ნუშის მწარმოებლებისთვის ევროკავშირში ყველაზე მიმზიდველი ბაზარი გერმანიას აქვს
კაკლოვანი კულტურებიდან ევროპაში მიწის თხილის შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობით ნუშს მოიხმარენ. ევროპელ მომხმარებლებში ყველაზე პოპულარული ტკბილი კანგაუცლელი ნუშია, რომელიც მთლიანი იმპორტის 99%-ს შეადგენს. ადგილობრივი წარმოების სიმცირის გამო ძირითადად ამერიკული ნუში ჭარბობს. დიდი წარმოება აქვს ესპანეთსაც, თუმცა ბოლო პერიოდში აქაც კლების ტენდენცია შეინიშნება, რაც განვითარებადი ქვეყნებიდან ექსპორტიორებისთვის დამატებით შესაძლებლობებს აჩენს, მათ შორის შეიძლება იყოს საქართველოც, აქ ნუშის კულტურა ჯერ ათვისებული არ არის, თუმცა ბოლო წლებში აქტიურად დაიწყეს ნუშის ბაღების გაშენება.
ევროკავშირში ექსპორტი მთავარი მიზანია მერაბ ბერიაშვილისთვის, რომელსაც კასპის რაიონში ნუშის ბაღი 30 ჰა-ზე აქვს. 20 ჰა პროგრამის “დანერგე მომავალი” დახმარებით გააშენა და ქართულ ძირზე აშშ-დან ჩამოტანილი ჯიშები დაამყნო, შემოდგომაზე კიდევ 40 ჰა-ს დამატებას გეგმავს. პირველ მოსავალს 2 წელიწადში ელოდება.
“ჩვენი გათვლებით, სხვა კაკლოვანებთან შედარებით ნუში ყველაზე რენტაბელურია, რაც შეიძლება მოვიყვანოთ საქართველოში, ამასთან, ყველაზე სასარგებლოც, გამოიყენება მედიცინაში, კულინარიაში, ნუშის ზეთზე დიდი მოთხოვნაა. საბითუმო გასაყიდი ფასი მსოფლიო ბაზარზე 2$-დან დაიწყო და დღეს 1 კგ დაახლოებით 11.8 $-ია. ფასები მუდმივად მზარდია და ამიტომაც გადავწყვიტე ამ კულტურის მოშენება“,-ამბობს ბერიაშვილი, რომელმაც ევროპის ბაზარიც მეტნაკლებად შეისწავლა და სურვილი აქვს, მეტი ადამიანი დაკავდეს ამ ბიზნესით, რომ ევროკავშირში ექსპორტი გაუადვილდეთ.
“მართალია, ვაშლი ტრადიციული კულტურაა, მაგრამ ყველგან მოდის: ევროპაშიც, უკრაინაშიც, რუსეთშიც, ბელორუსშიც, ნუში კიდევ მსოფლიოში დეფიციტური პროდუქტია, რომლის ფასიც ყოველწლიურად იზრდება, იოლად შესანახია, სერიოზული გადამამუშავებელი წარმოება სჭირდება, მაგრამ მომავალში ამაზეც ვიზრუნებთ. რაც მეტი მოიყვანს, მით უკეთესია, მარტო ერთი კაცისთვის ძნელია გასაღების ბაზრის მოძიება, იმხელა მასშტაბებზე, მოთხოვნაზეა საუბარი, რომ ჩვენ ზღვაში წვეთი ვართ. საქართველომ 20 ათას ჰა-ზე რომ გააშენოს ეს კულტურა, ძალიან დიდი შემოსავალი იქნება ქვეყნისთვის, -ამბობს მერაბ ბერიაშვილი.
ტრადიციულ კულტურას ნუში არჩია დედოფლისწყაროში მცხოვრებმა ჯემალ კილაძემაც. კილაძემ მამა-პაპური ვენახი გაჩეხა და თავდაპირველად 1 ჰა-ზე გააშენა ნუში, გასულ წელს სამთავრობო პროგრამის “დანერგე მომავალი” დახმარებით კიდევ 3 ჰა დაამატა, წელს ისევ გეგმავს ბიზნესის გაფართოებას. ნუშს ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, თუმცა საბოლოო მიზანი ექსპორტზე გატანაა.
“ჩვენთან კახეთში ძირითადად ვენახები აქვთ, მაგრამ ხომ ხედავთ ყურძენზე რა დღეშია ხალხი, რელიზაციას ვერ ახერხებენ, მეც მქონდა ვენახი, გავჩეხე და გავაშენე ნუში. ნუშის მოყვანა ნაკლებხარჯიანია, მთელი წლის განმავლობაში შეიძლება შენახვა, ჩვენი ბუნებრივი პირობებისთვის კარგია, გვალვაგამძლეა, კარგი მოსავალი აქვს. გერმანიაში ცხოვრობს ჩვენი ახლობელი, რომელმაც დაგვაკავშირა პოტენციურ პარტნიორებს, გავატანეთ ნიმუშები, თუმცა იმათ წელიწადში სულ მცირე 20 ტონა უნდათ, დღეს ვერ შევძლებთ ამდენის მიწოდებას, ალბათ კიდევ რამდენიმე წელი დაგვჭირდება. მართალია, სახელმწიფო გვეხმარება ნერგით, მიწის ანალიზებითა და წვეთოვანი სარწყავით, მაგრამ უცხოურ ბაზრებზე არავინ ლაპარაკობს, კარგი იქნება ამ საკითხშიც დაგვეხმარონ, რადგან მათ ჩვენზე მეტ ქვეყანასთან აქვთ ურთიერთობა და მოლაპარაკებები ”,-ამბობს კილაძე.
ბერიაშვილმაც და კილაძემაც ქართულ კვირტზე კალიფორნიიდან ჩამოტანილი ნუშის ნერგები დაამყნეს, რომელიც სოფელ ნიქოზში მდებარე სანერგე მეურნეობაში შეიძინეს. სანერგე მეურნეობის ხელმძღვანელი გიორგი მჭედლიძე რამდენიმე წელი აშშ-ში ცხოვრობდა და ნერგების გამოყვანა იქ ისწავლა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ საოკუპაციო ხაზთან ახლოს სანერგე მეურნეობა მოაწყო, სადაც ნუშის ნერგებიც გამოყავს. მჭედლიძე eugeorgia.info-სთან საქართველოში მოყვანილი ნუშის უპირატესობებზე საუბრობს და ამბობს, რომ 2 წელიწადში საქართველოდან ექსპორტზე დიდი რაოდენობით ნუშის გატანა იქნება შესაძლებელი. პირველი შეთავაზება უკვე მიიღო პოლონელებისგან.
“პოლონეთის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა წაიღეს ნიმუშები, მოეწონათ და გვთხოვეს გათვლები გაგვეკეთებინა 2017-2018 წლებისთვის- რა რაოდენობის ნუშის მიწოდება შეგვიძლია პოლონეთისთვის. საქართველოს ერთ-ერთი უპირატესობაა ის, რომ ნუში ენდემურია, ევროპის ქვეყნებში მხოლოდ 7 ქვეყანაშია წარმოება შესაძლებელი, ნუშის მოსავლის 85%-ზე მეტი მოდის აშშ-ზე. აქტიურად თუ დავიწყებთ ბაღების გაშენებას, ევროპის ბაზარი ჩვენთვის ღია იქნება. ის, რასაც ევროპაში 5-6 წელიწადი სჭირდებათ, ჩვენ შეგვიძლია 3 წელიწადში მივიღოთ, დაწყებული ნერგის წარმოებიდან, ჩვენთან 1-წლიანი ნერგითაც შეიძლება ბაღის გაშენება, ხარისხს ვიღებთ საუკეთესოს, 2015 წლის შემოდგომაზე დაახლოებით 650 ჰა-ზე გავაშენეთ. 2 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ჩვენი ნერგებით გაშენებული ბაღები დაახლოებით 2017-2018 წლებში შევა მსხმოიარობაში და შემდეგ უკვე მარტივად შეგვეძლება გატანა”,-ამბობს სანერგე მეურნეობის ხელმძღვანელი.
პროდუქტის დახასიათება
ევროკავშრიში ნუშს, როგორც ნედლხილად და ნუგბარად, ისესაკონდიტრომრეწველობასა დამედიცინაში იყენებენ. მსოფლიოში მოხმარებული ნუშის 40%-ი შოკოლადის მწარმოებლებზე მოდის. იყიდება ნაჭუჭით ან დამუშავებული სახით (ნაჭუჭგაცლილი, გამშრალი, ბლანშირებული ან გადამუშავებული ფქვილი, ზეთი, სანელებლები). ფოთლისფორმისმიხედვითარჩევენტკბილდამწარეჯიშებს. გარდა იმისა, რომ მყიდველთა 40% ნუშს მოიხმარს, როგორც პროტეინის წყაროს, შეიცავს დიდი ოდენობით E ვიტამინს და აქვს სადიეტო თვისებები.
იმპორტი ევროკავშირში
CBI (ჰოლანდიური კვლევითი ინსტიტუტი) ნუშის მწარმოებლებს ურჩევს ყურადღება მიაქციონ გერმანიას, თუ სურთ ევროკავშირის ბაზარზე შესვლა, ვინაიდან გერმანია მთლიანად დამოკიდებულია იმპორტზე, არა აქვს შიდა წარმოება, მსოფლიოში ნუშის ყველაზე მსხვილ მომხმარებლებს შორის მეორე ადგილზეა, აშშ-ის მერე და ასევე, მნიშვნელოვანი რეექსპორტიორი ქვეყანაა. ამასთან, აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად “ტრეიდერები” დაინტერესებული იქნებიან მოიძიონ და შეინარჩუნონ მიმწოდებლების ფართო სპექტრი. “ევრომონიტორის” ინფორმაციით, გერმანიაში ნუშს კაკლოვანი კულტურის ბაზრის 19% უჭირავს (მიწის თხილი-27%).
დღეს ევროკავშირის ბაზარზე ნუშის მთავარი მიმწოდებლებია: აშშ, ესპანეთი, ბელგია, იტალია, ნიდერლანდები, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და მაროკო, აქედან ყველაზე დიდი წილი მოდის აშშ-ზე. ბელგიასა და ნიდერლანდებიდან ძირითადად განვითარებადი ქვეყნებიდან რეექსპორტი ხდება (მაროკო, ირანი, სირია, ჩილე, უზბეკეთი, ავღანეთი, პაკისტანი, ყირგიზეთი, ინდონეზია და ბურკინა-ფასო).
წარმოება და მოხმარება
მსოფლიოში წელიწადში 1 მილიონ ტონაზე მეტი ნუში იწარმოება და აქედან წამყვანია აშშ, შემდეგ მოდის ავსტრალია. ნუშის მსოფლიო წარმოების 80% მოდის კალიფორნიაზე, 100%-ით აკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნას და ყოველწლიურად, ხდება ექსპორტი მსოფლიოს გარშემო 90 ქვეყანაში, ექსპორტის 1/3-ი ევროკავშირის ქვეყნებზე ნაწილდება. ევროკავშირში რამდენიმე ქვეყანას აქვს ნუშის წარმოება და მათ შორის წამყვანია ესპანეთი, იტალია და საბერძნეთი. გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკაშირის ქვეყნებში ნუშის წარმოების ზრდა მოსალოდნელი არ არის, რაც უკავშირდება ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო მხარდაჭერის პროგრამების შემცირებასა და ტრადიციული წარმოების ადგილების ურბანიზაციას.
ტენდენციები ბაზარზე
Innova Market Insights-ის გამოთვლებით, 2013 წელს მსოფლიოში ნუშის შემცველი 6,761ახალი პროდუქტი დამზადდა, აქედან 640 გერმანიაში. მათ შორის: ნუშის რძე, კარაქი და ფქვილი. პროდუქტები, რომელზეც აღნიშნულია “ორგანული”, “ნატურალური”, “დანამატებისგან თავისუფალი”, “პროტეინი” ან “ნატრიუმის დაბალი შემცველობა” განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. იმის მიუხედავად, რომ მომხმარებელი ნუშს ისედაც ჯანსაღ საკვებად აღიქვამს, ბევრი მზადაა ორგანულ ნუშში პრემიუმ ფასი გადაიხადოს. გერმანიის ორგანული ბაზარი ყველაზე დიდია ევროკავშირში. ევროპაში ეთნიკური სანელებლებით შეზავებულ ნუშზე მოთხოვნის ზრდის ტენდენციაც შეიმჩნევა. პოპულარულია ეთნიკურ ჯგუფებს შორის, განსაკუთრებით, ინდოეთიდან, თურქეთიდან და ჩრდილო აფრიკიდან ჩასულ ხალხს მოსწონს.
სტანდარტები
ნუშის კულტურისთვის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებია კოდექს ალიმენტარიუსი (კვების პროდუქტების საერთაშორისო სტანდარტი)და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის სტანდარტები (UNECE). ნაჭუჭიანი ნუშისთვის UNECE სტანდარტი ძირითადად ეხება ტკბილ ნუშს. ნაჭუჭი უნდა იყოს:
■■ჯანმრთელი, ზედაპირული დაზიანება მისაღებია, თუ გული დაცულია.
■■ლაქებისა და საღებავებისგან თავისუფალი, ფერის ცვლილება არ უნდა აღენიშნებოდეს ნაჭუჭის ზედაპირის 25%-ს.
■■ტენიანობა არ უნდა აჭარბებდეს მთლიანი ნაყოფის 11%, ხოლო გულის 7%-ს.
ნუშის გულის შემთხვევაში UNECE სტანდარტები ასევე მხოლოდ ტკბილ ნუშს ეხება. გული უნდა იყოს:
■■საკმარისად გამომშრალი, რომ ხარისხი უზრუნველყოს.
■■დაუზიანებელი, ჯანმრთელი, საკმარისად განვითარებული.
■■არ უნდა იყოს დაჭიანებული, დაზიანებული, ობმოკიდებული და მძაღე, არ უნდა ჰქონდეს უცხო სუნი.
■■უნდა გაუძლოს ტრანსპორტირებას.
გობალური კლიმატური პირობებიდან გამომდინარე დეფიციტის დროს იმპორტიორებს ხშირად უწევთ მოძებნონ ახალი მიმწოდებლები, ასეთ დროს შესაძლოა დათანხმდნენ შედარებით განსხვავებული ფერის, ზომისა და გემოს ნუშის მიღებაზეც, თუმცა ევროპაში უვნებლობა და ხარისხი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია.
მარკირება და შეფუთვა
მარკირება უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის ბაზარზე არსებულ წესებსა და რეგულაციებს. არ უნდა შეიცავდეს ტოქსიკურ მელანს ან წებოს. მარკირებისას უნდა აღნიშნოს შემდეგი სახის ინფორმაცია:
■■პროდუქტის სახელწოდება
■■ინგრედიენტების სია
■■ვარგისიანობის ვადა
■■შენახვის და გამოყენების ინსტრუქციები
■■მწარმოებლის ან ევროკავშირში საცალო მოვაჭრისსახელი და მისამართი
■■წარმოშობის ადგილი
■■სერიის/პარტიის ნომერი
■■ორგანული პროდუქტების შემთხვევაში დამადასტურებელი საკონტროლო ნომერი
კაკლოვანი კულტურებიდან ნუში ერთ-ერთია, რომელსაც სჭირდება ევროკავშირის კანონმდებლობით ალერგენების შესახებ მარკირება. ინგრედიენტების სიაში აუცილებლად ხაზგასმული უნდა იყოს ალერგენების დასახელება.
შესაფუთი მასალა ისე უნდა იყოს წარმოებული, რომ არ წარმოადგენდეს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ასევე, უნდა იყოს ახალი, სუფთა და ხარისხიანი, რომ გამოირიცხოს პროდუქტის ნებისმიერი გარე ან შიდა დაზიანება.
დამაბინძურებლების კონტროლი
სასურსათო ჯაჭვში (მწარმოებლები, დამფასოებლები, დისტრიბუტორები) მოქმედი აქტორებისგან ევროკავშირი ითხოვს HACCP-ზე დამყარებული ჰიგიენის ნორმების დაცვას, ნუშის შემთხვევაში “გლობალ გეპის” სერტიფიკატი არის მთავარი დოკუმენტი, იმის დასამტკიცებლად, რომ წარმოების პროცესი ყველა ნორმის დაცვით განხორციელდა და საბოლოო პროდუქტი უვნებელი იქნება მომხმარებლისთვის. ჰიგიენის ზოგადი ნორმების დაცვასთან ერთად ევროკავშირი მოითხოვს მირკობიოლოგიური კრიტერიუმების კონტროლს.
დაწესებულია ზღვარი მიკრობიოლოგიური დამაბინძურებლებისა და პესტიციდების გამოყენებაზე. განსაკუთრებით სახიფათოა კაკლოვან კულტურაში აფლატოქსინების (ობის შხამი) შემცველობა. ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებულ კაკლოვან კულტურას უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის სერტიფიკატი იმის დასადასტურებლად, რომ პროდუქტმა გაიარა შერჩევის ეტაპი. 2008 წელს “კოდექს ალიმენტარიუსით” საკვებად მზა 1კგ ნუშში აფლატოქსინების (ობის შხამი) მაქსიმალური დონედ-10 მიკროგრამი განისაზღვრა, თუმცა დღეს ევროკავშირში დაწესებული ზღვარი ბევრად ნაკლებია და 4 მიკროგრამს შეადგენს 1 კგ-ში.
2013 წლის ბოლოს კალიფორნიაში გვალვამ, ესპანეთში ხანძარმა და ჩინეთში გაზრდილმა მოთხოვნამ ევროპაში ფასები ძალიან მაღლა აწია, ფასების ზრდის ტენდენეცია დღესაც შესამჩნევია, 1 კგ ნუში $12-$20 ღირს, ორგანული თითქმის 2-ჯერ ძვირია და 1 კგ-ის ფასი დაახლოებით $20-დან $30-მდე მერყეობს. მსოფლიო ბაზარზე მზარდი ფასებია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება საქართველოში ნუშის წარმოებით. გიორგი მჭედლიძე შემოდგომაზე ნუშის მწარმოებელთა ასოციაციის შექმნას გეგმავს, რომელიც ითანამშრომლებს კალიფორნიის ნუშის საბჭოსთან. მეწარმე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ურჩევს არაბული ქვეყნების ბაზარიც შეისწავლოს, ვინაიდან ამ ქვეყნებშიც დიდია ნუშის მოხმარება.
მაიკო გაბულდანი