საქართველოში მოქმედ საგადასახადო კოდექსში მარქსისტების ხელწერაა
(პოსტის შინაარსი სრული მოცულობით წარმოადგენს ავტორის პირად მოსაზრებებს)
––––––––––––––––––
„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მომავალშიც, ისე როგორც წარსულშიც და აწმყოშიც, ადამიანები კაპიტალზე ვართ დამოკიდებული? პასუხი ერთმნიშვნელოვანია – დიახ, ნიშნავს.
მაგრამ, რა მიიღო საზოგადოებამ აქამდე იმით, რომ ადამიანებს წვდომა გვაქვს ფინანსურ რესურსებზე?
მიიღო მდგრადი ეკონომიკური ზრდა, რომლის გარეშეც განვითარება შეუძლებელია – ე.ი. საბოლოოდ სწორედ მაღალი კაპიტალინტენსიურობა და ეკონომიკური ზრდა წარმოადგენს განვითარების აუცილებელ ინდიკატორს ნებისმიერ განვითარებად ეკონომიკაში.
იმავდროულად მაღალი კაპიტალინტენსიურობა არის ახალი ცოდნისა და უნარ–ჩვევების, მეცნიერებისა და განათლების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, ჯანსაღი ცხოვრებით, სოციალური დაცვის მაღალი სტანდარტებით და კულტურული ფასეულობებით, უასფრთხო გეოპოლიტიკით და საზოგადოებრივი წესრიგით უზრუნველყოფის საკმარისი წინაპირობა.
შეიძლება თუ არა, რომ სახელმწიფო იყოს ის ინსტიტუციონალური მექანიზმი, რომელიც მოქალაქეებისათვის კაპიტალს ადამიანების სამსახურში მოაქცევდა?
დიახ, – რატომაც არა, ოღონდ არა გადანაწილების გზით, არამედ შექმნის ხელშეწყობით. ვერ გადანაწილდება ის ეროვნული შემოსავალი, რომელიც ჯერ შექმნილი არ არის, ან ჰიპოთეტურად რომ შეიქმნება.
ე.ი. გააჩნია, როგორი სახელმწიფო მოდელის განვითარებას გადაწყვეტს საზოგადოება.
„რა არის საერთოდ მოგება და რატომ ცდილობს სახელმწიფო მის განმარტებას საგადასახადო კოდექსში?“ – შესაბამისად, ჩემი აზრით, სახელმწიფო, რომელიც მოგების პატრულირებას უწევს კერძო სექტორს, ძალიან უძლურად გამოიყურება აღნიშნული მიზნის მიღწევაში.
საგადასახადო დავების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა, და არა მხოლოდ საქართველოში, დაიყვანება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის საქმის გარჩევამდე, რომ თურმე „ბუღალტერმა არასწორად დათვალა მოგება“, „დივიდენდები არასწორად არის დათვლილი“ და ა.შ.
ნებისმიერი განვითარებადი ეკონომიკა, რომელშიც სახელმწიფო მოგებას უთვლის კერძო სექტორს, განწირულია უშედეგო ექსპერიმენტებისათვის, წვრილმანი კორუფციისთვის და ა.შ.
სწორედ მოუქნელი, ტლანქი სახელმწიფო და არა „კაპიტალისტების უსასრულო მადა“ უშლის ხელს იმას, რომ კაპიტალი მოექცეს ადამიანების სამსახურში და ხელს უწყობს იმას, რომ საზოგადოებამ კაპიტალისთვის გაიმეტოს „მტაცებლის“ იარლიყი.
სწორედ სიზანტე და არადინამიურობა აქცევს სახელმწიფოს შენიღბულ და უკონტროლო მფლანგველად, ხოლო როცა კერძო სექტორს მოგებას უთვლის, ეს ნიშნავს რომ კაპიტალიზმზე მონადირე სახელმწიფო უკვე გარდაიქმნა "საზოგადოებაზე მზრუნველ", მაგრამ მხოლოდ "კეთილმოსურნე," რეალურად კი "ჯიბეგამოფხეკილ" ხაზინადარად.
(ნეო-) კონსერვატიზმი სახელმწიფო ფინანსების მართვაში ნიშნავს, რომ სახელმწიფო არის მცირე, მაგრამ მოქნილი. ე.ი.
(1) სახელმწიფო პროპორციულად თანაბრად ბეგრავს ყველა ინდივიდის მხოლოდ შემოსავალს, მაგრამ აღარ უთვლის მოგებას იმ ინდუსტრიებს, რომელშიც იქმნება ეს შემოსავალი.
(2) სახელმწიფო, სოციალური თანასწორობის ლოზუნგით, ვალებში არ ეფლობა და ამით უფრო მეტ უსამართლობას არ იწვევს თაობებს შორის, რადგან სოციალური ხარჯებისთვის აღებული ვალები არ იქნება უკუგებადი, მაგრამ იქნება წაგებადი და მომავალი თაობების გადასახდელი. არავის გაუგია ჯერ, რომ რომელიმე ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი სახელმწიფო ობლიგაციებით განვითარებულიყოს.
ვთხოვთ (ვურჩევთ, მოვუწოდებთ) სახელმწიფოს, საერთოდ გაუქმდეს „მოგების გადასახადის თავი“ საგადასახადო კოდექსში და შექმნას წინაპირობები 2019 წლიდან ყოვლისმომცველი საშემოსავლო დაბეგვრის (Comprehensive Income Taxation) ისეთ მოდელზე გადასვლისთვის, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი სახის, მათ შორის პროგრესული ტარიფის წესით, დანაწევრებას პირდაპირ დაბეგვრაში.
ავტორი: არჩილ იაკობაშვილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი