რატომ დავცინით „თვითმიზნურ” მოდერნულ და თანამედროვე ხელოვნებას
გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.
მე-19 საუკუნის სამოციანი წლებიდან თითქმის მე-20 საუკუნის სამოცდაათიან წლებამდე, რაც მოდერნული ხელოვნების პერიოდად ითვლება, საკუთარი ძალიან საინტერესო ცნობიერების ნაკადის სხვადასხვა მედიუმით ასახვის გამო, ადამიანებს შეშლილად ან აშლილად მიიჩნევდნენ. ეს იყო ძალიან ცუდი დრო. ეს ცუდი დრო არ დამთავრებულა, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი საინტერესო თუ არასაინტერესო ცნობიერების ნაკადის სხვადასხვა მედიუმით ასახვის გამო ადამიანების შეშლილად ან აშლილად შეიძლება ძალიან იშვიათად, ან აღარ აცხადებენ, მაგრამ საკმაოდ ხშირად უზღუდავენ გამოხატვის თავისუფლებას დაცინვით ან მათი ნამუშევრების გაბიაბრუებით.
მანამ სანამ დავცინით ან სისულელედ თუ სიგიჟედ მივიჩნევთ, მაგალითად, ოთახის კუთხეში მიგდებულ ფანქარს, რომელსაც ავტორმა არმატურა დაადო გოგრის ნაჭერთან და კიტრის ნაფცქვენთან ერთად და ზედ პილპილი მოაყარა და დავცინით მუზეუმს, რომელმაც ადგილი დაუთმო ამ „სისულელეს”, სხვებს ვუზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას, ანუ თავისუფლებას მოახდინოს საკუთარი თავის გამოხატვა, ან ცნობიერების ნაკადის გადმოცემა, რაც არ უნდა სუბიექტური იყოს ეს ცნობიერების ნაკადი. „განაჩენს” ცნობიერების ნაკადის ესეთ უკიდურესად სუბიექტურ გამოხატვებს გამოუტანს მნახველი იმით, რომ სხვას არავის ურჩევს ნახოს, გალერეა იმით, რომ აღარ გამოგფენს, ბაზარი იმით, რომ ფულს აღარ მოგცემს. შენ თუ არც მნახველი ხარ (როგორც წესი, ეს დამცინველები არ არიან მოდერნული ან თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში მოსიარულე ხალხი) და არც გალერისტი, დაფიქრდი რა გინდა და რატომ დასცინი და უზღუდავ სხვა ადამიანს გამოხატვის თავისუფლებას?!
არაერთხელ დავრწმუნებულვარ იმაში, რომ რეპროდუქციები ძალიან ხშირად საერთოდ ვერ გადმოსცემს ნამუშევრის აზრს ან მშვენიერებას, ან თუ გადმოსცემს შენამდე ვერ მოდის ეს სათქმელი, ვიდრე საკუთარი თვალით არ ნახავ. ამიტომ თქვენ ვინც დასცინით ამ ხელოვნებას იარეთ მოდერნული და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში და საკუთარი თვალით ნახეთ ყველაფერი. იქნებ აზრი შეიცვალოთ.
გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იქნება ასევე ხელი შეუშალო ამგვარ დაცინვას. თუმცა ვინც მოდერნული და თანამედროვე ხელოვნების ერთი შეხედვით თვითმიზნურ გამოვლინებებს დასცინის ან სისულელეს უძახის, უნდა იცოდეს, რომ ამით სხვას უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.
PS1-ში, რომელსაც მუდმივი ექსპოზიცია არ აქვს და მთლიანად დროებით გამოფენებზეა ორიენტირებული, ერთ-ერთი ინსტალაცია იყო მარკ ლაკის სამსუნგის მაცივარი, რომელიც რობოტული ხმით ლაპარაკობდა, სამსუნგის ტელევიზორი, რომელიც ამ მაცივრის მექანიკურ ნაწლავებში ფრეონის მოძრაობას აკვირდებოდა და 2 ტაბლეტი და ტაბლო, რომელზეც მაცივრის რობოტული მეტყველების გამო, ეს სიტყვები იწერებოდა. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება სამსუნგის მაცივარი ალაპარაკოს თუ ფიქრობს, რომ მხატვრული ჩანაფიქრის გამოხატვის მიზნებისთვის მაცივარმა უნდა ილაპარაკოს, რაც ამ შემთხვევაში ალბათ იყო უშინაარსო ხმაურზე ადამიანის დაფიქრება.
თუ მინდა ჩემი დრო და ფული ამ ინსტალაციის გაკეთებაზე დავხარჯო და გავწიო რისკი (ხომ შეიძლება არავინ გამომიფინოს), შენ რას მერჩი რატომ დამცინი ან მიზღუდავ გამოხატვის თავისუფლებას?! თუ მე ჩემი იმდენად სუბიექტური ცნობიერების ნაკადის გადმოცემას ვცდილობ, რაც არც შენს და არც სხვების ემოციურ და ინტელექტუალურ გამოცდილებას არ ეხმიანება და, შესაბამისად, არაფერს გეუბნება, ეს ჩემი პრობლემაა: მე დავხარჯე ჩემი დრო იმაზე, რამაც არავის ინტერესი გამოიწვია და ვერც სარგებელი ვნახე. იის ან ხმელი წიფელის გასულიერება თუ შეიძლება, რაზეც ვგიჟდები, ისე მომწონს, რატომ არ შეიძლება სამსუნგის მაცივრის თუ ჩემი სათქმელის გადმოცემაში მეხმარება?! სათქმელი, ცხადია, მთლიანად განსხვავებულია, მაგრამ სათქმელია: ვაჟას ანთროპომორფიზმი გულს სინაზით გივსებს და უფრო ჰუმანურს გხდის, სამსუნგის მაცივრის რობოტული ხმით ლაპარაკმა, რაც ასევე ერთგვარი გასულიერებაა, შეიძლება დაგაფიქროს უშინაარსო ხმაურზე, რასაც ფოკლნერმა მთელი რომანი მიუძღვნა, ლაკიმ -- ინსტალაცია. ეს ჩემი ინტერპრეტაციაა, რასაც ავტორი შეიძლება/ალბათ სულაც არ ეთანხმება.
უნდა შევიზღუდო მაშინ თუ ოთახის კუთხეში მიგდებულ ფანქართან, არმატურასთან, პილპილთან, გოგრის ნაჭერთან, კიტრის ნაფცქვენთან ერთად, მაგალითად, საკუთარი ან სხვისთვის მოჭრილი თითის ფერფლს მოვაპნევ, რადგან ამგვარი „არტისტული გადაწყვეტა”, ცხადია, სრულიად მიუღებელია.
მოდერნული და თანამედროვე ხელოვნების ეს დაცინვა (ჩემი დაკვირვებით, მგონი თანამედროვეს უფრო მეტად დასცინიან, ვიდრე მოდერნულს) ან სისულელედ გამოცხადება მაგონებს საბჭოთა იმპერიის ორგანოებს, რომლებიც იყვნენ ღირებულების განმსაზღვრელები და გემოვნების კანონმდებლები და წყვეტდნენ რა გამოეფინათ/გამოექვენებინათ და რა არა.
ნორმალურმა ადამიანებმა შექმნეს თავისუფალი ბაზარი, სადაც რესურსს თავად ხარჯავ შენი ხელოვნების ნამუშევრის შექმნაზე, ან სხვა ხარჯავს, ვინც ხედავს შენს მომავალ ნამუშევარში ინვესტირების აზრს (სახელმწიფო თუ მხატვრად გაღიარებს ხელფასს კი არ გინიშნავს, როგორც თავიდან ბოლომდე უკუღმართ საბჭოთა იმპერიაში), ფულს თავად იხდი საკუთარი წიგნის გამოცემაში ან ის გიხდის, ვინც ამ შენს წიგნში ხედავს ინვესტირების აზრს ან უბრალოდ მოწონს. თუ ინვესტირებას ახდენ/ახდენს სხვა ან შენ ან ის სხვა ეწევა რისკს (არა სახელმწიფო გადასახადის გადამხდელების ფულით). თუ გაიყიდება/მიიზიდავს მაყურებელს, ამოიღებ/ამოიღებს დანახარჯებს და მიიღებ/მიიღებს მოგებას, თუ არა და განიცდი/განიცდის ზარალს. ხელოვნებაშიც დაახლოებით იგივე ხდება, რაც წიგნის გამოცემის შემთხვევაში: თუ ექნება შენს ნამუშევარს ნიშნადობა რაღაც კრიტიკული ადამიანების რაოდენობისთვის (ანუ თუ მათ ემოციურ და ინტელექტუალურ გამოცდილებას ეხმიანება) მიიზიდავ მნახველს, ან გაიყიდება, თუ არა და არა.
აი თუ ვერავის მიიზიდავ, ან ვერ გაყიდი, შეიძლება დაფიქრდე ამ შენი სათქმელის ან ცნობიერების ნაკადის ობიექტივიზებაზე, მაგრამ ეს არავის დაცინვის ან შენი ნამუშევრის სისულელედ მიჩნევის ზეწოლის ქვეშ არ უნდა გააკეთო. ეს არის და ეს. თუ არ გამოვიყენებთ ჩვენს უფლებას დავცინოთ ჩვენი აზრით თვითმიზნურ მოდერნულ და თანამედროვე ხელოვნებას, ის ცუდი დრო, როცა ადამიანს უზღუდავდნენ გამოხატვის თავისუფლებას, თავისით დამთავრდება და სამყაროც ცოტათი უკეთესი გახდება.