გაიცანით მაგამედ სარიევი
გარდაბანში ოთხი ტრენერიდან არცერთი ნამყოფი არ ვიყავით, ამიტომ გაჭირვებით და კითხვა-კითხვით მივედით დანიშნულების ადგილას - გამგეობის შენობაში. ოც ადამიანს გადაეწყვიტა, რომ იმ დღეს ჩვენთვის მოესმინდა. გაფრთხილებული ვიყავით, რომ აუდიტორიას ინფორმაციის ქართულ ენაზე მოსმენა შეეძლო. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ოციდან ჩვიდმეტ ადამიანს სრულყოფილად მხოლოდ აზერბაიჯანული ენა ესმოდა. რა თქმა უნდა, დავიზაფრეთ, მაგრამ როგორც უკვე მიხვდებოდით ამ უხერხული სიტუაციიდან მაგამედმა გვიხსნა.
რადგან ამ ტრეინინგების ორგანიზებაში პირადად მონაწილეობას არ ვიღებ, ზუსტად არ ვიცოდი მაგამედ სარიევი იყო თუ არა მოწვეულთა შორის. დილით თბილისიდან გამოსვლამდე სოციალურ ქსელში (facebook) კი მივწერე, რომ თუ დროს გამონახავდა, იქნებ ჩვენს ტრეინინგს დასწრებოდა. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მოვიდოდა. ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორ გაგვეხარდა, როცა თითქმის ჩაშლილი ტრეინინგის აზერბაიჯანულ ენაზე უსასყიდლოდ თარგმნა თავდ მაგამედმა შემოგვთავზა.
ალბათ რთული იყო ამ ახალგაზრდა კაცისთვის არც ისე მარტივი ეკონომიკური ხასიათის ინფორმაციის აზრებაიჯანულად თარგმნა, თუმცა თავი არ დაუზოგავს, არც შეწუხება ეტყობოდა. პრეზენტაცია ბოლომდე ვერ დავასრულეთ, რადგან კონკრეტული მაგალითების განხილვაზე უფრო დიდხანს გავჩერდით. დისკუსიის ფორმატში გაილია ტრეინინგის ორი მესამედი დრო. რაც ძალიან გაგვიკვირდა ის იყო, რომ რუსეთის ბაზრის მიმართ ნოსტალგია არავის გამოუთქვამს, თუმცა ევროკავშირის ბაზრის მიმართ სკეპტიკური შეხედულებები ნამდვილად გაამჟღავნეს. ცხადია, არ დავნებდით, სტატისტიკა, ვაჭრობასთან დაკავშირებული რელური ციფრები, წარმატების მაგალითები და რა არ ვცადეთ მათი აზრის შესაცვლელად. ნაწილობრივ შედეგი მივიღეთ. სხვა ბაზრებთან შედარებით ევროკავშირის ბაზრის უპირატესობა ირწმუნეს, თუმცა მათთვის მაინც დამთრგუნველი იყო საექსპორტო „ეკლიანი გზა“. ირწმუნებოდნენ, რომ კარგი პროდუქტის მოყვანას შეძლებდნენ, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდათ იმ ეტაპებზე, რასაც თითოეული პროდუქტი ექსპორტირების დროს გადის.
ტრენინგიდან უკმაყოფილო არავინ წასულა, ყველაზე სკეპტიკოსებმაც კი ბოლოს ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია ჩაინიშნესა და სამომავლო თანამშრომლობაზე შეგვითანხმდნენ. კეთილგანწყობილებმა კი თავიანთი საწარმოო გეგმები გაგვაცნეს და მწუხარება გამოთქვეს ევროკავშირთან ვაჭრობის საკითხებზე არსებული ინფორმაციული ვაკუმის გამო. ასევე გულწრფელად გვითხრეს, რომ ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან („ქეა საერთაშორისო“, „მერსი კორპსი“, „ოქსფამი“, „ადამიანი გაჭირვებაში“) უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ.
გარდაბანი მიტოვებული ადგილის შთაბეჭდილებას ტოვებს, ადგილობრივებიც ამას ამბობენ. მე თუ მკითხავთ, გარდაბანი კარგი ადგილია, იმიტომ კი არა, რომ იქ თბოელეტქროსადგურია და ეს ობიექტი ნახევარი საქართველოს იმედია, არამედ იმიტომ, რომ იქ ღირსეული ხალხი ცხოვრობს, ვისაც გსურთ ამ ფაქტის გადამოწმება, გაიცანით მაგამედ სარიევი.
წლების წინ, როცა მაგამედმა ქართული ენის შესწავლას ხელი სერიოზულად მოკიდა, მეგობრებმა ურჩიეს, რომ რომელიმე საერთაშორისო ენა შეესწავლა და ქართულის შესათვისებლად დრო არ დაეკარგა. ძალიან გაგვიმართლა, რომ მაგამედმა მეგობრებს არ დაუჯერა. როგორც ამბობენ ხოლმე, მაგამედი „თავის სიტყვას იტყვის“ დღეს თუ ხვალ, ამჟამად კი ის გარდაბნის ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულია და ეს, ალბათ, არ იქნება მისი წარმატების პიკი.
იქ სადაც მაგამედი ცხოვრობს, გრძელი ქუჩებია, პერსპექტიული. ცენტრალურ აღმშენებლის ქუჩაზე საქორწინო კაბების უამრავი მაღაზიაა, ზოგიერთ სახლზე კი წითელი ბაფთებია მიმაგრებული - ნიშნობის, ბედნიერების, სიხარულისა და იმედის სიმბოლოდ.