2021 წლისთვის კენკრის ფართობები საქართველოში 1000 ჰექტარს მიაღწევს
2021 წლისთვის კენკრის ფართობები საქართველოში 1000 ჰექტარს მიაღწევს
არის თუ არა მომგებიანი კენკრის ბიზნესი საქართველოში?
„10 ჰექტარზე ვერ მოიყვანთ იმდენ ხორბალს, რომ ოჯახი არჩინოთ, ვერც ფერმას გააკეთებთ, მაგრამ თუ თქვენ კენკრას მოიყვანთ, 10 ჰექტრიდან მიღებული შემოსავალით ოჯახს შეინახავთ",- ასეთი რჩევა მისცა საქართველოში სტუმრობისას ადგილობრივ ფერმერებს ამერიკელმა ექსპერტმა რიჩარდ დეილიმ, რომელსაც ლურჯი მოცვის საკუთარი ბაღიც აქვს და ამ საქმეში დიდი გამოცდილებაც. მის მსგავსად საქართველოში ჩამოსული ბევრი უცხოელი სპეციალისტი გაოცებული რჩებოდა, რომ საქართველოში იყო ვაშლის, ატმის ბაღები, მაგრამ არ მოჰყავდათ კენკრა. დღეს ბევრმა ფერმერმა საქართველოში უკვე იცის, რომ კენკრა მომგებიანია, მისი ღირებულება ბევრი სხვა სახეობის ხილზე მაღალია და მისი მოყვანა მცირე ნაკვეთშიც შეიძლება.
თუ მარწყვს არ ჩავთვლით, კენკრის ბაღები საქართველოში რამდნიმე წლის წინ შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ არსებობდა. მისი გაშენება დონორი ორგანიზაციების მიერ ფერმერებისთვის კენკრის ნერგების გადაცემით დაიწყო. მოგვიანებით რამდენიმე სახელმწიფო პროგრამაც ამოქმედდა და ამჟამად საქართველოს ყველა რეგიონში კენკრის ბაღებს გაშენებამ უკვე აქტიური სახე მიიღო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საპროგნოზო მაჩვენებელი ასეთია, რომ 2021 წლისთვის მოცვის ფართობები საქართველოში 505 ჰექტარს მიაღწევს, ჟოლო 250 ჰექტარზე იქნება გაშენებული, ხოლო მაყვლის ბაღების ფართობი 225 ჰექტარს გადააჭარბებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინასწარი გათვლებით, ამ კენკროვანების მოსავლის მოცულობა 2021 წლისთვის 7 ათას ტონას უნდა გაუტოლდეს.
საქართველოში კენკრის გაშენებას პირველ რიგში, ხელს უწყობს:
- ხელსაყრელი კლიმატური პირობები;
- იაფი რესურსები – ელექტროენერგია, წყალი, მუშახელი;
- ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა: ადვილად ხელმისაწვდომი ევროპის, დსთ-ს და აზიის ბაზრები;
- მზარდი კენკროვანების ინდუსტრია და სახელმწიფოს სტიმულირება მცირე და საშუალო ფერმერების მიერ კენკროვანი კულტურების პლანტაციების გაშენებაზე - პროექტი „დანერგე მომავალი“, შეღავათიანი აგროკრედიტი, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“;
- საერთაშორისო დონორების მხარდაჭერა;
- ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA).
თუმცა, ეს ფაქტორები არ არის საკმარისი, რომ ამ ბიზნესმა ფერმერს მოგება მოუტანოს. რა უნდა გაკეთდეს ამისთვის და რა უნდა გაითვალისწინონ მეწარმეებმა, ამაზე ქვემოთ მოგიყვებით. მანამდე კი სტატისტიკას გადავხედოთ. საქართველოს კენკრაში(მოცვის გარდა), ისევე როგორც სოფლის მეურნეობის ბევრი მიმართულებით მკვეთრად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს. იმპორტი თითქმის 5-ჯერ აღემატება ექსპორტს.
*წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
კიდევ უფრო მკვეთრად უარყოფითია სავაჭრო ბალანსი გაყინული კენკრის შემთხვევაში. 2017-18 წლებში გაყინული სახით ექსპორტზე საერთოდ არ გასულა მარწყვი. გაყინული მაყვლისა და ჟოლოს ექსპორტის საერთო ღირებულება კი შარშან 600 დოლარზე მეტი არ ყოფილა. სამაგიეროდ იმპორტის სახით ქვეყანაში 2018 წელს 142,2 ათასი დოლარის გაყინული მარწყვი და ხენდრო შემოვიდა. ხოლო გაყინული მაყვლისა და ჟოლოს იმპორტმა 251, 8 ათასი დოლარი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ იმპორტირებული გაყინული კენკრის მოცულობა ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად იზრდება და 2014 წლის შემდეგ დაახლოებით 6-ჯერ არის მომატებული. ეს სტატისტიკა მოწმობს, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს მომავალში ბაზრის ამ სეგმენტის ათვისების და იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი აქვთ.
რატომ ვერ გააქვთ ფერმერებს კენკრა ექსპორტზე?
საქართველოში მოწეული მოცვის მოსავლის 80% ე.წ. „ფრეშ მარკეტზე“ ხვდება. ხოლო დარჩენილი 20%-ის გაყინვა ხდება.
მარწყვის, ჟოლოს და მაყვლის 60% ცოცხალი სახით ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ამ სამი სახეობის კენკროვანების დარჩენილი 40% გაყინული სახით გადის ბაზარზე ან მისი ჯემის, ჩირისა და წვენის სახით გადამუშავება ხდება. საქართველოში მოკრეფილი მოცვის 80% ექსპორტზე გადის. დანარჩენი კენკროვანების რეალიზაციას მწარმოებლები თითქმის მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე ახორციელებენ.
კენკროვანების წარმოების სექტორში მსხვილი მოთამაშეების თქმით, მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია გაყიდვების შემდეგი სტრუქტურის მიღწევა: მოსავლის 80%-ის ექსპორტზე გატანა და 20%-ის შიდა ბაზარზე რეალიზაცია.
რა უშლის ხელს ადგილობრივ ფერმერს კენკრის ექსპორტში? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. როგორც სოფლის მეურნეობის საწარმოთა მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა ჯანაშია ამბობს, რომელიც ამავე დროს მოცვის ბაღების მფლობელი კომპანია „Blue Berry“-ის დირექტორია, ერთ-ერთი მთავრი მიზეზი ფერმერების მიერ მცირე მოსავლის წარმოებაა. გარდა ამისა, ბევრი ბაღი არის ახალი გაშენებული და ჯერ მოსავალს სრულად არ იძლევა. ექსპერტის თქმით, პრობლემას ადგილობრივი ფერმერების საექსპორტო გამოცდილების არქონა ემატება. მწარმოებლებს უჭირთ ექსპორტიორი კომპანიის მოძებნა. ხელისშემშლელი ფაქტორების ჩამონათვალში ასევე შედის პროდუქციის არასათანადო ხარისხი, კენკროვანების მოყვანის სათანადო ცოდნის ნაკლებობა, დაბალხარისხიანი შხამ-ქიმიკატები, აგრო აქტივობების დაგვიანებით ჩატარება, მოსავლის აღების ხარისხი და მისი შეფუთვა. კიდევ ერთი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს აღებული მოსავლის არ გაგრილება - ე.წ. ცივი ჯაჭვის არ არსებობა.
„კენკრის ბაღები საქართველოში ძირითადად არის მცირე ფართობების. განსაკუთრებით, მარწყვის ბაღები.10 ჰექტარზე მეტი ფართობის ბაღი ქვეყანაში სულ რამდენიმე ერთეულია. როცა ბაღი პატარაა, პროდუქტის თვითღირებულება მაღალი გამოდის, ამიტომ უნდა მოხდეს მცირე ბაღების გაერთიანება. მათ უნდა შეძლონ სხვა ფერმერებთან კოოპერაცია. უნდა შეძლონ პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, სათანადო ჯიშების შერჩევა, ნერგების შეძენა სანდო სანერგეებიდან, სერტიფიცირებული აგრო- სპეციალისტის მოძიება, ხარისხიანი შხამქიმიკატის გამოყენება. ხოლო შემდეგ, უნდა მოხდეს აღებული მოსავლის რაც შეიძლება მოკლე ხანში გაგრილება და ცივი ჯაჭვის უზრუნველყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოკრეფილი კენკრა მაშინვე თავსდება სპეციალურ კამერებში, სადაც ხდება გაგრილება. ამ პროცესს უნდა მოყვეს ხილის დახარისხება და შეფუთვა. სამწუხაროდ, საქართველოში ფერმერებს არ აქვთ გაგრილების სისტემა, არ ხდება პროდუქციის დახარისხება და შეფუთვა, რაც მას ევროპული ბაზრისთვის შეუსაბამოს ხდის“, - ამბობს მამუკა ჯანაშია.
ავტორი: ნონა ქვლივიძე