უფასო დენი აფხაზეთისთვის
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.
იმის გათვალისწინებით, რომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოში მთლიანად წარმოებული ელექტროენერგიის 40%-ს შეადგენს (ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით), საქართველოსთვის განსაკუთრებით პიკურ პერიოდში (ზამთარი, გაზაფხული) მისი სრული და უსასყიდლოდ გადაცემა აფხაზეთისთვის რბილად რომ ვთქვათ გაუგებარი ნაბიჯს წარმოადგენს. ენგურჰესი რომ პოლიტიკური თვალსაზრისით რთულ ენერგოობიექტს წარმოადგენს, საიდუმლო არ არის, რადგანაც მისი სამანქანო და სამართავი ნაწილი აფხაზეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, ხოლო უშუალოდ წყალსაცავი - საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ამავე დროს საკმაოდ გაუგებარია ე.წ. მემორანდუმის სტატუსი, რომელიც 2008 წელს დეკემბერში დაიდო "ინტერ რაოს" თავმჯდომარის ევგენი დოდსა და მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს შორის. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, ხსენებული მემორანდუმი ძალადაკარგულია და გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილების მექანიზმი ამ ეტაპზე არ არსებობს. მისივე განცხადებით, აფხაზეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა უტოლდება თბილისის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობას, რაც ნონსენსია (თბილისში 10-ჯერ მეტი მოსახლეობის და გაცილებით მეტი რაოდენობის სამრეწველო ობიექტების გამო) და სამართლიანად ბადებს ეჭვებს უნებართვოდ წაღებული ელექტროენერგიის კორუფციული მიზნებისთის გამოყენების შესახებ. ამასთან ერთად აფხაზური მხარის მიერ მითვისებული ელექტროენერგიის საერთო მოხმარებიდან ამოღების გამო, საქართველოს უხდება შექმნილი დანაკლისის შევსება იგივე რუსული ელექტროენერგიის იმპორტით, რომელიც 2015 წელს 511 მლნ.კვტ. შეადგინა. ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართულ შეხვედრაზე მარიამ ვალიშვილის განცხადებით ენგურჰესის შენახვა წლიურად საქართველოს 100 მლნ. აშშ დოლარი უჯდება, და შესაბამისად, თებერვლის ბოლოდან ქართული მხარე აღარ აპირებს აფხაზეთისთვის რუსეთიდან დამატებით მიწოდებული ელექტროენერგიის ანაზღაურებას, რაც აფხაზეთს პირდაპირი გაგებით ენერგოკრიზისის წინაშე დააყენებს.
რა დასკვნების გამოტანა შეიძლება არსებული ინფორმაციიდან? პირველ რიგში გაუგებარია რის საფუძველზე აძლევდა ქართული მხარე აფხაზურს ენგურჰესის გამომუშავებული ენერგიის პიკურ პერიოდებში 100%-ის მითვისების უფლებას, თუ 2008 წლის მემორანდუმის მიხედვით პროპორციები 40/60-ზე იყო დადგენილი? ასევე გაუგებარია რითი ხსნის აფხაზური მხარე იმ რაოდენობით ელექტროენერგიის მითვისების პრაქტიკას, როცა ობიექტურად მისი მოხმარების მოცულობა ახლოსაც კი ვერ მოვა თბილისის მოხმარების მოცულობასთან. თუ ობიექტურად აფხაზური მხარის მოქმედების არანაირი გამამართლებელი მიზეზი არ არსებობს, მით უფრო გაუგებარია ქართული მხარის აქამდე არსებული ჩუმი თანხმობა არსებული პრაქტიკის განხორციელებაზე. და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ მისასალმებელია ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილება შეწყვიტოს აფხაზური მხარის "ენერგოწყურვილის" დაკმაყოფილება რუსული იმპორტით, სასურველია მომავალში ენერგეტიკის სამინისტრო წინმსწრებად ახდენდეს საზოგადოების სრულ ინფორმირებას არსებულ და მსგავს საკითხზე, ისევე როგორც ამ მიმართულებით სამომალოდ დაგეგმილ კონკრეტულ ნაბიჯებზე.