მშრომელი ახალქალაქელები ყველაზე ხშირად სვამდნენ კითხვას: “почему?”
ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.
თავიდან იყო მცირე სკეპტიციზმი, თუმცა, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და მოვიშველიეთ ის წარმატების მაგალითები, რომელიც რეალურად არსებობს. ვუხსნიდით, რომ თუ ამ ადამიანებმა შეძლეს და თავიანთი პროდუქტი ევროპას გააცნეს, გემო დაამახსოვრეს, მათაც შეეძლოთ ამ გამოცდილების გაზიარება. ვესაუბრეთ იმაზე, თუ რა ვალდებულებები გვაკისრია ასოცირების შეთანხმებით; რომ აუცილებელია ბიზნეს ოპერატორად რეგისტრაცია, რომ რამდენიმე წელში გლეხს არ შეეძლება ბაზარზე გაიტანოს მის მიერ წარმოებული პროდუქტი, თუკი არ იქნება რეგისტრირებული ბიზნესოპერატორად. სწორედ აქ დაიწყო წინააღმდეგობის მეორე ტალღა და ამ მომენტიდან მშვიდი დისკუსია ცხარე დებატებში გადაიზარდა. ფერმერთა ერთი ნაწილი ამ ამბავს გულგრილად ვერ შეხვდა. მათი ერთ-ერთი არგუმენტით, ყველის ფასი იმდენად გაიზრდებოდა, რომ ხაჭაპურს უბრალოდ ბევრი ვეღარ შეიძენდა. ჩვენ ავუხსენით, რომ მაღალ სტანდარტებზე ასვლას, რა თქმა უნდა, თავისი ფასი აქვს და ეს პროცესი ვერ იქნება ადვილი; მეორეს მხრივ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორც მომხმარებლებმა და უნდა ვიცოდეთ თუ რამდენად უვნებელია ჩვენთვის და ჩვენი ოჯახებისთვის ის პროდუქტები,რომლითაც ვიკვებებით, ხარისხზე რომ არაფერი ვთქვათ. დისკუსია საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და მათი მხრიდან რამდენიმე მეთოდი იქნა შემოთავაზებული, თუ სად უნდა გაივლოს ზღვარი ფერმერს და გლეხს შორის. საბოლოოდ შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ვალდებულება იზრუნოს თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და ჩვენ თანდათან უნდა შევძლოთ ახალ სტანდარტებზე გადასვლა, რასაც თავის მხრივ აქვს სარგებელი: როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა, ისე მწარმოებლების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, რომლის შემდეგაც შეგვიძლია ვიფიქროთ მაღალი ხარისხის პროდუქტით ევროკავშირის ბაზრის ათვისებაზეც.
ახალქალაქი ალპურ ზონას ეკუთვნის, ამ ზონის თაფლი კი ძვირად ფასობს ევროკავშირის ბაზარზე. ფერმერებს ვესაუბრეთ თაფლის საექსპორტო პოტენციალზეც, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე დაშვებული საქართველოს მეორე ცხოველური პროდუქტია. ამ შესაძლებლობებზე საუბრისას ფერმერებმა დიდი ინტერესი გამოთქვეს და გაკვირვებულებიც კი დარჩნენ როდესაც შეიტყვეს, თუ რა წესები უნდა დაიცვან კეთილსაიმედო თაფლის წარმოებისას. ამ ინფორმაციით აღჭურვილებს, იმედი მაქვს, გაუჩნდებათ გარკვეული ინტერესი გამოიკვლიონ საექსპორტო ბაზრები. ვინაიდან, კოოპერაცია ამ რეგიონში წარმატებული ბიზნეს მოდელია, შეძლებენ ერთგვაროვანი, კეთილსაიმედო თაფლი მოაგროვონ და დიდი მოცულობებით გაიტანონ ექსპორტზე; მით უმეტეს, ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას აქვს კარგი კავშირები სხვადასხვა ქვეყნებში. ვიზალიბერალიზაციაც კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორია ბიზნეს კონტაქტების დასამყარებლად და საქმიანი შეხვედრებისთვის.
ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილობრივი საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლების პროფესიონალიზმი, რომლებიც ჩვენდა გასაკვირად ფლობდნენ საკმარის ინფორმაციას. ჩვენ შევავსეთ მათი ცოდნა. ისინი ძალიან კმაყოფილები დარჩნენ და ჩვენთან აქტიური თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს.
ბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ყველაზე მეტად დასამახსოვრებელ ფაქტს ამ შეხვედრიდან: თითქმის ყოველი წინადადების ბოლოს ისმოდა კითხვა “почему?” და გვიხაროდა, რომ მშრომელი ფერმერები მაქსიმალურად ითხოვდნენ ახალ ინფორმაციას. ასეთი ცხოველი ინტერესი და ინტერაქცია ნამდვილად მაგალითის მიმცემი უნდა იყოს სხვებისთვის.
ქეთი მელქაძე