩანაცვლებაა. ამიტომ ბოსტნეულის ახალი სახეობების დამატებასა და მოსავლიანობის გაზრდას მომავალშიც გეგმავენ.
ცოტა ხნის წინ „მზიანმა მოსავალმა” ევროკავშირის შეღავათიანი სესხით EBRD -ის პროგრამა Credit Line -ით ისარგებლა და 3 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თანამედროვე ტექნიკა შეიძინა- სარწყავი სისტემა - Beinlich Monsun, მინდვრის კულტურების საწამლი აპარატი და ხახვის მოსავლის ამღები აგრეგატი.
„EU4BUSINESS/ EBRD, როგორც ბიზნესის და მეწარმეობის მხარდამჭერი ინსტრუმენტი, უპირობოდ მნიშვნელოვანია, როგორც ფინანსური, ასევე საკონსულტაციო კუთხით,- ამბობს „მზიანი მოსავალის” დირექტორი ვლადიმერ ლებჩინსკი, - კომპანიისთვის, ცხადია, ღირებულია მათი ექსპერტული დახმარება და პროგრამის მიერ მოთხოვნილი ევროპული სტანდარტები, ისევე როგორც EBRD-ის ქეშბექის მიღების რესურსი. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში EBRD-ის ქეშბექი სესხის 10%-ით განიზაღვრა, რაც მიღებული იქნება პროექტის სრული იმპლემენტაციის შემდეგ. პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტექნიკა შევიძინეთ. განხორციელებული ინვესტიცია კომპანიის ოპერირების მდგრადობას და მოსავლის მიღების გაორმაგების შესაძლებლობას მოგვცემს. ყველა შეძენილი მანქანა-დანადგარი არის ახალი, წარმოებული ევროპაში, შესყიდვამდე არაუმეტეს 3 კალენდარული წლით ადრე და მათზე ვრცელდება მწარმოებელი კომპანიის მიერ გაცემული გარანტია”.
ვლადიმერ ლებჩინსკი 4 წელია საქართველოშია. მანამდე ის გერმანიასა და პოლონეთში კვების ინდუსტრიაში მუშაობდა და ამ ქვეყნებში ჩიფსების მწარმოებელ კომპანიებს ხელმძღვანელობდა.
„საქართველოში მოწეული ბოსტნეული მაღალი ხარისხისაა და კარგი გემოვნური თვისებები აქვს. ქვეყანაში ხარისხიანი პროდუქტის მოყვანის შესაძლებლობაა და მისი იმპორტი რატომ უნდა ხდებოდეს? ჩვენც სწორედ იმპორტის ჩანაცვლება გადავწყვიტეთ. გარდა ამისა, ჩვენი მიზანი ფერმერებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა. ადგილობრივ ფერმერებს აგრო ღონისძიებების სწორად გატარებაში ვეხმარებით, რათა მათ მოსავლიანობის გაზრდა და ჯანსაღი პროდუქტის მოყვანა შეძლონ.
ამ სფეროში განათლება მცირე ფერმერებისთვის აუცილებელია”, -ამბობს ვლადიმერ ლებჩინსკი.
საუკეთესო ევროპული ტექნიკით ნიადაგის მომზადებამ, ევროპული წარმოების სარწყავი სისტემის დამონტაჟებამ, რომელიც თანაბრად ანაწილებს წყალს, განაპირობა ის, რომ „მზიანი მოსავალის” ბოსტნეულის მოსავლიანობა თანაბრად მაღალია. იმ დროს, როცა ადგილობრივი ფერმერების ნაკვეთში ჰექტარზე კარტოფილის საშუალო მოსავლიანობა 15-20 ტონაა. „მზიანი მოსავალი” ჰექტარზე დაახლოებით 40 ტონა კარტოფილს იწევს. ევროპული ტექნიკისა და მოვლის თანამედროვე სტანდარტების გამოყენებით მიღებული ბოსტნეულის თვითღირებულებაც შესაბამისად, დაბალი გამოდის.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მცირემიწიან ფერმერებს ისინი კონკურენციას არ უწევენ, რადგან „მზიანი მოსავალი” ძირითადად ორიენტირებულია ისეთ მომხმარებელზე, რომელსაც სტაბილურად სჭირდება დიდი ოდენობის ბოსტნეულით მომარაგება, რაც დღეისთვის უმრავლეს შემთხვევაში იმპორტით არის უზრუნველყოფილი.
კომპანიას ბოსტნეულის სათესლე მასალა გერმანიიდან და ჰოლანდიიდან შემოაქვს, რომელსაც ადგილობრივი ნიადაგის, წყლის, კლიმატის გათვალისწინებით არჩევს. კომპანია ყოველ წელს ამატებს რომელიმე ახალი დასახელების ბოსტნეულს, რომ ნახოს, როგორი მოსავალი მოვა. მაგალითად, კარტოფილის შაქრიანობა როგორია, კანი როგორი აქვს, ამის შესაბამისად ხდება ამა თუ იმ ჯიშის ამოღება წარმოებიდან ან პირიქით, დამატება.
თხელი კანის, შესაბამისი შაქრიანობის და ზომის კარტოფილს „მზიანი მოსავალი” მის პარტნიორ ჩიფსი „FRIXX”-ის მწარმოებელ კომპანია „Wellington“-ს აწვდის. ცოტა ხნის წინ კომპანიამ კარტოფილი ექსპორტზე აზერბაიჯანში გაიტანა. ბოლნისში მოყვანილი კარტოფილი აზერბაიჯანულმა ჩიფსის მწარმოებელმა კომპანიამ შეისყიდა.
მოწეული ბოსტნეულის მარაგს „მზიანი მოსავალი” ბოლნისის სოფელ სავანეთში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სასაწყობე მეურნეობაში ინახავს, სადაც ერთდროულად 2 ათასი ტონა სხვადასხვა ბოსტნეული კულტურის განთავსებაა შესაძლებელი. სასაწყობო მეურნეობაში ოთხი სხვადასხვა განყოფილებაა, სადაც ინდივიდუალურად ხდება ტემპერატურის დარეგულირება, იმის მიხედვით, რა პირობებში სჭირდება ბოსტნეულს შენახვა.
როგორც კომპანიაში ამბობენ, მომავალში მოსავლის ზრდის პარალელურად, მომხმარებელს მაღალი ხარისხის, გასუფთავებულ, თანაბარი ზომის, შეფუთულ ქართული წარმოების კარტოფილსა და ხახვს მიაწვდიან.
ავტორი: ნონა ქვლივიძე